გასულ უქმეებზე NBA-ის ორი კალათბურთელი დაისაჯა უდისციპლინობის გამო. ერთ-ერთი გახლავთ "საკრამენტო კინგზის" ფორვარდი ჯეი ჯეი ჰიქსონი, რომელმაც ლოკაუტის პერიოდში ისრაელის კლუბთან "ბნეი ჰაშარონთან" გააფორმა კონტრაქტი. მაგრამ ამ კალათბურთელის ევროპული კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჰიქსონი ვარჯიშებზე მუდმივი დაგვიანებებისა და დისციპლინის დარღვევისთვის გუნდიდან გარიცხეს. ჰიქსონმა "ბნეი ჰაშარონის" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
ჰიქსონი 2008 წლის დრაფტის მე-19 ნომერია. ის NBA-ში კარიერას "კლივლენდის" შემადგენლობაში იწყებდა. შარშან მან 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 13.8 ქულა ლა 8.7 მოხსნა დააგროვა.
* * *
"იუტა ჯაზის" ყოფილი მოთამაშე, პუერტორიკოელი ხოსე ორტისი მარიხუანას შენახვისთვის დამნაშავედ სცნეს. კალათბურთელი ამა წლის ივნისში დააპატიმრეს ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციისთვის და ახლა მას სასამართლომ 600 საათი იძულებითი სამუშაო მიუსაჯა.
ორტისი "იუტაში" 1988-90 წლებში თამაშობდა, კარიერის დიდი ნაწილი კი ევროპაში გაატარა, სადაც "რეალისა" და "ბარსელონას" რიგებშიც უთამაშია.
ის პუერტო რიკოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად არის მიჩნეული. ორტისს მონაწილეობა აქვს მიღებული ოთხ ოლიმპიადაზე, აგრეთვე 1994 წელს სანკტ-პეტერბურგში კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"