სტერნი: ლოკაუტი 9 ნოემბერს უნდა დასრულდეს

AutoSharing Option
გუშინ, ნიუ იორკში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაპირისპირებულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ სცადეს ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება.

შეხვედრაში, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელმა შუამავალმა ჯორჯ კოენმა. აქვე იყო "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი, რომლის შესახებაც შეხვედრის წინ დაიწერა, რომ ის სათავეში უდგას კლუბების მფლობელმა იმ ჯგუფს, რომელიც ჯიუტად მოითხოვას ლიგის საერთო შემოსავლის თანაბრად განაწილებას. ასეთი დაახლოებით 12 მფლობელია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჯორდანი მხარს უჭერდა ვარიანტს, რომლის მიხედვითაც მოთამაშეების წილი 47
პროცენტი უნდა ყოფილიყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკულმა პრესამ დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა - მფლობელები და პროფკავშირი მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეების კომენტარებიც მოვისმინეთ, რომელიც აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი იყო. NBA-ის კომისრის დევიდ სტერნის თქმით, ის ლოკაუტის დასრულებას 9 ნოემბრისთვის ვარაუდობს, პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი კი იმედგაცრუებას გამოთქვამს შეხვედრის შედეგების გამო.

"ჩვენ დათმობაზე წავედით და შემოსავლის ისეთი განაწილება შევთავაზეთ კალათბურთელებს, რომლის მიხედვითაც ისინი 51 პროცენტს მიიღებენ. მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი ოთხშაბათს, 9 ნოემბერს გაიმართება. თუ პროფკავშირი უარს იტყვის ჩვენს ახალი პირობებზე, მაშინ მფლობელები მოთამაშეებს 47 პროცენტზე მეტს აღარ შესთავაზებენ. ორივე მხარემ კარგად უნდა აწონდაწონოს ის, რაც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ", - სტერნის სიტყვები ძალიან ჰგავს ულტიმატუმს.

დერეკ ფიშერი: "კიდევ ერთი ნაღვლიანი დღე იყო NBA-ის თაყვანისმცემლებისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ შეხვედრის შედეგების გამო. მფლობელების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რათა სწრაფად მოგვეგვარებინა ყველა უთანხმოება და კონსენსუსამდე მიგვეღწია. მაგრამ ჩვენს შორის კვლავ დიდი უფსკრულია. არადა, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ გარანტიებისა და კალათბურთელების შრომის ანაზღაურების სამართლიან სისტემას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული