გადამწყვეტი ორი დღე

AutoSharing Option
გუშინ კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო, მანამდე კი ამერიკულმა პრესამ მორიგი ინფორმაციები გაავრცელა გაჭიანურებული ლოკაუტის შესახებ.

SI.com-ის ინფორმაციით, პროფკავშირი მზად არის წავიდეს ერთ მნიშვნელოვან დათმობაზე. ლაპარაკია მოგების განაწილებაზე. კერძოდ, მოთამაშეები აპირებენ საერთო ფინანსური მოგებიდან საკუთარი წილი 51 პროცენტამდე შეამცირონ. შეგახსენებთ, რომ წინა კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად კალათბურთელები ლიგის შემოსავლის 57 პროცენტს იღებდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, მოთამაშეთა ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს პროკავშირების აღმასრულებელი დირექტორის ბილ ჰანტერის გადადგომა, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა მოთამაშეთა წილის
53 პროცენტზე ქვემოთ დაშვებას.

* * *
ამასობაში, პროფკავშირების მეორე ლიდერმა დერეკ ფიშერმა ოფიციალური წერილით მიმართა კალათბურთელებს ლოკაუტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე. მასში "ლეიკერსის" მცველმა მოუწოდა კოლეგებს ყურადღებით შეისწავლონ სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რათა მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ყოველმხრივ საქმის კურსში იყვნენ.

"სამშაბათს მორიგ სხდომას გავმართავთ. მოთამაშეთა პროფკავშირი მომავალშიც აპირებს საკუთარი პოზიციების დაცვას. არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული NBA-ის კალათბურთელების მონაწილეობის გარეშე. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ კლუბების მფლობელების მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ოპტიმალურია, თითოეულს შეეძლება მისთვის ხმის მიცემა", - ამბობს ფიშერი.

გარდა ამისა, პროფკავშირების თავმჯდომარემ გუშინდელი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა: "როგორც ჩანს, სამშაბათი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება.

თითოეული ჩვენთაგანი კოლოსალურ ზეწოლას გრძნობს, მაგრამ ჩვენ გვესმის პასუხისმგებლობა და ყველაფერს გავაკეთებთ კომპრომისის მისაღწევად. ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ მოლაპარაკებებისამ დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში აჩქარება არ გვარგებს, რადგან გვესმის, რომ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომლითაც რამდენიმე წელი ვიხელმძღვანელებთ".

* * *
გუშინდელი მოლაპარაკების წინ შედგა მცირე შეხვედრა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომლის შემდეგაც NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა და მისმა თანაშემწემ ადამ სილვერმა გამოაცხადეს, რომ "მხარეებმა სამშაბათის შეხვედრისთვის ფუნდამენტი შექმნეს".

გადამწყვეტ რაუნდში ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან 10 კლუბის მფლობელი და რამდენიმე კალათბურთელი. უკვე ცნობილია სამი მათგანის ვინაობა - კობი ბრაიანტი, პოლ პირსი და ამარე სტაუდმაიერი.
ბოლოს ისევ ანალიტიკოსების აზრს მოვიშველიებთ: თუ მხარეები უახლოესი ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას, სრული სეზონი აღარ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული