კობი იტალიას დათანხმდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი ახალ სეზონს იტალიური კლუბის - ბოლონიას “ვირტუსის” შემადგენლობაში დაიწყებს.

ბრაიანტი ამ გუნდში იქამდე ითამაშებს, სანამ NBA-ში ლოკაუტი არ დასრულდება, ამის შემდეგ კი მცველი კალიფორნიაში დაბრუნდება. ჯერჯერობით კალათბურთელმა და “ვირტუსმა” ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს - კონტრაქტი 40-დღიანი იქნება.

ამ დროის განმავლობაში ბრაიანტი სამ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით არ ზუსტდება - გააგრძელებენ თუ არა კონტრაქტს იმ შემთხვევაში, თუ 40 დღის გასვლის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი დასრულებული არ იქნება.

იტალიის ჩემპიონატი “ვირტუსისთვის” 9 ოქტომბერს უნდა
დაწყებულიყო, მაგრამ კალენდარი შეიცვლება, რადგან პირველობა 17-გუნდიანი გახდა - საუკეთესო დივიზიონს “ვენეცია” დაემატა. თანაც იტალიის ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ სეზონის პირველ თვეს “ვირტუსს”, შესაძლოა, 7-8 თამაშის ჩატარება მოუწიოს, რათა უფრო ბევრმა გულშემატკივარმა იხილოს კობი საქმეში. ბრაიანტის კონტრაქტი სწორედ ჩემპიონატის დაწყებისთანავე ამოქმედდება.

ბავშვობაში (ექვსიდან 13 წლამდე) ბრაიანტი მამამისთან - ჯოსთან ერთად ცხოვრობდა იტალიაში. უფროსი ბრაიანტი რამდენიმე იტალიურ გუნდში თამაშობდა. კობის კონტრაქტი “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” კიდევ სამი წელი იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში კალიფორნიელი 83.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული