გალინარი და ჩენდლერი მილანში

AutoSharing Option
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი პესიმისტურად არის განწყობილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სეზონის მიმართ. მას არ სჯერა, რომ ლოკაუტი დროულად დასრულდება და კალათბურთელებს მოედანზე დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

"ოპტიმიზმის საბაბი არ არსებობს. დღევანდელი მდგომარეობით ორივე მხარე საკმაოდ შორს არის კომპრომისიდან", - ამბობს ოლდრიჯი. მანვე ისიც დაამატა, რომ უკვე შეეგუა 2011-12 წლების სეზონის ჩაშლას.

* * *
"დენვერ ნაგეტსის" ორი კალათბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. იტალიური პრესის ინფორმაციით, კლუბის იტალიელი ლეგიონერი, 23 წლის ფორვარდი დანილო გალინარი მოკლევადიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მილანთან". მოთამაშის
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ლოკაუტის დასრულების შემდეგ NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა.

გალინარის რეგულარულ სეზონში 171 მატჩი ჩაუტარებია "ნიუ იორკისა" და "დენვერის" შემადგენლობაში და საშუალო მონაგარი 13.8 ქულასა და 4.4 მოხსნას უდრის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "მილანი" მოელაპარაკა "დენვერის" ფორვარდს უილსონ ჩენდლერს და უკვე გადაწყვეტილია ამ კალათბურთელის იტალიურ კლუბში თამაში. კონტრაქტი ევროლიგის პირველი ეტაპის ბოლომდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც მხარეები განიხილავენ ლოკაუტთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

24 წლის კალათბურთელი, რომელიც შარშან საშუალოდ 12.5 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა, ხელფასის სახით 500 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული