ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
13 წლის წინანდელი მოლაპარაკებების გამოცდილებამ შედეგი ვერ გამოიღო - გაუქმდა რეგულარული სეზონის პირველი ორი კვირა.

დიდია იმის ალბათობა, რომ მომდევნო კვირის მატჩებიც არ ჩატარდება და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ასე. დაპირისპირებული მხარეები გვარწმუნებდნენ, რომ ძალიან უნდოდათ კომპრომისის მიღწევა, ამისთვის გამოსასვლელ დღესაც კი შეხვდნენ ერთმანეთს, გამართეს შვიდსაათიანი მოლაპარაკება და ბოლოს ტრადიციული სიტყვები თქვეს - "შორს ვართ კომპრომისისგან".

მოთამაშეებმა მკაფიოდ მიუთითეს თავიანთ პოზიციებზე - ლიგის შემოსავლების 53 პროცენტი მოითხოვეს. ამ საკითხში ლიგის ხელმძღვანელობის პოზიცია ცოტათი ქაოტური იყო.

თავიდან კლუბების მფლობელები მზად იყვნენ
მოთამაშეებისთვის 46 პროცენტი მიეცათ, შემდეგ 47-მდე ავიდნენ. ერთ-ერთი დაძაბული მოლაპარაკების დროს, NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა კომპრომისის მისაღწევად 49 პროცენტი დაასახელა შემდგომაში ამ მაჩვენებლის 51 პროცენტამდე გაზრდის პერსპექტივით, მაგრამ მოთამაშეებმა ამაზეც უარი განაცხადეს.

არადა, "რეგულარულის" ორი კვირის გაუქმება კალათბურთელებს იმაზე ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ის თანხა, რომელსაც ისინი დაკარგავდნენ კლუბების მფლობელების ბოლო შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში.

* * *
საკალათბურთო ფანები ლოკაუტში მთავარ დამნაშავედ კლუბების მფლობელებს მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის ფონზე ზოგიერთი კალათბურთელის ხელფასი გამაღიზიანებლად მოსჩანს. მაგრამ ოტის სმიტისთვის არავის დაუძალებია - რაშარდ ლუისს გიჟური კონტრაქტი შესთავაზეო, რომლის მიხედვითაც ის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა.

სხვათა შორის ლუისმა ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ 80-მილიონიანი შეთავაზების შემდეგ არ გამოვიდოდა და არ იტყოდა: "არა, ბიჭებო, მე ამდენი არ ვღირვარ, 60 მილიონი მომეცით". რა თქმა უნდა, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

პრობლემა იმაშია, რომ ასეთი კონტრაქტების შეთავაზება შეუძლიათ მხოლოდ მდიდარ კლუბებს, რომლებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს სახელფასო ბიუჯეტზე დაწესებული ლიმიტის დარღვევისთვის საჯარიმო თანხების გადახდა.

* * *
გასაგებია, რომ მფლობელები იძულებულნი არიან წავიდნენ ხელფასის გაზრდაზე, რათა შეინარჩუნონ ვარსკვლავური და პერსპექტიული მოთამაშეები, მაგრამ ბიზნესს გუნდში არა მოთამაშეები, არამედ გენერალური მენეჯერები და კლუბების მფლობელები "აკეთებენ". იმავე ოტის სმიტს, მარკ ქიუბანს ("დალასი") და ჯერი ბასს ("ლეიკეერსი") სერიოზული კონტრაქტები აქვთ ტელევიზიებთან, ამ თანხას არავის უყოფენ და შეუძლიათ გასცდნენ სახელფასო ბიუჯეტს, შემდეგ კი საჯარიმო თანხა გადაიხადონ.

მაგრამ რა შეიცვლება იმისგან, თუ ეს ლიმიტი გამკაცრდება (რასაც NBA ითხოვს) და ჯერი ბასი მაინც გავა სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებიდან? ფაქტობრივად არაფერი. "ლეიკერსი" საკუთარი მატჩების ტრანსლირების სანაცვლოდ ისევ მიიღებს მოგებას ადგილობრივი ტელევიზიიდან და ახალი წესის მიხედვით გადაიხდის ზედმეტად დახარჯულ დოლარზე დამატებით ოთხ დოლარს. "პატარა" კლუბები კი ისევ დაითვლიან წაგებას და შესაბამისად, მკაცრი სახელფასო ლიმიტი სულაც არ მოიტანს ლიგაში კონკურენციის გაზრდას, რისკენაც თითქოს ისწრაფვიან სტერნი და კლუბების მფლობელები.

მათ უბრალოდ არ სურთ საკუთარი თავიდან დაიწყონ ცვლილებები. მოთამაშეებთან თანამშრომლობის სტრუქტურა კი არ უნდა შეცვალონ, არამედ ლიგაში მოგების გადანაწილების წესი. ცნობისთვის, ამ მხრივ ამერიკული ფეხბურთის ლიგაში ყველაფერი დალაგებულია. იქ რეგულარული ჩემპიონატის მატჩები ადგილობრივი ტელეკომპანიების გარდა ეროვნულ არხებზეც გადაიცემა, შესაბამისად, ყველა გუნდი მეტნაკლებად თანაბრად იღებს მედია-შემოსავლებს.

NBA-ში ასეთი რამ არ არსებობს. სახელმწიფო ტელევიზიით მატჩების მცირე პროცენტი გადაიცემა, ამიტომაც ადგილობრივ ტელეკომპანიებისგან შემოსული ფული ჰყოფს გუნდებს "მდიდრებად" და "ღარიბებად". ფაქტობრივად, მოთამაშეთა შემოსავლის შემცირებით მფლობელებს სურთ მინიმუმამდე დაიყვანონ თავიანთი დანაკარგი, ხოლო სახელფასო ლიმიტის გამკაცრებით ესწრაფვიან უფრო ნაკლები გადაუხადონ მათ.

* * *
გვერდიდან შეიძლება ისე მოგეჩვენოთ, რომ მფლობელები მუდმივად სთავაზობენ საპირისპირო მხარეს კრიზისიდან გამოსვლის იდეებს, მოთამაშეები კი ცხვირს იბზუებენ და მუდმივად უარყოფენ შეთავაზებებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ NBA-მ (და არა მოთამაშეებმა) გამოაცხადა ლოკაუტი და გააჩერა თამაში. კალათბურთელები არ ითხოვდნენ მეტ ხელფასს ან მოგების წილის გაზრდას. უფრო მეტიც, მათ უარი თქვეს ლიგის მოგების წილიდან ოთხ პროცენტზე (57-დან 53-ზე ჩამოვიდნენ)

რა თქმა უნდა, საპასუხო პოზიციებით მოთამაშეებიც გამოდიან, მაგრამ მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ NBA - ეს არ არის უბრალო კორპორაცია დაქირავებული თანამშრომლებით. ეს არის ლიგა შეუცვლელი კალათბურთელებით, რომელთა "თანამდებობიდან დათხოვნის" შემთხვევაში ახალს ვერ დაიქირავებ.

ლიგის სახეს მარკ ქიუბანი ან ჯერი ბასი არ წარმოადგენენ, ლიგის სახეა - კობი ბრაიანტი, დუეინ უეიდი, დირკ ნოვიცკი და ა. შ. ამაში მდგომარეობს უნიკალური განსხვავება ფირმებსა და საწარმოებში ჩვეულებრივი გაფიცვებისგან და ლოკაუტებისგან. ორივე მხარე შეიძლება უბრალოდ ხელცარიელი დარჩეს. მხოლოდ მოთამაშეთა მცირე ნაწილი იპოვნის "იაფ" ნავსაყუდელს ევროპაში, მფლობლები კი უბრალოდ დაკარგავენ თავიანთი მომგებიანი ბიზნესის ნაწილს. თუმცა ეს წარუმატებელი მოლაპარაკებების ყველაზე ნეგატიური გამოვლინებაა და ამ კატაკლიზმებამდე ჯერ შორია.

* * *
რა თქმა უნდა, ორივე მხარე დამნაშავეა იმაში, რომ სეზონი არასრულფასოვანი იქნება. თუმცა NBA-ში მომუშავე გამოცდილი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დევიდ სტერნი აშკარად კარგავს თავის პოზიციებს კლუბების მეპატრონეთა თვალში.

მფლობელთა ახალი თაობა დიდად არ წყალობს გამოცდილ კომისარს, რომელიც 13 წლის წინ სრულად აკონტროლებდა ლოკაუტის დროს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს, ახლა კი კლუბების ცალკეულ მფლობელთა სურვილების გათვალისწინებით მუდმივად უნდა მიიღოს კოლეგიალური გადაწყვეტილება.

სტერნმა ამ მოლაპარაკებებში აშკარად წააგო - ის, რომ ლიგა, რომელსაც ის 27 წელი ხელმძღვანელობს, გაჩერდა და უმოქმედოდაა. აშკარაა, რომ ბოლო ორი წელი მოლაპარაკებებისას შეიძლებოდა დანაკარგის პროგნოზირება (გაუქმებული ორი კვირის გამო მხარეები 400 მილიონ დოლარი დაკარგავენ) და იმის გააზრება, რამდენად დაარტყამდა ეს იძულებული გაჩერება თავად ორგანიზაციას.

შესაძლოა, სიმართლე იმალება პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორის ბილ ჰანტერის მინიშნებაში, რომელმაც სამშაბათს გაიხსენა სტერნის მიერ პირად საუბარში ნათქვამი. მაშინ კომისარმა განაცხადა, რომ რეგულარულის მატჩების გაუქმება ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ მოთამაშეებს უკან დახევა აიძულოს.

ჰანტერი დარწმუნებულია, რომ მატჩების გაუქმება - წინასწარ დაგეგმილი სვლა იყო. სტერნს ლამაზი გამარჯვება სურს, რომელსაც, შესაძლოა, ვერ მიაღწიოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ NBA-ის შეფი არ ცდილობს კომპრომისის მიღწევას - მას მხოლოდ მოგება უნდა. მაგრამ მოთამაშეები ძალიან მტკიცედ დგანან საკუთარ პოზიციაზე და მზად არიან თუნდაც მთელი სეზონი გააცდინონ.

* * *
რა თქმა უნდა, მთელი ჩემპიონატის გაუქმება ნამდვილი კატასტროფა იქნება მთელი ლიგისთვის. გასაგებია, რომ მფლობელები ძალიან ბევრს დაკარგავენ, მოთამაშეები - თითქმის ყველაფერს.

მოგვიანებით კი ძალიან რთული იქნება ასოციაციის რენომეს აღდგენა და შემოსავლების იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც ფანტასტიკური 2010-11 წლების სეზონის შემდეგ დაფიქსირდა. გასული სეზონის მაჩვენებლებზე ლიგის დაბრუნება ძალიან დიდ დროს წაიღებს.

ცხადია, რომ ასეთ სიტუაციაში გამარჯვებული არ არსებობს და თუ მხარეები მაინც შეათანხმებენ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ფორმატს, პლუსში არავინ დარჩება. ორივე ბანაკს ეს შესანიშნავად ესმის და მაინც არაფერს თმობს. რამდენიმე ამერიკელი ანალიტიკოსი იმ აზრამდე მიდის, რომ დიალოგში ფსიქოლოგიურმა და "პოლიტიკურმა" ფაქტორმა გადაწონა "მშრალი" ციფრები. თუ სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში ამბობდნენ, რომ გარიგება ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიდოს, 10 ოქტომბერს ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპტიმისტი თითქმის არ არსებობს.

უმეტესობა იმ აზრამდე მიდის, რომ სეზონი 50 მატჩამდე შემცირდება, როგორც ეს 13 წლის წინ მოხდა. ზოგიერთი "გამოუსწორებელი" პესიმისტი კი მთელი სეზონის გაუქმებაზე ლაპარაკობს.

სეზონის განახლებისთვის "მხოლოდ" მოლაპარაკებაა საჭირო. თუმცა მფლობელების მხრიდან ეს გულისხმობს მათი პირობების მიღებას, მოთამაშეთა მხრიდან - კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას. პოზიციები პრინციპულად განსხვავებულია და არ წარმოშობს პერსპექტივებს მომავალი მოლაპარაკებებისას.

კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციაში პესიმისტები მართლები არ გამოდგებიან, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამ სცენარით მიდის. სტერნმა უკვე
ღიად განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მომავალ თამაშებსაც გააუქმებს. NBA-ის კომისარმა დაამტკიცა, რომ მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად, თუნდაც ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის "მოკვლა" მოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული