დღეს ახალ სეზონს გამოაცხადებენ?

AutoSharing Option
დღეს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, შესაძლოა, ლოკაუტი დასრულდეს. "მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ყველანი ველით, რომ მომავალ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმებამდე მივლენ", - განუცხადა Yahoo! Sports-ს მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე კმაყოფილია მოლაპარაკებების მსვლელობით NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი:

"ვფიქრობ, კომპრომისულ ვარიანტამდე უახლოეს პერიოდში მივალთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრებს. ჩვენ ძალიან გვინდა ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება".

NBA-ის კომისარს დევიდ სტერნსაც დიდი იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში კლუბების მფლობელები და პროფკავშირი შეძლებენ ახალი
ხელშეკრულების გაფორმებას:

"მოუთმენლად ველი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს. მხარეებს კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ. დიდი იმედი გვაქვს, რომ პარასკევს საღამოს მხარეები საბოლოოდ მოილაპარაკებენ".

პროფკავშირის პრეზიდენტი დერეკ ფიშერი ჯერ არ ჩქარობს ზეიმს მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო. მისი აზრით, მხარეები ჯერ უნდა მივიდნენ კომპრომისზე საერთო შემოსავლის განაწილების საკითხში:

"ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს რთული პროცესია და ყველა დეტალი უნდა შევათანხმოთ. რაც უფრო ახლოს ვართ კომპრომისთან, მით უფრო რთულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები".

ყველაზე სასიამოვნო ის არის, უახლოეს ორ დღეში კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სრული სეზონის ჩატარება. უბრალოდ, რეგულარული ჩემპიონატის აპრილის ბოლომდე გაგრძელება იქნება საჭირო.

"ლიგის ფუნქციონერებს იმედი აქვთ, რომ ახალი სეზონში თითოეულ გუნდს 82 მატჩის ჩატარება მოუწევს. ამჟამად ლიგის ხელმძღვანელობა სტადიონების წარმომადგენელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ არენები აპრილის ბოლომდე გუნდების განკარგულებაში იყოს", - აცხადებს "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი ჰოვარდ ბეკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული