სტერნი სრულ სეზონს გვპირდება

AutoSharing Option
ურთიერთგამომორიცხავ ცნობებს ავრცელებენ ლოკაუტთან დაკავშირებით ამერიკული ჟურნალისტები. ისინი მოლაპარაკებებში მონაწილე ინკოგნიტო წყაროების ინფორმაციებს გვაწვდიან, თუმცა ამ ცნობებიდან რაიმე დასკვნის გამოტანა რთულია.

მაგალითად, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი ლიგის მატჩების ტრანსლიაციაზე უფლებების მქონე ტელეკომპანიებს (ESPN და TNT) სრული სეზონის (82 მატჩი) ჩატარებას დაპირდა.

სტერნმა აღნიშნა, რომ სრულფასოვანი რეგულარულის ჩატარება იმ შემთხვევაშიც მოხერხდება, თუ სეზონი სტარტს დეკემბერში აიღებს. ამასთან, კომისარს არ დაუკონკრეტებია, როგორ შედგება ამ შემთხვევაში კალენდარი და შეიცვლება თუ არა პლეი ოფის ფორმატი.

ამ ინფორმაციის პარალელურად კი წერენ,
რომ NBA-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეჭვობს თითო გუნდმა 82 მატჩის ჩატარება მოასწროს.

"მოდით გავიხსენოთ 1998-99 წლების სეზონი. ჩვენ 6 იანვარს მივაღწიეთ შეთანხმებას და სეზონი 5 თებერვალს დაიწყო. მაშინ თითო გუნდმა 50 მატჩის გამართა მოასწრო. ასე რომ, ამჟამად ერთი თვის მატჩები საფრთხის წინაშეა", - ამბობს ლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი "ნიუ იორკ პოსტთან" კომენტარში.

* * *
ამერიკული პრესა და ექსპერტთა ჯგუფი მოთამაშეთა სუსტ და ძლიერ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, კლუბებისა და მოთამაშეების კონფლიქტში დრო ამ უკანასკნელთა საწინააღმდეგოდ მუშაობს.

თუ მხარეები ვერ შეძლებენ ნოემბრის შუა რიცხვებამდე მოლაპარაკებას, მოთამაშეები თავიანთი პირველი ხელფასის გარეშე დარჩებიან. სწორედ იმ დროს არის მოსალოდნელი კალათბურთელთა პოზიციების შერბილება და მათი მხრიდან მოლაპარაკებების დროს უკან დახევა.

ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების შრომითი ურთიერთობების ეროვნული სამსახური მოთამაშეთა პროფკავშირის სარჩელს განიხილავს. მან შესაძლოა, სამართლიანად მიიჩნიოს კალათბურთელთა უკმაყოფილება და აიძულოს ლიგა გააფორმოს ახალი კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირების პირობების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშეთა პროფკავშირმა შრომითი ურთიერთობების ეროვნულ სამსახურში უჩივლა კლუბების მფლობელებს იმის გამო, რომ მათ არ სურთ პროდუქტიული მოლაპარაკებების წარმოება. თავის მხრივ, NBA-ის ხელმძღვანელობამ მიაწოდა კომისიის წევრებს მასალები, რომელიც პროფკავშირის ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობების ეროვნული კომისიის შემადგენლობას პირადად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აყალიბებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული