სტერნმა ვადა დათქვა

AutoSharing Option
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მოთამაშეთა პროფკავშირისა და კლუბების მფლობელების მორიგ შეხვედრაზე. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი შესთავაზა მოპირდაპირე მხარეს.

დოკუმენტის ახალ ვარიანტში გათვალისწინებულია ლიგის საერთო მოგების თანაბარად გაყოფა და სისტემურ საკითხებში რამდენიმე ცვლილება, რომელსაც პროფკავშირი ითხოვდა.

სტერნის თქმით, თუ მოთამაშეები მფლობელთა ახალ წინადადებას მიიღებენ, ლიგა 72-მატჩიან რეგულარულ ჩემპიონატს ჩაატარებს, რომელიც 15 დეკემბერს აიღებს სტარტს.

"ორი ძალიან დაძაბული დღე გვქონდა. რამდენიმე საათის წინ ჩვენ მოთამაშეებისთვის მოვამზადეთ კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რომელშიც გავითვალისწინეთ პროფკავშირების მოთხოვნები. თუ უახლოეს პერიოდში
კომპრომისს მივაღწევთ, მაშინ შევძლებთ 72-მატჩიანი სეზონის ჩატარებას. ჩემპიონატის დაწყების საორიენტაციო თარიღია - 15 დეკემბერი.

ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ძალებში იყო. ახლა პასუხს პროფკავშირისგან ველით", - განაცხადა NBA-ის კომისარმა.

სტერნის ასისტენტი ადამ სილვერი დარწმუნებულია, რომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ლიგის ნებისმიერ გუნდს დაეხმარება გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.

"ლიგა უკეთესი გახდება და ყველა გუნდის გულშემატკივარი მიიღებს იმის იმედს, რომ სწორედ მისი საყვარელი გუნდი გახდება ჩემპიონი. გვჯერა, რომ ცვლილებები NBA-ის დიდ სარგებლობას მოუტანს", - ამბობს სილვერი.

დაპირისპირებული მხარეების მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება და სწორედ იქ იტყვის საბოლოო პასუხს მოთამაშეთა პროფკავშირი. მანამდე კი ამ ორგანიზაციის ლიდერებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუთქვამთ ლიგის ახალი შეთავაზების გამო.

"კლუბების მფლობელებმა სისტემურ საკითხებში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანეს. მაგრამ ამ მომენტისთვის კოლექტიური ხელშეკრულების ასეთი ვარიანტი ჩვენ არ გვაწყობს. პროფკავშირი ჯერ მზად არ არის კომპრომისისითვის", - ამბობს პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი ამბობს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ახალ ვარიანტს მოთამაშეების შეკრებაზე მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ. ასევე მისი სიტყვებით, მოუგვარებელი დარჩა დაახლოებით ორმოცამდე მეორეხარისხოვანი საკითხი: "ეს არ არის საუკეთესო წინადადება, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაცნოთ ის პროფკავშირის წევრებს, რათა მათ საკუთარი აზრი გამოთქვან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული