მანუ იტალიას უმიზნებს

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" არგენტინელი ვარსკვლავი მანუ ჯინობილი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და სპორტული ფორმის შენარჩუნებას "ესტუდიანტესის" რიგებში ვარჯიშით ცდილობს.

ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა მცველმა განაცხადა, რომ თუ უახლოეს სამ კვირაში NBA-ში ლოკაუტი არ დასრულდება, ის სერიოზულად განიხილავს ევროპული კლუბების წინადადებებს.

ჯინობილიმ ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთ იტალიური კლუბთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი, სავარაუდოდ, ბოლონიას "ვირტუსში" აღმოჩნდება, რადგან მანუს ხელში ჩასაგდებად ეს გუნდი ყველაზე მეტად აქტიურობდა.

* * *
ამასობაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრმა პაუ გასოლმა თითქმის
დაადასტურა "ბარსელონაში" გადასვლა. 31 წლის ესპანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ NBA-ში სეზონი არ დაიწყება, ის კატალონურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს.

"არ მინდა მთელი წელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩე. ამიტომაც სერიოზულად განვიხილავ ევროპაში გადასვლის დადებით და უარყოფით მხარეებს. თუ ვერ შევძელი "ლეიკერსში" თამაში, მომიწევს სხვა ვარიანტებზე ფიქრი, რომელთაგანაც პირველი და ძირითადი - "ბარსელონაში" თამაშია", - განაცხადა გასოლმა.

შეგახსენებთ, რომ პაუმ უკვე არაერთხელ აღნიშნა - ევროპაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ NBA-ში სეზონი სრულად გაუქმდება.

* * *
ბერძნულმა პრესამ გაარკვია, რომ სექტემბერში ბერძნული გრანდი "პანათინაიკოსი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ბოსტონის" ვეტერან ვარსკვლავთან კევინ გარნეტთან. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ევროლიგის პრეზიდენტმა ხორდი ბერტომეუმ აცნობა.

"სელტიქსის" ვარსკვლავი დიდი სიმპატიით არის განწყობილი ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის ჟელკო ობრადოვიჩის მიმართ, მაგრამ ამის მიუხედავად, მოლაპარაკებები კლუბსა და კალათბურთელს შორის ჩაიშალა.

სავარაუდოდ, "პანათინაიკოსმა" გარნეტის გრანდიოზული კონტრაქტის დაზღვევა ვერ უზრუნველყო, რაც საბერძნეთში მძვინვარე ფინანსური კრიზისის პირობებში სულაც არ არის გასაკვირი.

* * *
"ვაშინგტონ უიზარდსის" ცენტრი ჯავალ მაკგი ლოკაუტის პერიოდში, სავარაუდოდ, ფილიპინების ჩემპიონატში ითამაშებს. ამასთან, კალათბურთელი არ გამორიცხავს, რომ ამ ქვეყნიმ მოქალაქეობა მიიღოს და ფილიპინების ნაკრების ღირსება დაიცვას.

მაკგის ერთადერთი სეზონი აქვს ჩატარებული NBA-ში. რეგულარული ჩემპიონატის 79 მატჩში მისი მონაგარი 10.1 ქულა და 8.0 მოხსნა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული