კობი ბრაიანტი: "ვირტუსში" გადასვლა რეალურია

AutoSharing Option
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ დღეებში კალათბურთის მოყვარულებს აღელვებთ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის იტალიურ კლუბში - ბოლონიას "ვირტუსში" სავარაუდო გადასვლაა.

NBA-ის ვარსკვლავი იტალიაში სასპონსორო პრომოტურის ჩასატარებლად ჩავიდა და იქაურ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკმაოდ მაღალია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა.

"შანსი იმისა, რომ იტალიაში ვითამაშო, საკმაოდ მაღალია. ყოველ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს. უახლოეს დღეებში განვიხილავთ ბოლო შემოთავაზებას, - ამბობს კალათბურთელი "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარში. - სწორედ ამ ქვეყანაში ვისწავლე პასების დარიგება და ბურთის სროლა და როცა
ამერიკაში გადავედი, ბურთს თანაგუნდელებზე უკეთ ვეპყრობოდი, მათ კი მხოლოდ ბურთის ჩატენვა იცოდნენ".

შეგახსენებთ, რომ ბოლო წინადადების თანახმად, იტალიური კლუბი მზად არის ამერიკელ მცველს თვეში 2.5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
კობი ბრაიანტმა "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში და იქ აშშ-ის მთავარი კონკურენტი ესპანეთის ნაკრები იქნება.

"აუცილებლად ვითამაშებ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე. ჩემი მეგობარი პაუ გასოლი და მისი გუნდი ჩვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იქნება.

ოლიმპიადაზე გამოსვლა - განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავ. ოქროს ოლიმპიური მედალი და NBA-ის საჩემპიონო ბეჭედი - სრულიად განსხვავებული ცნებებია", - ამბობს ბრაიანტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული