ბრუკლინური ოცნება

AutoSharing Option
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, რუსი მილიარდერის მიხაილ პროხოროვის მფლობელობაში მყოფი კლუბი - "ნიუ ჯერსი ნეტსი" სახელს შეიცვლის - მომავალი წლის სექტემბრიდან მას "ბრუკლინ ნეტსი" ერქმევა. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ნიუ იორკის ამ რაიონში ახალი სპორტული არენა გაიხსნება.

ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა "ნეტსის" აქციათა მფლობელმა, ცნობილმა რეპერმა ჯეი-ზიმ, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში იზრუნებს კლუბისა და მისი ახალი სახელწოდების იმიჯის ამაღლებაზე. ახალი დარბაზის ("ბარკლაის არენა") გახსნა 2012 წლის 28 სექტემბერისთვის არის დაგეგმილი. პირველები იქ სწორედ საკალათბურთო გუნდები გამოვლენ, თავად
რეპერს კი რვა კონცერტისგან შემდგარი სერია აქვს დაგეგმილი. შოუში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ჯეი-ზის ცოლმა, ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ.

"ამ მომენტიდან "ბარკლაის არენა" რეალობად იქცა. ვიცოდი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ბრუკლინისთვის, - ამბობს ჯეი-ზი "ნიუ ჯერსი ნეტსის" ოფიციალურ ვებგვერდზე. - ეს ის ადგილია, სადაც მე გავიზარდე. ყოველთვის ბრუკლინში ვიქნები და ამ არენის გახსნა ჩემთვის ყველაზე მეტს ნიშნავს. მოუთმენლად ველი "ბრუკლინ ნეტსის" მატჩებს. ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, რომელიც მხოლოდ ბრუკლინს შეეფერება და ამ რაიონისთვის არის დამახასიათებელი".

"ჯეი-ზი მსოფლიოს კერპია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, იმ ბრუკლინის ხატი გახლავთ, - აღნიშნა "ნიუ ჯერსის" ყოფილმა მფლობელმა, ბრუკლინში დეველოპერული პროექტებით დაკავებულმა ბრიუს რატნერმა. - ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჯეი ჩემი კარგი პარტნიორი და მეგობარი გახდა. შემდეგი წელი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან გაიხსნება "ბარკლაის არენა" და ჩვენი ოცნება რეალობად იქცევა". უნდა აღინიშნოს, რომ პრესკონფერენციას ესწრებოდა იმ სკოლის 25 სტუდენტი, რომელშიც რეპერი სწავლობდა და რომელიც ახალი არენიდან კილომეტრნახევარში მდებარეობს.

როგორც ამერიკულ პრესაში წერენ, ახალი დარბაზი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს რატნერის ახალ პროექტში, რომელსაც "ატლანტიკ იარდსი" ჰქვია. სხვათა შორის მას ამერიკაში ეჭვის თვალით უყურებენ. მაგალითად, ეს პროექტი აერთიანებს 16 ელიტურ სახლსა და სხვა მაღალსართულიან შენობებს, რითაც ბრუკლინის მსხვილი ბიზნესის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. თავად სპორტული არენა მრავალფუნქციური იქნება, რომელიც არა მხოლოდ საკალათბურთო მატჩებს, არამედ საკრივო ორთაბრძოლებს, საჩოგბურთო ტურნირებს, ჰოკეის შეხვედრებსა და საცირკო წარმოდგენებს უმასპინძლებს. "ბარკლაისთან" უკვე აპირებს თანამშრომლობის დაწყებას ცნობილი სპორტული პრომოუტერული კომპანია IMG, აგრეთვე ლეგენდარული მოკრივის ოსკარ დე ლა ჰოიას საკრივო პრომოუტერული კომპანია - Golden Boy Promotions.

საკალათბურთო მატჩების დროს არენა 18 ათას მაყურებელს დაიტევს, კონცერტების დროს - 19 ათასს. გეგმის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ტრიბუნებზე 100 VIP-ადგილის მოწყობა. სტადიონის ტერიტორიაზე იმუშავებს ოთხი ბარი, სამი კლუბი და რესტორანი. უკვე ცნობილია, რომ საკალათბურთო მოედნის ახლოს ერთი სეზონისთვის განკუთვნილი აბონემენტი დაახლოებით 15,5 ათასი დოლარი ეღირება. აბონემენტი მის მფლობელს მდიდრულ კლუბებში შესვლის უფლებას მისცემს. გარდა ამისა, უპირატესობა ექნება კონცერტების, საკრივო საღამოებისა და სხვა ღინისძიებების დასასწრები ბილეთების შეძენისას. აბონემენტების გაყიდვის კამპანია უკვე დაიწყო - კლუბმა ბილეთების 100 პაკეტი გაყიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ჯეი-ზიმ შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული