NBA უფსკრულში მიდის

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი შეიტყვეს გუშინ კალათბურთის მოყვარულებმა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობასა და ლიგის პროფკავშირს შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალურად გაუქმდა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა. ეს ინფორმაცია თავად ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, გულშემატკივრებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და უკან მიიღონ თავიანთი ფული.

2011-12 წლების სეზონი 2011 წლის პირველ ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 14 ნოემბერამდე კალენდრით გათვალისწინებული ყველა მატჩი გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მთავარი საკამათო საკითხი ყოველწლიური მოგების გაყოფა იყო. ეს თანხა
3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. კლუბების მფლობელებს მინიმუმ 50 პროცენტის მიღება სურდათ, მოთამაშეთა პროფკავშირი კი საკუთარი წილის 57-დან 53 პროცენტამდე შემცირებას თანხმდებოდა.

ჯერჯერობით არაფერ იტყობინებიან იმის შესახებ, როდის გააგრძელებენ მოლაპარაკებებს კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი.

"სამწუხაროდ, ჩვენ გავაუქმეთ ჩემპიონატის პირველი ორი კვირა. ჩემი აზრით, ორივე მხარე ბევრს მუშაობდა კომპრომისის მისაღწევად.
ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად სამართლიანი წინადადება შევთავაზეთ, იგივე გააკეთეს მოთამაშეებმა. მაგრამ ჩვენს შორის იმხელაა სხვაობაა, რომ კომპრომისის მიღწევა ვერ შევძელით", - განაცხადა ლიგის კომისარმა.

პროფკავშირის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ პირველი ორი კვირის გაუქმება კლუბების მფლობელების ხისტი პოზიციით იყო პროვოცირებული.

"სეზონის ნაწილის გაუქმება - ჩვენი არჩევანი არ არის. უბრალოდ, დღეს NBA-ში შეუძლებელია სამართლიანი შეთანხმების მიღწევა. ჩვენს ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელები თამაშობენ, ამიტომაც მათ იმაზე უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ამას კლუბების მფლობელები სთავაზობენ. შესაბამისად, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს. უკან დახევას არ ვაპირებთ", - ამბობს ფიშერი.

"ვფიქრობ, ვუბრუნდებით იმ დროს, როცა დევიდ სტერნი ორი წლის იგივე მოთხოვნებს აყენებდა. მაშინ მე ვუპასუხე: "ერთადერთი ხერხი, რითაც თქვენ ამას მიიღებთ - ლიგის ერთი ან ორი წლით დახურვაა". დღეს მე მივხვდი, რომ მათ სწორედ ამის გაკეთება სურთ. სტერნი მზად არის ამ სცენარს მისდიოს.

ჩემი აზრით, ლიგისთვის სისულელეა სეზონის გაუქმება მას შემდეგ, რაც შარშან საუკეთესო წელი გვქონდა NBA-ის ისტორიაში. არ მგონია, რომ ლიგამ სწრაფად შეძლოს აღორძინება ასეთი ხანგრძლივი ლოკაუტის შემდეგ. 1998 წელს დიდი დრო დაგვჭირდა ძველი პოზიციების აღსადგენად. ამჯერად კიდევ უფრო მეტი დრო გავა ხელმეორე აღორძინებამდე", - მკაცრად აკრიტიკებს დევიდ სტერნს პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორი ბილ ჰანტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული