ბოლო მოლაპარაკებების შესახებ კომენტარები საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ გუშინ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი, რამაც, შესაძლოა, ოდნავ წინ წაწიოს მოლაპარაკებათა პროცესი.
ირკვევა, რომ NBA-ის კლუბების მფლობელებმა პროფკავშირს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს. ლაპარაკია ლიგის საერთო მოგებიდან მოთამაშეების წილის გაზრდაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად 50 პროცენტზე ნაკლებია, - წერს CBS
შეგახსენებთ, რომ წინა კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადა 2011 წლის ზაფხულში ამოიწურა, მოთამაშეები ასოციაციის საერთო მოგების 57 პროცენტს ისაკუთრებდნენ. დღევანდელი მოლაპარაკებებისას პროფკავშირი დათმობაზე წავიდა და ამ მაჩვენებლის 54 პროცენტამდე შემცირებას დათანხმდა.
ამასობაში ირკვევა, რომ ქალაქ მაიამში მოლაპარაკებათა პროცესის განახლებამდე დაიგეგმა NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის წევრების შეხვედრა. 4 ოქტომბერს კალათბურთელებმა საკუთარი პოზიციები უნდა შეათანხმონ და მომავალი სტრატეგია დასახონ.
მოთამაშეთა ამგვარი შეხვედრა გასულ კვირას ლას ვეგასში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ მხოლოდ 40 მოთამაშე შეიკრიბა, რაც პროფკავშირის წევრთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"