მოლაპარაკებათა ამ რაუნდის შემდეგ ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა - 30 ნოემბრის ჩათვლით რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩი გაუქმებულია.
"სამწუხაროდ, მხარეებს შორის ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა
მოთამაშეები ვერ ხვდებიან იმას, რომ მფლობელები ლოკაუტის გამო უზარმაზარ წაგებაში არიან. შესაბამისად, ლიგის მორიგი წინადადება მათთვის კიდევ უფრო წამგებიანი იქნება, რადგან მათ ეს დანაკარგი უნდა დაფარონ", - ამბობს სტერნი.
მოთამაშეთა პროფკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმაც გააკეთა კომენტარი შაბათის შეხვედრაზე: "დერეკ ფიშერმა და
მე მივანიშნეთ მფლობელებს, რომ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში, თუ საერთო მოგების 52 პროცენტს მივიღებთ, მაგრამ ისინი თანაბრად გაყოფას ითხოვენ. ჩვენ ისედაც დიდ დათმობებზე წავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა".
პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის თქმით, მან არ იცის, რატომ დასრულდა ბოლო შეხვედრა წარუმატებლად: "ჩვენ გვინდოდა ხელშეკრულების გაფორმება. ყოველთვის ასეთ განწყობაზე ვართ, მაგრამ დღეს ვერ შევძელით პრობლემის მოგვარებასთან მიახლოება. მხარეები საკუთარ პოზიციაზე იდგნენ და არ სურდათ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა. არ ვიცი, როდის განახლდება მოლაპარაკებები. მფლობელთა წინადადებებში ისევ ბევრი შეზღუდვაა".
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა კევინ დურანტმა ახსნა, რატომ ითხოვენ მოთამაშეები საერთო მოგების 52 პროცენტს.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ კალათბურთელებს აღარასოდეს ექნებათ ლიგის საერთო მოგების 57-პროცენტიანი წილი, როგორც ეს ადრე იყო.
ამიტომაც ვითხოვთ, თუნდაც 52 პროცენტი დაგვიტოვონ. თუ დღეს ჩვენ სისუსტეს გამოვიჩენთ და თანაბარ განაწილებას დავთანხმდებით, მოგვიანებით ნახევარზე ნაკლებს შემოგვთავაზებენ. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მოთამაშეთა მომავალ თაობაზეც ვფიქრობთ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" NBA-ის ვარსკვლავმა.
* * *
ამასობაში, პრობლემა შეექმნა NBA-ის ვარსკვლავთა ექვსმატჩიან მსოფლიო ტურნეს. კერძოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდო პუერტო რიკოში გასამართი პირველი შეხვედრა, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მატჩის ახალი თარიღი 3 ნოემბერს გამოცხადდება.
დანარჩენ ხუთ შეხვედრას, რომელიც ლონდონში, ჩინეთსა და ავსტრალიაში უნდა გაიმართოს, მაყურებელი ნოემბერის ბოლო რიცხვებში იხილავს.
სხვათა შორის NBA-ის ვარსკვლავთა გუნდს გამოაკლდა "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. "სუპერმენმა" უარი თქვა მგზავრობაზე. ასევე სხვადასხვა მიზეზით ტურნეში არ მიემგზავრებიან დერიკ როუზი, რასელ უესტბრუკი, ლებრონ ჯეიმსი, კრის პოლი და კარმელო ენტონი. კითხვის ნიშნის ქვეშაა კობი ბრაიანტის, კევინ დურანტის, ბლეიკ გრიფინისა და კევინ გარნეტის მონაწილეობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"