მხოლოდ მცირე პროგრესი

AutoSharing Option
16 საათი გრძელდებოდა გუშინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისა და კლუბების მფლობელების შეხვედრა. მოლაპარაკებათა ეს რაუნდი დილით დაიწყო და შუაღამეს გადაცილებულზე დასრულდა.

ამ შეხვედრას ესწრებოდა დამოუკიდებელი შუამავალი - აშშ-ის შუამავლობისა და შერიგების ფედერალური სამსახურის დირექტორი ჯორჯ კოენი. სწორედ მისი თხოვნით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა პრესასთან კომენტარი არ გააკეთეს.

თუმცა ამერიკულმა პრესამ გაარკვია, რომ ლოკაუტის შეწყვეტამდე ჯერ ძალიან შორია. მხარეებმა წინ წაიწიეს საერთო შემოსავლის განაწილების საკითხში, თუმცა სახელფასო ბიუჯეტის ლიმიტის პრობლემაში პროგრესი არ შეიმჩნევა.

"ამ მომენტისთვის მხარეები ძალიან შორს არიან კომპრომისამდე", -
ამბობს Yahoo! Sports-თან კომენტარში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.
თავის მხრივ, NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი აცხადებს, რომ თუ კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოილაპარაკებენ, რეგულარული ჩემპიონატი შეიძლება 30 დღის შემდეგ დაიწყოს.

"ჩვენ დავაჩქარებთ სეზონისთვის მოსამზადებლად პროცესს და ვეცდებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის თავზე დავიწყოთ ჩემპიონატი. რაც უფრო გაიწელება მოლაპარაკებები, მით უფრო მეტ შეხვედრას დავკარგავთ", - ამბობს CNN-თან კომენტარში სტერნი.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს დილით უნდა გამართულიყო.

ამასობაში, ლიგის ხელმძღვანელები ერთი საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. ისინი შიშობენ, რომ კლუბების მფლობელებთან მოლაპარაკებებში მოთამაშეთა პროფკავშირი, პირველ რიგში, ლიგის ვარსკვლავების პოზიციას დაიცავს და არა NBA-ის ყველა მოთამაშის.

"ამ მომენტისთვის პროფკავშირების ხელმძღვანელები ბილი ჰანტერი და დერეკ ფიშერი ვარსკვლავების ინტერესებიდან გამოდიან და არ ითვალისწინებენ საშუალო მოთამაშეების პოზიციას, არადა, სწორედ მათ უნდა იცავდეს პროფკავშირი", - მოჰყავს ერთ-ერთი ფუნქციონერის სიტყვები CBS Sports-ს.

* * *
ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა საკალათბურთო კლუბ "ფილადელფია სიქსერზის" აქციათა პაკეტი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა "სიქსერზის" გაყიდვა. კლუბი შეიძინა ინვესტორთა ჯგუფმა მილიარდერ ჯოშუა ჰარისის მეთაურობით. ბიზნესმენსა და მის კოლეგებს დაახლოებით 280 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული