ლოკაუტმა ახალი საფრთხეც გააჩინა - გაისად, ლონდონის თამაშებზე, შესაძლოა, მორიგი ამერიკული "დრიმ თიმი" ვერ ვიხილოთ.
გასულ კვირას ლიგის ხელმძღვანელობა და მოთამაშეთა პროფკავშირი საბოლოოდ წაეკიდნენ ერთმანეთს. თვით ცნობილმა შუამავალმა და კონფლიქტების მომრიგებელმა ჯორჯ კოენმაც ჩაიქნია ხელი - ამ სიტუაციაში ჩემს სამსახურს აზრი
ერთი კვირის წინ, სწორედ კოენის დახმარებით ურთიერთობებში წისვლა შეინიშნებოდა და სწრაფი კომპრომისის იმედიც წარმოიშვა.
პროფკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა ისიც კი განაცხადა, რომ ოთხი კლუბი - "ლეიკერსი", "მაიამი", "დალასი" და "ნიუ იორკი" უკვე დღეს არიან მზად მოთამაშეთა წამოყენებული პირობების მიღებაზე.
მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი საკამათო საკითხი საერთო მოგების განაწილება იყო. მოთამაშეები 53 პროცენტზე დაბლა არ ჩამოვიდნენ, დევიდ სტერნმა კი წილის თანაბრად გაყოფა დაიჟინა. თუმცა ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სხვა პუნქტმა გამოიწვია. NBA-ის ნამდვილი მიზანია - მიაღწიოს მკაცრი სახელფასო ლიმიტის დაწესებას, ისეთის, როგორიც NHL-ში მოქმედებს.
სწორედ ამის გამო უწოდა ჰანტერმა მატყუარები ლიგის მთელ ხელმძღვანელობას.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, როცა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების დრო მოვიდა, პროფკავშირი ასევე აღშფოთებული იყო იმით, რომ მოთამაშეები მზად იყვნენ კომპრომისზე წასასვლელად, ლიგა - არა. კლუბების მფლობელები მყარად იდგნენ სახელფასო ლიმიტის შემოღების იდეაზე (რომელიც ადრე საერთოდ არ ყოფილა), მოთამაშეები კი პასუხობდნენ, რომ ამას არასოდეს დათანხმდებოდნენ.
მაგრამ სრულად გაუქმდა 2004-05 წლების სეზონი და ამან უფრო მეტად ჰოკეისტები დააზარალა, ვიდრე კლუბები, ამიტომაც მოთამაშეებმა სწრაფად გადადგეს შემხვედრი ნაბიჯები. დღეს ჰანტერი NBA-ს სწორედ იმაში ადანაშაულებს, რომ ასოციაცია ზუსტად ისე იქცევა, როგორც ამას შვიდი წლის წინ NHL აკეთებდა.
გასაგებია, რომ NBA იცავს ლიგის ოცდაათივე გუნდის ინტერესებს და ზრუნავს იმაზე, რომ საჩემპიონო ტიტულის ბედი ბიუჯეტის ოდენობამ არ განსაზღვროს - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობა ხუთ-ექვს გუნდებს შორის გათამაშდება. იმისთვის, რომ მოთამაშეთა კონტრაქტები კოსმოსური სიჩქარით არ გაიზარდოს, ლიგა გამოდის წინადადებით: არამარტო შემცირდეს ხელფასების მაქსიმალური ზღვარი, არამედ გაუქმდეს ის გამონაკლისები, რომლის მეშვეობითაც ამ ზღვარს გვერდს უვლიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდათ "რბილი" ლიმიტიდან ხისტ ლიმიტზე გადასვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაიამელი დუეინ უეიდის კონტრაქტი ვეღარ გავა სახელფასო ბიუჯეტიდან. ეს თანხა კი 14 მილიონ დოლარს უდრის.
მოკლედ, გამოსავალი არ ჩანს და შეიძლება ის სიტუაცია განმეორდეს, როგორიც შვიდი წლის წინ NHL-ში იყო - სეზონის გაუქმება.
ევროპისთვის NBA-ში სეზონის გაუქმება კი შემდეგს ნიშნავს: ჯერჯერთი, NBA-ის სუპერვარსკვლავები, რომლებმაც უკვე გააფორმეს კონტრაქტები ევროპულ კლუბებთან, 2011-12 წლების სეზონს ბოლომდე ითამაშებენ. ე. ი. გულშემატკივრები ტონი პარკერს, დერონ უილიამსს, ნიკოლა ბატუმსა და სხვებს ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროთასების გადამწყვეტ მატჩებში იხილავენ.
მეორე: ზამთარში ევროპას მოაწყდება NBA-ის უფრო ხარისხიანი ვარსკვლავების ტალღა. თანაც ლაპარაკია არა მხოლოდ ევროპელ ვარსკვლავებზე (ძმებ გასოლებზე, რომლებიც "ბარსელონაში" ვარჯიშობდნენ ან დირკ ნოვიცკიზე, ვინც გერმანიაში ინარჩუნებს სპორტულ ფორმას), არამედ ამერიკელებზე, მათ შორის - კობი ბრაიანტზე, ლებრონ ჯეიმსზე, დუეინ უეიდზე, დუაიტ ჰოვარდზე, კევინ დურანტსა და სხვებზე...
ბოლოს, ოკეანის გაღმიდან მოსული არც ისე სასიამოვნო ამბები საფრთხეს უქმნის 2012 წლის ოლიმპიადაზე NBA-ის მოთამაშეების მონაწილეობას.
თუ ლიგა და პროფკავშირი ვერ მოასწრებენ ლონდონის თამაშებამდე ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, ეროვნულ ფედერაციებს მოუწევთ სრულად დააზღვიონ თავიანთი ლეგიონერების ზღაპრული კონტრაქტები. და თუ ევროპული ნაკრებების შემთხვევაში ამის მიღწევა შესაძლებელია (ევრობასკეტზე ესპანეთისა და საფრანგეთის ფედერაციებმა საკუთარი ლეგიონერების დაზღვევისთვის შესაბამისად, 5,6 და 2,9 მილიონი დოლარი გადაიხადეს), ამერიკის ნაკრების შემთხვევაში ეს თითქმის გამორიცხულია, რადგან ძალიან დიდი თანხა გროვდება.
უფრო მოსალოდნელი ის არის, რომ ლონდონში აშშ-ის ღირსებას არა ლებრონი ან კობი, არამედ ევროპაში მოთამაშე ამირიკელები დაიცავენ. ბოლოს ასეთი რამ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე მოხდა, როცა NBA-ში წინა ლოკაუტი მძვინვარებდა. სხვათა შორის აშშ-ის "ევროპულმა" ნაკრებმა ოქრომდე ვერ მიაღწია - ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან წააგო და ეს შედეგი არავის მოუნათლავს სენსაციად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"