არტესტი აღარ დაუძახოთ

AutoSharing Option
28 აგვისტოდან "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემტევ მცველს რონ არტესტს სხვა სახელით უნდა მივმართოთ - ამიერიდან მას მატა უორლდ პისი ჰქვია, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება: "მატა მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში".

"ჩემი ძველი სახელისგან არაფერი დარჩა, - განაცხადა კალათბურთელმა. - ყველაფერი სიყვარულისთვის და მსოფლიოსთვის დედამიწაზე. ვფიქრობ, ჩემი ინიციატივა ნებისმიერი ადამიანის სულში ჰპოვებს ასახვას, სულერთია, საზოგადოების რა ფენას განეკუთვნება ის ან რა ეროვნების გახლავთ. ყველაფერი მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში. ეს ბავშვებმაც უნდა გააცნობიერონ".

გარდა ამისა, არტესტმა სათამაშო ნომერიც შეიცვალა - 15-ის ნაცვლად 70-ე ნომრით ითამაშებს.
კალათბურთელის აზრით, ამ რიცხვს რაღაც კავშირი აქვს სამყაროსთან.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილ მოთამაშეს ჯავარის კრიტერტონს პოლიცია ეძებს. მოთამაშე ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი ქალაქ ატლანტაში აგვისტოს შუაში მოხდა.

პოლიცია იტყობინება, რომ მიღებული აქვს კრიტერტონის დაპატიმრების ორდერი 19 აგვისტოს 22 წლის ქალბატონის მკვლელობასთან დაკავშირებით. ყოფილი კალათბურთელი ამჟამად ძებნაში იმყოფება, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ჯავარისი სადღაც ლოს ანჯელესთან ახლოს იმალება. კრიტერტონის ძებნაში გამოძიების ფედერალური ბიუროც არის ჩარეული.

ოთხი შვილის დედა ქუჩაში მოძრავი მანქანიდან მოკლეს. პოლიციას მიაჩნია, რომ ქალი სამიზნე არ ყოფილა, დანაშაული კი უკავშირდება კრიტერტონის შურისძიებას, რომელიც ამა წლის აპრილში თავდასხმისა და ძარცვის მსხვერპლი გახდა.

ეს კალათბურთელი დაგვამახსოვრდა NBA-ის ვარსკვლავთან გილბერტ არენასთან კონფლიქტით. მაშინ ისინი "ვაშინგტონში" თამაშობდნენ და გასული წლის იანვარში ჩხუბის გამო გასახდელში იარაღი მიიტანეს. კონფლიქტი თვითმფრინავში ბანქოს თამაშის დროს წარმოიშვა. გამოძიების შემდეგ NBA-მ კრიტერტონი 38-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და კლუბმა აღარ მოისურვა მასთან კონტრაქტის გაგრძელება.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები ლოკაუტის პერიოდში ფორმის შენარჩუნებას ცდილობენ. "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გამოაცხადა, რომ კომპანიას გაუწევს კევინ დურანტს, კრის პოლსა და კარმელო ენტონის და მონაწილეობას მიიღებს ბალტიმორში დანიშნულ საჩვენებელ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართება.

ცნობილია, რომ ჯეიმსი, პოლი და ენტონი ერთ გუნდში იქნებიან. ბილეთებისგან შემოსული მოგება ქველმოქმედებას მოხმარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული