უეიდსა და სტერნს უჩხუბიათ

AutoSharing Option
გუშინ გვიან უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები NBA-ის კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. ამ შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მორიგი დიალოგი "სამი სამზე" ფორმატში გაიმართებოდა.

ამ გადაწყვეტილებას კომენტარი გაუკეთა პროფკავშირების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბილ ჰანტერმა.
"როცა ოთახში 40-50 ადამიანი იმყოფება, ძალიან რთულია მოლაპარაკებების წარმართვა. ასეთ პირობებში მუდმივად იგრძნობა დაძაბულობა", - განაცხადა ჰანტერმა.

როგორც ირკვევა, ბოლო შეხვედრის დროს მცირე კონფლიქტი წარმოიშვა "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავ დუეინ უეიდსა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარ დევიდ სტერნს შორის.

CBS Sports-ის ცნობით, ერთ მომენტში სტერნი
უეიდს რაღაცას უხსნიდა და ხმას აუწია. პასუხად კალათბურთელმა ლიგის ხელმძღვანელს მოსთხოვა - თითის ქნევით ნუ მელაპარაკები და საერთოდაც, ბავშვივით იქცევიო.

ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა აგენტმა. მისი თქმით, NBA-ის ხელმძღვანელობა არ აპირებს 1998-99 წლების სცენარის განმეორებას. მაშინ კლუბების მფლობელები და პროფკავშირი დიდი ხანი ვერ ათანხმებდნენ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს და სეზონის დაწყება მხოლოდ თებერვალში მოხერხდა.

იმ სეზონში გუნდებმა ორი თვის განმავლობაში 50-50 მატჩი ჩაატარეს. ჟურნალისტების აზრით, ამჯერად ლიგის ხელმძღვანელობა სრული ჩემპიონატის გამართვას აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი გაუქმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული