ამ ახალი შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლიგა და პროფკავშირი გაცილებით გონივრულად ამოქმედდა: აღარ ვრცელდება ინფორმაციები "საიმედო წყაროებიდან" და რჩეულთა გარდა, ფაქტობრივად არავინ იცის, მომავალი კოლექტიური ხელშეკრულების რა პუნქტები განიხილება და საერთოდ, რა ხდება ხუთსაათიანი შეხვედრების დროს.
ასეთი გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, NBA-ის ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ოპტიმისტურად განეწყვნენ 7 და 8 სექტემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ. დერეკ ფიშერი, დევიდ სტერნი და ბილი ჰანტერი მრავალმნიშვნელოვანი
თუმცა ისიც სასიამოვნოა, რომ ლიგის ხელმძღვანელებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების გამონათქვამებში აღარ ურევია ნეგატიური დასკვნები და პროგნოზები. სულ უფრო ხშირად სტერნისა და ჰანტერის სიტყვებში გადაკრული მინიშნებაა იმაზე, რომ პროცესი მიმდინარეობს, თანაც, ძალიან აქტიურად.
სავსებით შესაძლებელია, რომ მხარეებმა პრესისთვის თვალის ასახვევად ისე კარგად მოილაპარაკეს ერთმანეთში, რომ ჟურნალისტები დაიბნენ და დადებით დასკვნებსა და პროგნოზებს ავრცელებენ სეზონის სრული სახით ჩატარებასთან დაკავშირებით.
საინტერესო ისტორია მოხდა ფიშერის მოადგილის როჯერ მეისონის "ტვიტერთან" დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა შვიდი სექტემბერის შეხვედრის შემდეგ თითქოს დაწერა, რომ "სეზონი, როგორც ჩანს, გაიმართება". როგორც კი ჟურნალისტები გააქტიურდნენ, მეისონმა განაცხადა, რომ მისი გვერდი ჰაკერებმა "გატეხეს", მაგრამ "ნიქსის" მცველის სიტყვების ბევრს არ სჯერა. მით უმეტეს, რომ ასევე "ნიუ იორკის" კალათბურთელმა ამარე სტაუდმაიერმა დაიწყო ოპტიმისტური ინტერვიუების დარიგება.
* * *
ანალიტიკური სტატიებიდან ყურადღება უნდა მიექცეს ერთ ჟურნალისტს, რომელიც ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ ლოკაუტი არ შედგებოდა. მაშინ ის შეცდა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში კრის შერიდანმა მეტად ოპტიმისტური სტატია დაბეჭდა იმის შესახებ, რომ სინამდვილეში, მოთამაშეებისა და კლუბების მფლობელთა პოზიციებს შორის პრინციპულად დიდი განსხვავება არ არის.
პირველ რიგში, შერიდანი მიუთითებს იმაზე, რომ მთელი აგვისტოს განმავლობაში ჰანტერი მთელს ქვეყანაში მოგზაურობდა და საუბარს აწარმოებდა მოთამაშეებსა და აგენტებთან. ის პრესას უყვებოდა იმის შესახებ, რომ კალათბურთელები მომავალი ათი წლის განმავლობაში (სწორედ ასეთ ვადას სთავაზობენ მფლობელები) კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით რვა მილიარდ დოლარს დაკარგავენ.
მაგრამ თუ პროფკავშირის წინადადებას გადავხედავთ, მათ მიერ შეთავაზებული ექვსწლიანი ხელშეკრულება ყოველწლიურად საშუალოდ 500-მილიონიან წაგებას ითვალისწინებს, გამოდის, რომ კალათბურთელების დანაკარგის საერთო ოდენობა დაახლოებით 3 მილიარდი იქნება.
რა თქმა უნდა, ხუთ მილიარდში განსხვავება - გლობალური ციფრია, მაგრამ თუ ჩავუღრამვდებით, ასეთ სურათს მივიღებთ: მფლობელები ითხოვენ, რომ მოთამაშეების შემოსავალი იყოს ფიქსირებული - 2 მილიარდი, კალათბურთელები კი სთავაზობენ ამ მოგების თანდათან გაზრდას - დაწყებული 2.17 მილიარდიდან (2010-11 წლების სეზონის საბოლოო შედეგი) 2.42 მილიარდამდე მომდევნო სამი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში.
გამოდის, რომ თუ მფლობელები მზად არიან მოთამაშეებისთვის 2 მილიარდი გაიმეტონ, მხარეების მოთხოვნებს შორის სხვაობა მხოლოდ 170 მილიონია. ეს თანხა ნამდვილად არ ღირს იმად, რომ სეზონი გაუქმდეს.
