ვებგვერდის NBAplaybook.com-ის ავტორმა სებასტიან პრუტიმ დასვა კითხვა: ეყოფა თუ არა მაკალებს ნიჭი იმისთვის, რომ NBA-ში გააგრძელოს თამაში?
ლიტვაში ცოტა ხნის წინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატი მდიდარი იყო სიუპრიზებით, მაგრამ მთავარი მოულოდნელობა მაინც მაკედონიის ნაკრების გამოსვლა გახდა. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ ყველა გააოცა, როცა ნახევარფინალამდე გააღწია და იქ კინაღამ გამოთიშა ბრძოლას ტურნირის მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები.
მაკედონიის ნაკრების ულაპარაკო ლიდერი იყო ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ბო მაკალები. მისი ბრწყინვალე
მტკიცებულება
მაკალები ხუთი წელი სწავლობდა ნიუ ორლეანის უნივერსიტეტში, მაგრამ NBA-ის არც ერთმა კლუბმა არ აიყვანა დრაფტზე, ამიტომაც ბედის საძებნელად ოკეანის გაღმა გაეშურა. იქ საკმაოდ წარმატებით თამაშობდა თურქეთის "მერსინში", სერბეთის "პარტიზანსა" და იტალიის "მონტეპასკიში" (ბოლო ორი კლუბი მას მუდმივად გაჰყავდა ევროლიგის "ოთხთა ფინალში"). მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკაში მისი დასაქმება არავინ ისურვა. საინტერესოა, რატომ? ავტორიტეტული გამოცემების უმრავლესობა, რომელიც დრაფტზე პროგნოზებში სპეციალიზდება, აღნიშნავდა 183 სანტიმეტრი სიმაღლის მცველის ორ აშკარა მინუსს.
ჯერერთი, თავისი გაბარიტების გამო ის ყოველთვის საკმარისზე მეტად იყო ორიენტირებული შეტევაზე. ასეთი სიმაღლით NBA-ში "სუფთა" გამთამაშებელი უნდა იყო და პასები დაარიგო, ბოს კი ძალიან უყვარს შეტევების თავად დასრულება. ამიტომაც, ბევრი საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამდა იმაზე, რომ NBA-ის დონეზე მას გაუჭირდებოდა ქულების დაგროვება. მეორე მიზეზი: მაკალებს შორეული დისტანციიდან სროლების სიზუსტის დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ახლა გავერკვიოთ, მოუმატა თუ არა მაკალებმა ამ კომპონენტებში ის სამი სეზონის განმავლობაში, რაც მან ევროპულ არენებზე გაატარა.
გამთამაშებლის თვისებები
ერთ-ერთი ძირითადი მომენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა თანამედროვე გამთამაშებლის კვალიფიკაცია - როგორ თამაშობს ის პიკ-ენ-როლებს. საქმე ისაა, რომ ამ მარტივი კომბინაციის გათამაშებისას პირველ ნომერს მყისვე უჩნდება შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი: განახორციელოს გარღვევა, მკვეთრად შეჩერებისას ნახტომში ისროლოს ან პასი მიაწოდოს.
2009-10 წლების სეზონში, როცა მაკალები "პარტიზანში" თამაშობდა, მას ჯერ ისევ ჰქონდა სირთულე "ორსვლიანების" გათამაშებისას. 13.3 პროცენტის შემთხვევებში ის ბურთს კარგავდა, პარტნიორები კი საშუალოდ მხოლოდ ერთ ქულას აგდებდნენ მისი პასების შემდეგ. მისთვის ბლოკის დაყენების მთავარი მიზანი იყო ფარზე შეტევა, მაგრამ ის ხშირად ისეთ სიტუაციაში იგდებდა თავს, რომელიც ბურთის დაკარგვით სრულდებოდა. ფაქტობრივად ამით აიხსნება სკაუტების ეჭვი, რომლის გამო ის ვერ მოხვდა NBA-ში.
მაგრამ "მონტეპასკიში" გადასვლის შემდეგ მაკალებმა ამ კომპონენტში მკვეთრად მოუმატა. პიკ-ენ-როლების გათამაშებისას შეცდომების რაოდენობა ორჯერ (!) შემცირდა - 7.6 პროცენტამდე დავიდა. პარტნიორები კი უკვე 1.43 ქულას აგდებდნენ მისი გადაცემების შემდეგ.
