შაკი: თუ დამჭირდა, ბარკლის ტელევიზიიდან გამოვაგდებ...

AutoSharing Option
გასულ კვირას შაკილ ო'ნილი მანჰეტენს ესტუმრა, სადაც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით წარმოგვიდგინა თავისი საკალათბურთო ნიჭი.

ის ფარიდან ხსნიდა ბურთს, კალათში ტენიდა, ჯარიმებს აგდებდა... თანაც ამას ისე კარგად აკეთებდა, რომ ბევრმა იკითხა: ლეგენდარული ცენტრი ლოკაუტის დასრულების შემდეგ NBA-ში დაბრუნებას ხომ არ აპირებსო.

სამწუხაროდ არა. ეს მხოლოდ ვირტუალური შაკი იყო, რომლის მოქმედებებსაც რეალური შაკი მართავდა. ეს ყველაფერი EA Sports-ის ახალი თამაშის - NBA JAM-ის პრეზენტაციაზე მოხდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტელეარხ TNT-ის ანალიტიკოსი დათანხმდა მცირე ინტერვიუს "ნიუ იორკ თაიმსის" მიმომხილველ ჯო ბრეშიასთან.

-
შაკ, გაკვირვებული ხართ იმით, რომ "ლეიკერსში"
თქვენი ყოფილი თანაგუნდელი დერეკ ფიშერი მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი გახდა?
- სულაც არა. ის ყოველთვის გამორჩეული და ჭკვიანი ბიჭი იყო. გონება ძალიან უჭრიდა და ბუნებრივია, ჩვენზე მეტი ინტელიგენტი გახლდათ. იმედი ვიქონიოთ, დერეკი დაეხმარება ორივე მხარეს კონსენსუსის მიღწევაში და საბოლოოდ, ზავი დაიდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

- რას ფიქრობთ იმ აგენტების სტარტეგიაზე, რომლებიც მოთამაშეთა ინტერესებს წარმოადგენენ?
- ეს არის სიტუაცია, რომელიც არ შეიძლება არ გაღიზიანებდეს. აგენტებს ყოველთვის ყველაფრის კონტროლი სურდათ. ამიტომაც ვურჩიე ყველა მოთამაშეს თვალი ადევნონ საკუთარ აგენტებს და შეეცადონ გაიგონ, რას აკეთებენ ისინი. მნიშვნელოვანია იცოდნენ - მათი მოქმედება ჯიბის გასქელებას ემსახურება თუ მოთამაშეების კეთილდღეობას.

- რას ფიქრობთ საერთო მოგების თანაბრად განაწილებაზე, რომელსაც კლუბების მფლობელები სთავაზობენ, მაგრამ მოთამაშეები უარს ამბობენ?
- სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში რთული გასაგებია რას ნიშნავს ეს რიცხვები.

- თქვენს თაყვანისმცემლებს აინტერესებთ
- დაგითმობთ თუ არა TNT-ზე დროს ჩარლზ ბარკლი?
- პირდაპირ გეტყვით: მე ვაპირებ საკუთარი საეთერო დროის მიღებას. გადასაღებ მოედანზე მათ ისევე მივმართავ, როგორც ამას საკალათბურთო მოედანზე ვაკეთებდი. თუ საჭირო იქნება, ბარკლის ტელევიზიიდან კატასავით გამოვაგდებ.

- ამბობენ, კობი ბრაიანტი იმის გამო გაკრიტიკებდათ, რომ ვარჯიშებისადმი აგდებული დამოკიდებულება გქონდათ. არ გინდათ რამე უპასუხოთ?
- არა. მე არ მჭირდებოდა ვარჯიშები. გადახედეთ ჩემს კარიერას - ის თავად მეტყველებს ყველაფერზე. მე NBA-ის ფინალური სერიის სამგზის უძვირფასესი მოთამაშე ვარ.

- თუ ახალი სეზონი მაინც ჩატარდა, ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონობის პრეტენდენტად?
- "მაიამი" აუცილებლად შეეცდება რეაბილიტაციას - ისინი კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან. "ბოსტონიც" ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე. იქაურ "ბებრებს" კიდევ შერჩათ ძალები. "ორლანდოც" და "ლეიკერსიც" ამ სიაში არიან.

- ვისი თამაში განიჭებთ სიამოვნებას?
- ჯეიმსის, უეიდის, დურანტის... კალათბურთელი, რომლის თამაშის ყურება მართლაც ყველაზე მეტად მიყვარს - ბლეიკ გრიფინია.

- გსურთ საკუთარი გუნდი გყავდეთ?
- დიახ. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ამ გუნდს ნიუარკში გადავიყვან. ჯერ არ მილაპარაკია მერთან ამის შესახებ, მაგრამ ვმუშაობ ამ საკითხზე (იცინის). ვიცი, რომ ნიუარკს შეუძლია NBA-ის გუნდის შენახვა, ამიტომაც მინდა ერთ-ერთი ვიყო იმათგან, ვინც ამ ქალაქს გააბედნიერებს.

- სამართალდამცავ ორგანოებში თქვენი კარიერა არ შედგა?
- ვაპირებ ვიბრძოლო ფლორიდას შტატში ლეიკ ქაუნთის შერიფის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად.

- ფიქრობთ, კალათბურთი რომ არ აგერჩიათ სამართალდამცავი გახდებოდით და ამ გზას გაყვებოდით?
- დიახ. სავარაუდოდ, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი გავხდებოდი.

- კალათბურთელის კარიერიდან რომელია ყველაზე სასიამოვნო მოგონება?
- ასეთი მომენტი არ არსებობს, რადგან თითქმის ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი ცხოვრებისგან.

- ყველაზე უარესი მოგონება?
- "დეტროიტთან" წაგება 2004 წლის ფინალში ("ლეიკერსმა" 1:4 დათმო "პისტონზთან" ფინალური სერია).

- ნანობთ თუ არა რამეს?
- არა. ოღონდ, მცირედით მწყინს ის ფაქტი, რომ ტრავმის გამო 200-ზე მეტი შეხვედრა გამოვტოვე.

- ამჟამად რა კომპოზიციები გაქვთ ჩატვირთული თქვენს iPod-ში?
- ლილ უეინი, ჯეი ზი და კენი უესტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული