პარკერი საფრანგეთში წავიდა

AutoSharing Option
ოფიციალურად გადაწყდა "სან ანტონიო სპურსის" ფრანგი გამთამაშებლის ტონი პარკერის ევროპაში თამაში. ფრანგული პრესის ცნობით, პარკერის იურისტებმა მოაგვარეს მოთამაშის დაზღვევის საკითხი და ტონიმ უკვე დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე "ვილერბანთან".

ხელშეკრულება ლოკაუტის პერიოდში იქნება ძალაში. ოფიციალურად პარკერს დღეს წარადგენენ "ვილერბანის" ახალწვეულის რანგში. ამ ინფორმაციას ლიონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ლოკაუტის პერიოდში "ვილერბანში" ვითამაშებ. ეს გადაწყვეტილება ორშაბათს მივიღე.

ჩემთვის დიდი პატივია საფრანგეთში დაბრუნება და სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ ლიონი ავირჩიე", - განაცხადა პარკერმა, რომელიც ამ კლუბის
აქციათა პაკეტის მფლობელი გახლავთ. NBA-ის ვარსკვლავის ხელფასი თვეში 1.5 ათასი ევრო იქნება. დაზღვევის თანხა კალათბურთელმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.

"მქონდა სოლიდური შემოთავაზებები ჩინური კლუბებიდან, "ბარსელონადან", მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ შინ დაბრუნება და საფრანგეთში თამაში მინდოდა", - ამბობს ტონი.

პარკერმა კარიერა პარიზულ კლუბში - "პარი ბასკეტ რასინგში" დაიწყო, 2001 წელს კი "სან ანტონიომ" დრაფტში 28-ე ნომრად აირჩია. იმავე წელს ფრანგ მცველს დებიუტი ჰქონდა "სპურსის" შემადგენლობაში.

"სან ანტონიოში" პარკერი სამჯერ გახდა NBA ჩემპიონი - 2003, 2005 და 2007 წლებში. NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მან 746 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.7 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე სამშობლოში დაბრუნდნენ ბოლო ევრობასკეტის ვიცეჩემპიონები: ნიკოლა ბატუმი, ბორის დიაო და რონი ტურიაფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული