"მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი ახალწვეული ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც ბევრს აკრიტიკებენ "კლივლენდ კავალიერზის" დატოვების გამო, ამერიკულ ჟურნალ GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე. როგორც ირკვევა, "კლივლენდიდან" წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ცუდი ურთიერთობა კლუბის მფლობელ დენ გილბერტთან, რომელმაც "ჰიტთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლებრონის საქციელს ეგოიზმის მწვერვალი უწოდა. მაგრამ 25 წლის კალათბურთელი ამბობს, რომ სწორედ გილბერტმა უბიძგა მას მშობლიური კლუბის დატოვებისკენ.
"არ მგონია, მას დიდად ანაღვლებდეს ლებრონ ჯეიმსის პიროვნება. დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: "რთულ სიტუაციებში ჩანს ადამიანის ნამდვილი ხასიათი და შენ თავად დაინახავ,
"კლივლენდში" თამაშისას მოედანზე 100 პროცენტით ვიხარჯებოდი, და თუ ეს ასე არ იყო, თავად ვაკრიტიკებდი საკუთარ თამაშს. "მაიამიშიც" შესანიშნავი მოტივაცია მაქვს, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება", - დაამატა NBA-ის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო კალათბურთელმა.
გილბერტთან ცუდი ურთიერთობის მიუხედავად, ჯეიმსი არ გამორიცხავს მომავალში "კლივლენდში" დაბრუნებას: "ძალიან კარგი ისტორია იქნება".
"ფილადელფია სიქსერზის" ფორვარდი ელტონ ბრენდი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ კლუბის ახალი მწვრთნელის - დაგ კოლინზის ნდობა დაიმსახუროს.
უკვე ორი კვირაა კალათბურთელი მონდომებით მუშაობს ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ჯესი რაიტთან. ამ ვარჯიშებით ბრენდმა 10 კილოგრამი დაიკლო და თავის ოპტიმალურ წონას მიუახლოვდა. ამ ზედმეტი წონით თამაშობდა ელტონი გასულ სეზონში და შესაბამისად, თავის კარიერაში ყველაზე უარესი სტატისტიკა დააფიქსირა - 13.1 ქულა და 6.1 მოხსნა. საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია დრაფტის ყოფილი პირველი ნომრისთვის.
"მე მას რამდენჯერმე ტელეფონით ვესაუბრე. კარგ ფორმაშია და თავს შესანიშნავად გრძნობს. ელტონი მზად არის პროგრესისთვის", - ამბობს კოლინზი.
ყოველდღიურად ახალი ჭორები ვრცელდება "დენვერ ნაგეტსის" ლიდერ კარმელო ენტონის შესახებ. როგორც იცით, ეს კალათბურთელი გაისად თავისუფალი აგენტი ხდება და არ აპირებს თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენას.
როგორც ჩანს, ეს საფრთხე "დენვერის" ხელმძღვანელობამაც გააცნობიერა და არ უნდა კარმელოს უკომპენსაციოდ გაშვება. ამისთვის კი გაცვლის ორგანიზებაა საჭირო და უკვე პირველი ინფორმაციაც გაჩნდა: ESPN წერს, რომ "ნიუ იორკ ნიქსი" მზად არის ენტონის სანაცვლოდ დათმოს იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი, ცენტრი ედი კარი და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლება.
ლელო