* * *
კიდევ ერთი საკამათო საკითხია სახელფასო ბიუჯეტის მკაცრი ლიმიტი. კლუბების მფლობელებს სურთ, რომ სამი სეზონის განმავლობაში ძველი ლიმიტი შენარჩუნდეს, ოღონდ ის არავინ არ უნდა დაარღვიოს.
ასეთ შემთხვევაში კი ვეღარ ვნახავთ ლებრონი ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის ტრიოს. კრის შერიდანი დარწმუნებულია, რომ ასოციაცია აცნობიერებს იმ შემოსავლის ოდენობას, რომელიც გასულ სეზონში მიიღო თავისუფალი აგენტების "გიჟური" ტრანსფერების წყალობით, ამიტომაც NBA მაინც და მაინც დაინტერესებული არ უნდა იყოს თავისუფალი აგენტების ასეთი თავბრუდამხვევი ბაზრის გაქრობით.
თუ სტერნი და მისი "მიმდევრები" სახელფასო ლიმიტის კიდევ სამი წლით დაწესებაზე მოილაპარაკებენ, მაშინ გუნდები შეძლებენ ლიგის შემოსავლებისთვის უმტკივნეულოდ საკუთარი კაპიტალის დაბანდებისა და სატრანსფერო პოლიტიკის კორექტირებას. შერიდანი დარწმუნებულია, რომ ამ ვადებში მფლობელებმა შეიძლება მოთამაშეებს საჩუქარი გაუკეთონ და დათმობაზე წავიდნენ.
ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ასეთი ვარაუდებით წაგებაში მხოლოდ მფლობელები რჩებიან, მოთამაშეები კი მშვიდად დაელოდებიან, როდის დანებდება მოპირდაპირე მხარე, მაგრამ ასეთი დასკვნა ურთიერთდათმომებსა და კომპრომისის ძიებას ვარაუდობს.
სინამდვილეში, პრობლემა არა უახლოეს წლებში, არამედ გლობალურ მიდგომასა და მფლობელთა სურვილშია, რომლებსაც სურთ დაარღვიონ მოგების განაწილების აქამდე არსებული სისტემა. სავსებით შესაძლებელია, რომ სტერნსა და კომპანიას თავად ვერ წარმოუდგენია, რა იქნება ექვსი წლის შემდეგ, ამიტომაც, თუ ხელშეკრულებას უახლოეს ხანში გააფორმებენ, ვადას ჰანტერისა და ფიშერის წინადადებიდან აიღებენ (ექვსი წელი).
* * *
შვიდი სექტემბერის შეხვედრის შემდეგ სტერნმა მიუთითა იმაზე, რომ მხარეებს სამი კვირა დარჩათ სეზონის სრული სახით შენარჩუნებისთვის. შემდეგ უკვე გადამჭრელი ზომების მიღება და რეგულარული ჩემპიონატის შეკვეცა იქნება საჭირო.
სხვათა შორის ესეც დადებით ფაქტორად უნდა შევაფასოთ - მხარეები გრძნობენ დედლაინის მოახლოებას და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, სეზონი დათქმულ ვადაში დაიწყოს, რადგან რეგულარულის შეკვეცის შემთხვევაში, ორივე მხარე შეიძლება ისევ კონფრონტაციაზე წავიდეს. ახლა კი არსებობს ჩემპიონატის შენარჩუნების შანსი.
შერიდანი ასევე ვარაუდობს, რომ სადღაც პირველი ოქტომბრისთვის მხარეები გამონახავენ კომპრომისს მოგების განაწილების საკითხში, შემდეგი ერთი კვირა კი დანარჩენი არაპრინციპული საკითხების მოგვარებას დასჭირდება. საწვრთნელი ბანაკები 20 ოქტომბერს გაიხსნება და ასეთ შემთხვევაში, საკმარისი დრო იქნება იმისთვის, რომ პირველ ნოემბერს ჩემპიონატი გაიხსნას.
კარგია თუ გამოცდილი ჟურნალისტის ვარაუდი გამართლდება, მით უმეტეს, რომ ის ეფუძნება არა მხოლოდ მის დასკვნებს, არამედ ბევრ ექსპერტთან და საკუთარ წყაროსთან მუდმივ კავშირს. რაც მთავარია, ბილი ჰანტერისა და დერეკ ფიშერის ბოლოდროინდელი განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
დღეს, იქნებ, გადამწყვეტი გაფართოებული შეხვედრა გაიმართოს და მისი დასრულების შემდეგ 40 მოთამაშე, რომელიც მოლაპარაკებაზე დასწრებას აპირებს, კომენტარისგან თავს ვეღარ შეიკავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"