და მხოლოდ სტატისტიკაში არ არის საქმე. იტალიურ კლუბში მისი თამაშის ცქერისას პროგრესი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ახალ თანაგუნდელებს ის უჩვეულოდ კარგად შეეწყო და ბლოკის დაყენების შემდეგ ხშირად პოულობდა შეტევის განვითარების სხვადასხვა ვარიანტს. მაკალები - სწრაფი, ფეთქებადი მცველია, რომელმაც უყვარს და შეუძლია სამწამიანში შევარდნა. მაგრამ ახლა, ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ სულაც არ არის აუცილებელი შეტევის სამწამიანში დასრულება მისი მთავარი იარაღი იყოს. მან ისწავლა სისწრაფისა და გარღვევის გამოყენება იმისთვის, რომ დაცვა თავის თავზე გადაიყვანოს და ამის შემდეგ თავისუფალი თანაგუნდელები მონახოს. ის არასოდეს ყოფილა ცუდი ასისტენტი, მაგრამ ახლა პასი მისი ისეთივე მნიშვნელოვანი იარაღი გახდა, როგორიც იყო შეტევა და ამით, რა თქმა უნდა, ის უფრო ძლიერ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.
ტყორცნები
პირველ რიგში უნდა გამოვყოთ სამქულიანი ტყორცნები, რადგან ახლო და საშუალო მანძილებიდან შეტევისას მაკალებს პრობლემა არასოდეს ჰქონია. სამქულიანებს კი ეს მცველი საკმაოდ იშვიათად აგდებდა. მაგრამ ასე ადრე იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საოცარი პროგრესი განიცადა: 2009-10 წლების სეზონში საშინელი 23.2 პროცენტის შემდეგ ("პარტიზანის" შემადგენლობაში), გასულ ჩემპიონატში "მონტეპასკის" რიგებში შორეულ ტყორცნებს ისეთი სიზუსტით აგდებდა, ნებისმიერ აღიარებულ სნაიპერს შეშურდებოდა - 43.8 პროცენტი.
სინამდვილეში, რეალობა სადღაც შუაშია და ევრობასკეტის დროს სამქულიანების გამოყენების 34.4 პროცენტი - აი ეს არის ბოს დღევანდელი რეალური დონე.
თუ შევადარებთ მაკალების მიერ უნივერსიტეტში თამაშის დროს და დღეს შესრულებულ სამქულიანებს, ცხადი გახდება, რომ მან შეითვისა ნებისმიერი ტყორცნის მთავარი შემადგენელი - ყოველი ახალი ცდა წინას უნდა ჰგავდეს. ადრე მის ტყორცნებში სრული "ქაოსი" სუფევდა: ხან მხარიდან ისროდა, ხან თავის უკნიდან ან სხვა რომელიმე ხერხით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბურთს კალათისკენ სხვადასხვაგვარად უშვებდა. ეს კი, სხვათა შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია მოთამაშისთვის, რომელსაც მაღალ კლასზე აქვს პრეტენზია - სროლის სტაბილურობა.
კალათბურთელის განსჯა არასწორი ტექნიკისთვის სისულელეა - მსოფლიოში ბევრი კარგი სნაიპერია, რომლის სროლის ტექნიკას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ყველა ისე ისვრის, როგორც მოეხასიათება. მაგრამ ტყორცნების მსგავსება - მთავარი პირობაა. სწორედ ეს იძლევა სიზუსტის სტაბილურ პროცენტს. როგორც ჩანს, მაკალებმა ეს შეიგნო და ახლა სწორ გზას ადგას.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამიერიდან ბო მაკალები გადაიქცა იმ კალათბურთელად, რომლის ყველაზე სახიფათო იარაღი - ტყორცნაა? რა თქმა უნდა, არა. ის ვერც გახდება ასეთი მოთამაშე. მაგრამ მიაღწია თუ არა იმ დონეს, რომლის დროსაც მეტოქის დაცვა უბრალოდ ვალდებულია მიაქციოს ყურადღება დისტანციიდან შეტევისას წარმოქმნილ პოტენციურ ხიფათს? დიახ, რა თქმა უნდა. და ამან ის გაცილებით ძლიერ კალათბურთელად აქცია, რადგან ასეთი მოთამაშის წინააღმდეგ დაცვა ორმაგად რთულია. ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდა გამთამაშებლებისთვის, რომლებიც ფაქვეშ შესვლებზე არიან ორიენტირებულნი.
დასკვნა
რთული სათქმელია, გახდებოდა თუ არა მაკალები NBA-ში ვარსკვლავი. იმის მტკიცებაც რთული იქნება, შეძლებდა თუ არა ის დღეს რომელიმე იქაური გუნდის ძირითადი გამთამაშებელი გამხდარიყო. ამ პატარა გამოკვლევის მიზანი სხვა რამეში მდგომარეობდა. ავტორს უნდოდა გაეგო - არის თუ არა ბო მაკალები NBA-ის კალიბრის ტალანტი.
და ის პასუხობს: არის! თვალნათლივ ჩანს, რამხელა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას, მაგალითად, სათადარიგოთა სკამიდან თამაშში შესვლის შემდეგ, როცა რომელიმე ვარსკვლავ პირველ ნომერს შეცვლიდა.
ასეა თუ ისე, მაკალები პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, რომ NBA-ის მიღმა დარჩენილმა მოთამაშემ პირადი თვისებების ხარჯზე მოახერხა პროგრესის მიღწევა და მისი პიროვნების შესახებ ამგვარი დისკუსიების გამოწვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"