შეთქმულება კობის წინააღმდეგ

AutoSharing Option
როგორც წინა ნომერში ვწერდით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ კობი ბრაიანტის ბოლონიას “ვირტუსში” თამაში, მაგრამ ახლა, ეს გარიგება, შესაძლოა, დასანანი მიზეზის გამო ჩაიშალოს.

“ვირტუსი” 40 დღით აპირებდა “ლეიკერსის” ლიდერის გაფორმებას და ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად მეტი მატჩის ჩატარება სურდა იტალიის ყველაზე დიდ არენებზე, რათა ამ გარიგებისთვის დახარჯული ფული ამოეღო. მაგრამ სხვა იტალიურმა კლუბებმა უარი თქვეს კალენდარში ასეთ მასშტაბურ ცვლილებებზე. ამ შემთხვევაში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი “ვირტუსს” ფინანსურ მოგებას ვერ მოუტანს, ამიტომაც ბოლონიელებმა ჯერჯერობით შეაჩერეს კონტრაქტის გაფორმების პროცესი.

სხვათა შორის ამ კონფლიქტში
ჩარევას აპირებს თავად ბრაიანტი. მასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კობის ძალიან უნდა ლოკაუტის პერიოდში იტალიაში თამაში. ამიტომაც კალათბურთელი თანამშრომლობას აპირებს იტალიის ლიგის ხელმძღვანელობასთან ოპტიმალური ვარიანტის შესამუშავებლად. კალიფორნიელს სურს მისი იტალიაში თამაში ეკონომიკურად მომგებიანი იყოს არა მარტო "ვირტუსისთვის", არამედ მთლიანად ლიგისთვის.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მეორე ლიდერს პაუ გასოლს მშვიდი ცხოვრება ურჩევნია. ის დაელოდება ლოკაუტის დასრულებას და კარიერას NBA-ში გააგრძელებს. ესპანელი ვარსკვლავი არ არის დაინტერესებული ევროპულ კლუბებთან მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმებით.

როგორც გახსოვთ, ჟურნალისტები გასოლს "ბარსელონაში" აგზავნიდნენ, მაგრამ "ლეიკერსის" ცენტრმა ერთ-ერთ ესპანურ რადიოში განაცხადა, რომ ლოკაუტის დროს ევროპაში სათამაშოდ არ გადავა.

"ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვერ ვხედავ რომელიმე გუნდთან ერთი ან ორი თვით კონტრაქტის გაფორმების აზრს. მაინც მომიწევს ყველაფრის მიტოვება და NBA-ში დაბრუნება. ჩემი აზრით, ეს არასწორია", - განაცხადა გასოლმა.

გარდა ამისა, პაუმ დაადასტურა, რომ გაისად ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებს.

"ერთადერთი, რაც ოლიმპიადაზე თამაშში ხელს შემიშლის - ტრავმაა", - ამბობს ესპანელი კალათბურთელი.

* * *
საფრანგეთის ნაკრებისა და “სან ანტონიო სპურსის” გამთამაშებელი ტონი პარკერი მომავალ კვირას გამოაცხადებს – ითამაშებს თუ არა მომავალ სეზონში საფრანგეთის “ვილერბანის” შემადგენლობაში. როგორც ჩანს, ფრანგი ვარსკვლავი ელოდება კლუბების მფლობელთა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებების გადამწყვეტ რაუნდს და ამის შემდეგ გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნების საკითხს. გარდა ამისა, ევროლიგის საკვალიფიკაციაო ტურნირზე უნდა გადაწყდეს - ითამაშებს თუ არა ახალ სეზონში “ვილერბანი” ევროლიგაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული