ბეჭდების მბრძანებელი

AutoSharing Option

ამ ზაფხულს, რეკორდსმენი მწვრთნელი ფილ ჯექსონი კიდევ უფრო ტიტულოვანი გახდა - 64 წლის ასაკში, მწვრთნელის რანგში NBA-ის მე-11 ("ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად - მეოთხე) საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. არც ისე ცუდი შედეგია ყოფილი ჰიპისთვის, რომელსაც პოლიტკორექტული ამერიკისთვისაც კი გრძელი ენა და რადიკალური მოსაზრებები აქვს.

ჯექსონის მშობლები ცნობილი ევანგელისტები იყვნენ, რომლებიც კვირაობით ეკლესიაში მსახურობდნენ და ცხოვრებაზე საკუთარი კონსერვატული შეხედულებების მიხედვით ზრდიდნენ ბავშვებს. არანაირი ფილმები, ცეკვები, ტელევიზორი - უნდა ითქვას, რომ ფილის ბავშვობა მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა გართობით. ჩრდილოდაკოტელი ახალგაზრდა ბიჭი კალათბურთში უფროს

კლასებში სწავლისას შევიდა.

შესაძლოა ამიტომაც ვერ გახდა გრძელი და ძლიერი ხელების მქონე ორმეტრიანი კალათბურთელი NBA-ის ვარსკვლავი. თუმცა საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში ათ სეზონზე მეტი გაატარა და ორჯერ (1970, 1973) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა "ნიუ იორკ ნიქსის" შემადგენლობაში. სპეციალისტები აღნიშნავდნენ ფილის შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფულობას, დაცვაში აგრესიულ თამაშს, მაგრამ ამავდროულად შეტევაში მრავალფეროვნება აკლდა. მოკლედ, 1968 წელს ახალბედათა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის მიუხედავად, ფილი კარიერის ბოლომდე "შავ მუშად" დარჩა, რომელიც რეკორდებს არა ქულების ან შედეგიანი გადაცემების, არამედ პერსონალურების რაოდენობით ამყარებდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გმირი მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა. ჯექსონი არა უბრალოდ შესამჩნევი, არამედ ძალიან შესამჩნევი ფიგურა იყო. როგორც ეს ხშირად ხდება, მშობლების სიმკაცრემ საპრისპირო ეფექტი გამოიწვია - ფილიპ დუგლასი (ჩვენი გმირის სრული სახელი) ნამდვილ ბუნტისთავად ჩამოყალიბდა.
ინტელექტუალს, რომელმაც 30 წლის ასაკში პირველი წიგნი დაწერა, არ სურდა სხვა კალათბურთელებს დამგვანებოდა და თავდაპირველად უცნუარი ვარცხნილობა დაიყენა. მას უნდოდა სხვებისგან გამორჩეული და არატიპიური ყოფილიყო. დღეს, ერთი შეხედვით დემოკრატიულ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მკაცრი დრესკოდი არსებობს - არ შეიძლება სამკაულების ტარება, რეპერის სტილში ჩაცმა. პუბლიკის წინაშე მხოლოდ პიჯაკებსა და ჰალსტუხებში გამოჩენაა მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კალათბურთელს ჯარიმა არ არ ასცდება. მატჩისშემდგომ ინტერვიუებში კი მოთამაშეებს ბანალური, მაგრამ სწორი სიტყვებით ლაპარაკი ევალებათ.

ასე იყო მაშინაც, ოღონდ ოფიციალური წესი არ არსებობდა. მოკლე ვარცხნილობა, სუფთად გაპარსული სახე - ამის ფონზე ჯექსონის გრძელი თმები და წვერები უხამსოდ გამოიყურებოდა. ოდნავ მოგვიანებით, ფილმა "ნიქსში" თავისი შავკანიანი პარტნიორი ედი მასტი აიყოლია. "ნიუ იორკის" მთავარი მწვრთნელი რედ ჰოლცმანი ჯექსონს ჭკვიან კალათბურთელად და კარგ მოსაუბრედ აღიქვამდა და მის უცნაურობებს ყურადღებას არ აქცევდა. სამაგიეროდ, საზოგადოება ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო. მით უმეტეს, რომ ფილმა 1975 წელს პირველი ავტობიოგრაფია გამოსცა. წიგნს "ველური" ("მავერიქი") ერქვა - ასეთი იყო მაშინ ჩვენი გმირის მეტსახელი.
წიგნის შინაარსიც "ველური" გამოვიდა, კრიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ნარკოტიკ LSD-სთან ჯექსონის ექსპერიმენტების დეტალურ აღწერას. გარდა ამისა, კალათბურთელი არასოდეს მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ვიეტნამის ომის მიმართ. ის არ ეთანხმებოდა ის მოსაზრებას, რომ ამერიკული სპორტი და კერძოდ სპორტსმენები პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ.

ბუნებრივია, როცა ჯექსონმა სათამაშო კარიერა დაასრულა, NBA-ის ხელმძღვანელობამ შვებით ამოისუნთქეს, რადგან ასოციაციამ მოიშორა უამრავი პრობლემის მომტანი "შავი ლაქა". თუმცა ამ მნიშვნელოვანი პერსონაჟის სამუდამოდ მოშორება მაინც ვერ მოხერხდა - ფილიპ დუგლასმა მწვრთნელობა გადაწყვიტა. ავარჯიშოს, ოღონდ თვალებში არ შეგვეჩხიროს - ასეთი განწყობით გააგზავნეს ახალგაზრდა სპეციალისტი "გადასახლებაში". ფილმა საკონტინენტო საკალათბურთო ასოციციაში დაიწყო მუშაობა.

ლამაზი სახელწოდება არ შეესაბამებოდა საცოდავ, თითქმის მთლიანად გაღარიბებულ ლიგას. მიუხედავად ამისა, სწორედ აქ მოიპოვა ჯექსონმა მწვრთნელის რანგში პირველი საჩემპიონო ტიტული. შემდეგ იყო მგზავრობა პუერტო რიკოს ლიგაში - უფრო მდიდარ, მაგრამ ასევე სუსტ ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, ფილის მიზანი NBA-ში მოხვედრა იყო, მაგრამ მუდმივად უარს იღებდა - ძველი რეპუტაცია მასზე ცუდ გავლენას ახდენდა. მიუხედავად ამისა, ფილმა მაინც მიაღწია მიზანს - 22 წლის წინ, "ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ადგილი ანდეს, ორი წლის შემდეგ კი თავად გახდა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი.

და ის ნამდვილ მუშაობას შეუდგა! ჯექსონის გაწვრთნილმა "ხარებმა" მაიკლ ჯორდანთან და სკოტი პიპენთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონის ტიტული. მოგვიანებით, როცა ჯორდანი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ამას კიდევ სამი გამარჯვება დაუმატეს. სხვათა შორის, სწორედ ჯორდანის გენიალური თამაშის გამო, ბევრი არაფრად აგდებდა ფილის სამწვრთნელო ნიჭს. ასეთი ვირტუოზული კალათბურთელით ნებისმიერი გახდება ჩემპიონი - ამბობდნენ ისინი. თუმცა ავიწყდებოდათ, რომ მაიკლს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არასოდეს მოუგია ტიტული ჯექსონის გარეშე. საინტერესოა, რომ "შურიანები" დაახლოებით იგივეს ამბობდნენ მაშინაც, როცა ჯექსონმა სამჯერ მოაგებინა ჩემპიონობა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს". ოღონდ მაშინ, ჯორდანის ნაცვლად შაკილ ო'ნილისა და კობი ბრაიანტის გვარებს ასახელებდნენ.

მათ პირზე ეკერათ ცნობილი ფრაზა - "იგებენ ვარსკვლავები, აგებენ მწვრთნელები". მაგრამ ვარსკვლავები და გუნდები იცვლებოდნენ, ჯექსონი კი მაინც იგებდა. თუ არ ჩავთლით ერთწლიან შესვენებას ("ჩიკაგოს" გენერალური მენეჯერი ჯერი კრაუზე ისე წაეჩხუბა მწვრთნელს, რომ მორიგი საჩემპიონო ტიტულის მოპოვების მიუხედავად, ფილს განუცხადა - "შენი ფეხი აღარ იქნება ჩემს გუნდში" და თვითმხილველთა თქმით, ამას კიდევ ერთი უხამსი სიტყვაც დაუმატა), ჯექსონმა NBA-ის ჩემპიონატში ზედიზედ ექვსჯერ გაიმარჯვა.
ახალ საუკუნეში ჯექსონის სკანდალური ხასიათი არსად გამქრალა. მან ახალი გასართობი იპოვნა - ბუდიზმი და სხვა აღმოსავლური რელიგიები. რესპექტაბელური გარეგნობის მიუხედავად, მასში მაინც დარჩა ეპატაჟისადმი (სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს - რედ) მიდრეკილება. თუმცა ახლა არა სწორხაზოვანი, არამედ უფრო დახვეწილი ფორმით. ფილმა მეტოქეების დამარცხება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დაიწყო - ფსიქოლოგიური თამაშების დახმარებით. ასეთი ფსიქოლოგიური შეტევის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი: 2000 წელს, "საკრამენტო კინგზთან" სერიის წინ, მან თავის შეგირდებს აჩვენა ფილმი - "იქსის ამერიკული ისტორია" (American History X). ფილმა ედვარდ ნორტონის გმირი, რომლის სხეული დაფარული იყო სვასტიკის ფორმის მრავალრიცხოვანი სვირინგებით, "საკრამენტოს" თავგადაპარსულ და ტატუირებულ მოთამაშეს ჯეისონ უილიამსს შეადარა. უფრო მეტიც, შემდეგ აჩვენა ფოტოსლაიდი, რომლითაც მიანიშნებოდა "საკრამენტოს" მთავარი მწვრთნელის რიკ ადელმანისა და... ადოლფ ჰიტლერის მსგავსებაზე. ადელმანი ძალიან განაწყენდა და განაცხადა, რომ ჯექსონმა ასეთი თავხედური მანერებით ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, თუმცა... ჭაღარა ხულიგანის ამ ეპატაჟმა საჭირო შედეგი მოიტანა - "ლეიკერსმა" გაიმარჯვა.
სხვათა შორის, ფილი სიბერეშიც არ წყნარდება და რეგულარულად აკრიტიკებს მსაჯებსა და NBA-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს (თუმცა მათ ნაცისტებს არ ადარებს), რისთვისაც სოლიდურ ჯარიმებს იხდის. თანხამ ჯამში რამდენიმე ასეულ ათას დოლარს გადააჭარბა. მაგრამ ჯექსონს შეუძლია ასეთი ხერხით ფულის ფლანგვა - მისმა რეპუტაციამ და ფსიქოლოგიურმა ილეთებმა ფილი NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცია - წლიური ხელფასი 10 მილიონ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ შარშან "ლეიკერსმა" "ორლანდოსთან" ფინალური სერია პრაქტიკულად წაგებული მეორე და მეოთხე მატჩების ფენომენალური შემობრუნების ხარჯზე მოიგო. იქ ფილ ჯექსონის ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. გამარჯვების შემდეგ ფილი და მისი მთავარი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი მამა-შვილივით ეხვეოდნენ ერთმანეთს. ვერც კი იტყოდით, რომ ხუთი წლის წინ, ეს ორი ადამიანი ნამდვილი მტრებივით იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებულნი - კობი შაკილის დიდებაზე ეჭვიანობდა და ღიად აკრიტიკებდა ჯექსონს. საპასუხოდ მწვრთნელმა კაპრიზული სუპერვარსკვლავის გაცვლა მოითხოვა და მას "გაუზრდელი" უწოდა. ის რაუნდი ბრაიანტმა მოიგო - ჯექსონი გადადგა, შაკილი გაცვალეს...

მაგრამ მას შემდეგ, რაც "ლეიკერსი" ლეგენდარული მწვრთნელის გარეშე პლეი ოფშიც ვერ მოხვდა, ფილს ისევ დაუძახეს. კობიც "გაიზარდა" და ამისთვის მეოთხე და მეხუთე საჩემპიონო ბეჭდით დაჯილდოვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული