მოგება თანაბრად გაიყოფა

AutoSharing Option
გუშინ დილით დასრულდა NBA-ის კლუბების მფლობელთა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა, რომელიც რვა საათს გრძელდებოდა და მან შესამჩნევი შედეგი მოიტანა: მხარეები პრაქტიკულად დათანხმდნენ საერთო შემოსავლის თააბრად განაწილებას.

მოლაპარაკებები დღეს დილით უნდა განახლებულიყო.

როგორც იცით, ამ შეხვედრებში მონაწილეობს შუამავალი - შერიგების ფედერალური სამსახურის დირექტორი ჯორჯ კოენი. აი, რა განაცხადა მან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ: "მოლაპარაკება კონკრეტული და კონსტრუქციული იყო. ვაგრძელებთ დახმარებას იმისთვის, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მივიდნენ. ყველანი კონცენტრირებულნი არიან იმ საკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ახალი ჩემპიონატის დაწყებას".

"ვფიქრობ, ყველა სასწაულის
მოლოდინშია. მაგრამ შუამავალთან ერთადაც მხარეებს დრო დასჭირდებათ ყველა საკამათო მომენტის დასარეგულირებლად. არ მგონია, რომ კოენი ამ პრობლემას ორი დღის განმავლობაში გაუმკლავდება", - განაცხადა Yahoo! Sports-თან კომენტარში გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შუამავალი თუ სასწაულმოქმედი
ESPN-ის ანალიტიკოსი ჩედ ფორდი ლოკაუტის დასრულებასთან დაკავშირებით თავის ვარიანტებს გვიზიარებს. ამასთან, მიმდინარე პროცესში დიდი როლი ენიჭება შუამავალს. მალე გავიგებთ. შეძლებს თუ არა ის დაპირისპირებული მხარეების ჩიხიდან გამოყვანას.

ერთი კვირის წინ, ჩემპიონატის გადარჩენის მიზნით ორგანიზებული შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. და საბოლოოდ, დევიდ სტერნი იძულებული გახდა რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩები გაეუქმებინა.

მას შემდეგ მხარეებს შეხვედრა არ ჰქონიათ, სამაგიეროდ, ყველას გააგებინეს დახურულ კარსმიღმა საუბრების დეტალები. ორშაბათს დაპირისპირებული ბანაკები ისევ დაუბრუნდნენ დიპლომატიას. ამჯერად შუამავალთან - ჯორჯ კოენთან ერთად. თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, ამ უკანასკნელის სამსახურს ერთიც და მეორე მხარეც მთელი კვირა გამოიყენებს. შეძლებს თუ არა კოენი ლიგის გადარჩენას?

პირადად მე პოზიტიური განწყობა მაქვს. ასეთი პროფესიის ადამიანები სერიოზულ გავლენას ახდენენ კონფლიქტებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონაწილეები ჯიუტად დგანან თავისაზე. მიუხედავად იმისა, რომ კლუბების მფლობელები და პროფკავშირი დახურულ კარს მიღმა ხვდებიან, იგრძნობა, რომ ისინი ძალიან დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან.

შეძლებს თუ არა კოენი მათ დაახლოებას?
შესაძლოა, შუამავლები ყოვლისშემძლენი არ არიან. არც მოსამართლის ფუნქციებს იღებენ საკუთარ თავზე. კოენი დაპირისპირებულ ბანაკებზე ზეწოლას არ განახორციელებს. არც პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებს შესთავაზებს - ეს მის მოვალეობაში არ შედის. მაგრამ სწორი მიმართულების მიცემა შეუძლია.

მსგავსი მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე იშვიათად სრულდება წარმატებით. ყველა გრძნობს საკუთარ სიმართლეს და აქტიურად იცავს პოზიციებს. ერთნი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირებული მხარეც იგივეს გააკეთებს. ზედმეტია ლაპარაკი კომპრომისის ამერიკულ კულტურაზე - ხშირად დაპირისპირებულები ზარალს ითვლიან იმის ნაცვლად, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან.

შეიძლებოდა თანამშრომლობის სურვილი უკეთესიც ყოფილიყო. როგორც კი ლიგამ უარი თქვა ფულის გაყოფის ახალ წესზე, მაშინვე გაისმა ბრალდებები არაპატიოსან თამაშსა და ინტრიგების გაჩაღებაზე. პროფკავშირების აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ჰანტერმა განაცხადა: "იცით თუ არა, რომ ორი წლის წინ სტერნმა დამისახელა თანხა, რომელიც კლუბების მფლობელებმა უნდა მიიღონ. ამაზე მე ვუპასუხე, რომ ასეთი თანხის მისაღებად ერთი-ორი წლით კალათბურთიდან ჩვენი ჩამოშორება მოუწევდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დევიდს შეეძლო ამის გაკეთება. როგორც ვხედავთ, ის სწორედ ასეთი სცენარით მოქმედებს".

ნდობის გარეშე შეთანხმება თითქმის არ არსებობს. ამის ნაცვლად, ოპონენტთა ტაქტიკა ისევ დიდ ეჭვებს იწვევს. მისი მიზანია - ბზარი იპოვნოს მოწინააღმდეგის ნავში. და რა გვრჩება შედეგად? გარნეტი და სხვები განრისხებულნი არიან, ორი კვირა გაუქმებულია. ლოკაუტი მინიმუმ შობამდე გაგრძელდება - ეს ილუზია არ არის.

დღევანდელი სტრატეგია ყველას ძვირად უჯდება. ნეგატივისა და ზედმეტი სიჯიუტის შედეგები არავის გაახარებს. ბევრი ჩვენთაგანისთვის ცხადია: მოთამაშეები და მფლობელები შეიშალნენ. თავად რას ფიქრობენ ამაზე?

შეეკითხეთ სტერნს, რომელიც პირველ რიგში უნდა მიდიოდეს დათმობებზე - და ის სპორტსმენებზე მიგითითებთ. მიმართეთ ჰანტერს - ის საპირისპირო მიმართულებით გაიშვერს თითს. როცა კომისარი და დირექტორი ჯიუტად დგანან თავისაზე, რა შეთანხმებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!

მაგრამ ყველაზე საინტერესო შემდეგია. ჰკითხეთ კალათბურთელებს - რა სურთ მათ ყველაზე მეტად. საკმარისია შეხვიდეთ "ტვიტერში" და პასუხს გაიგებთ: "ჩვენ თამაში გვინდა!" რამ პასუხობენ მფლობელები: "მოგვბეზრდა ფინანსური ზარალი". იღებენ თუ არა ისინი იმას, რასაც ითხოვენ? არა. მხოლოდ შორდებიან ერთმანეთს.

ორივეს მხარეს უდიდესი პრობლემები დაუგროვდა. ისინი ამას ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ რომ გააცნობიერონ. ერთმანეთის მიმართ ნდობა დაკარგულია. ამიტომაც არის საჭირო მესამე მხარის დახმარება.

* * *
კოენის გეგმა ცალსახად გასაგებია: უნდა შეაგნებინოს დაპირისპირებულ მხარეებს, რომ აუცილებელია კამათის დასრულება. უნდა აღდეს ნდობა და უნდა მიხვდნენ, რომ ისინი ერთმანეთზე არიან გამოკიდებული.

დღეისთვის ყველაზე მაღალმა ინსტანციამ იცის, როგორ განახორციელოს ზეწოლა. ისინი ახორციელებენ ლიგის დაფინანსებას.

დაგვეთანხმეთ, რომ საპასუხისმგებლო როლია. ისეთი ძლიერი კლუბები, როგორებიც არიან "ლეიკერსი", "ნიქსი" ან "ბულზი", ყოველწლიურად ათეულობით მილიონის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ და ამ ფულის გარეშე ისინი შეწყვეტენ არსებობას.

თავის მხრივ, ფიშერი და კომპანია დარწმუნებულია საკუთარ "დამოუკიდებლობაში". ცხადია, რომ მათი წყალობით ივსება არენები. ლიგის კომერციული წარმატება ყოველთვის იყო და იქნება დამოკიდებული ცალკეულ ვარსკვლავებზე. მათ გარეშე ასოციაცია - არაფერს წარმოადგენს.

მხარეები მართლები არიან, მაგრამ თან შეცდომას უშვებენ. ისინი ერთმანეთს სჭირდებიან და იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგონ, თბილ დამოკიდებულება აუცილებელია.

ამისთვის კოენს მოუწევს უმოკლეს დროში ორი დიდი ამოცანის გადაჭრა.

პირველ რიგში გაერკვეს ფინანსების საკითხში. "ფულის ტომრების" ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია: "ლეიკერსის", "ნიქსისა" თუ "ბულზის" დონი გუნდების შენახვა უკვე აღარ არის მომგებიანი. თუ სიმართლეს შეესაბამება მფლობელების განცხადება იმის შესახებ, რომ ლიგის 18 გუნდი წამგებიანია, მაშინ ასოციაცია მართლაც ავად ყოფილა. ამასთან, წარსულს უნდა ჩაბარდეს იდიოტურად გაბერილი კონტრაქტები. მაგალითად ისეთი, როგორიც ედი კარისთან იყო გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული