NBA დაგვემშვიდობა

AutoSharing Option
გუშინ, გვიან ღამით პრაქტიკულად გადაწყდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონის ბედი.

მოთამაშეთა პროფკავშირმა უარყო კლუბების მფლობელთა მიერ შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რაც ლოკაუტის გაგრძელებასა და სავარაუდოდ, NBA-ში სეზონის ჩაშლას ნიშნავს.

შეგახსენებთ, თუ კალათბურთელები თანხმობას განაცხადებდნენ ხელშეკრულების ამ ვარიანტზე, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში სეზონი 15 დეკემბერს დაიწყებოდა და თითო გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში 72 მატჩს ჩაატარებდა.

"მოთამაშეებმა გააცნობიერეს, რომ მზად არ არიან ამ წინადადების მისაღებად, რადგან ის არასამართლიანად მიაჩნიათ. ახლა ვაპირებთ გავაგრძელოთ სასამართლო პროცესი, რომელშიც ლიგის ხელმძღვანელობა მონოპოლიაში იქნება დადანაშაულებული.
თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება შექმნილ სიტუაციაში. ორი წლის განმავლობაში მოთამაშეები კეთილსინდისიერად ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ლოკაუტი, მაგრამ ლიგის ხელმძღვანელობამ და კლუბების მფლობელებმა არ გადმოდგეს შემხვედრი ნაბიჯები", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფკავშირების აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა.

"რაც უფრო მეტხანს მიდიოდა მოლაპარაკებები კლუბების მფლობელებთან, მით უფრო უკეთ ვხვდებოდით, რომ ის შედეგს არ მოიტანდა.

ახლა, ჩვენს იურისტებს სრულ თავისუფლებას მივცემთ მოქმედებაში და ისინი სარჩელს შეიტანენ ლიგის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ კომიტეტში. კვლავინდებურად გვინდა დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაოს და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მივყავართ საჭირო შედეგამდე", - ეს პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის სიტყვებია.

"პროფკავშირის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ 2011-12 წლების სეზონი რეალური საფრთხის წინაშეა. ჩემი აზრით, მოთამაშეებს ამ საქციელით უბრალოდ კლუბების მფლობელთა შეშინება სურდათ.

როცა ორი წლის განმავლობაში აწარმოებთ მოლაპარაკებებს და კომპრომისამდე ვერ მიდიხართ, ამ შემთხვევაში დგება არჩევანის მომენტი - ჩატარდეს თუ არა სეზონი? მე არ მივიჩნევ ამას ულტიმატუმად. ეს მართლაც ნამდვილი ტრაგედიაა. მაკვირვებს ის მონდომება, რომლითაც კალათბურთელები საკუთარ თვითგანადგურებაზე წავიდნენ.

მე რომ მოთამაშე ვიყო, პირველ რიგში დავფიქრდებოდი იმაზე, რას აკეთებს ჰანტერი. კალათბურთელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როცა ცალკეული პიროვნებების პროვოკაციებზე წამოეგნენ", - ასეთი კომენტარი გააკეთა შექმნილ სიტუაციაზე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა.

საყოველთაო შეფასებით, ასეთ სიტუაციაში წაგებულნი, პირველ რიგში, კალათბურთელები დარჩებიან. აუცილებლად ასრულდება სტერნის წინასწარმეტყველება და მოთამაშეებს მოგვიანებით გაცილებით უარეს პირობებზე მოუწევთ დათანხმება, ვიდრე ახლა სთავაზობდნენ. რაღაც მსგავსი რამდენიმე წლის წინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოხდა. მაშინაც ჰოკეისტები ჯიუტად იდგნენ თავისაზე და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას აპირებდნენ... შემდეგ რა მოხდა? სეზონი მთლიანად დაიკარგა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა პოზიციები დათმეს და იმის ნახევარი მიიღეს, რასაც ერთი წლის წინ კლუბების მფლობელები სთავაზობდნენ.

კარგად დაწერა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მატიას კანტორმა, რომელიც "ტვიტერზე" ლიგის სიახლეებს ათავსებს მეტსახელით - "დოქტორ NBA". "დღევანდელი დღე - ყველაზე ბედნიერია ევროლიგის ფანებისთვის", - სამართლიანად აღნიშნა მან. რამდენიმე კარგი კალათბურთელი უკვე წავიდა ევროპაში სათამაშოდ, ბოლო დღეებში ბევრ წერენ რამდენიმე კლუბის მხრიდან კევინ დურანტით დაინტერესების შესახებ, ასე რომ, საკალათბურთო ცენტრი, მინიმუმ ერთი წლით, შესაძლოა, ევროპაში გადმოვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული