მხარეებს შორის დიდი უფსკრულია

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართულმა ორდღიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. NBA-ის კლუბების მფლობელებმა და მოთამაშეთა პროფკავშირმა ვერ მიაღწიეს კომპრომისს. შაბათის შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა ასეთი კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა იდეა, კონცეპცია, ეკონომიკური საკითხები. დარბაზიდან საბოლოო ხელშეკრულებით ვერ გამოვედით, მაგრამ ამ საკითხის განხილვას კვირას დავუბრუნდებით და შევეცდებით არსებული ხვრელების ამოვსებას. გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ არ ვიცი, ამ უქმეებზე მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას".

ასე რომ, კვირის შეხვედრას ყველა დიდი იმედით ელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შვიდსაათიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ისევ ვერ მოიტანა. მხარეებმა
მორიგი შეხვედრა ორშაბათისთვის დათქვეს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის სტარტი პირველ ნოემბერს არის დანიშნული.

"ჯერჯერობით ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, - განაცხადა მოთამაშეთა პროფკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ჰანტერმა. - არ ვიცი, შევძლებთ თუ არა კომპრომისის მიღწევას".

"იმედი გვქონდა, რომ ამ უქმეებზე საკამათო საკითხებს მოვაგვარებდით. მოთამაშეებმა შემოგვთავაზეს ორშაბათის შეხვედრა და ჩვენც თანხმობით ვუპასუხეთ", - აღნიშნა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა.

* * *
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირმა ამ შეხვედრებში ჩართო ლიგის რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი, რომელმაც ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიცია გამოხატა .
ფლორიდელი მცველი მიიჩნევს, რომ სახელფასო ბიუჯეტზე მკაცრი ლიმიტი ძალიან ზღუდავს წამყვან მოთამაშეებს. უეიდის თქმით, მას უნდა სეზონში მინიმუმ 50 მილიონ დოლარს იღებდეს .

"სახელფასო ლიმიტი რომ არ არსებობდეს, ლიგაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაგალითად, ბეისბოლში მოთამაშეები სავსე ტრიბუნებს უზრუნველყოფენ და სხვებზე გაცილებით მეტს იღებენ. როცა ბიუჯეტზე ლიმიტი მოქმედებს, რთულია მაიკლ ჯორდანის, შაკილ ო'ნილის, კობი ბრაიანტის ან ლებრონ ჯეიმსის მსგავსი მოთამაშეების ფასის დადგენა. მაგალითად, მე სეზონში მინიმუმ 50 მილიონი დოლარის მიღება მინდა", - განაცხადა უეიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული