განდევნილი ანგელოზი

AutoSharing Option
20 წლის წინ, ლეგენდარულმა ირვინ "მეჯიქ" ჯონსონმა აღიარა, რომ შიდსით არის ავად. ESPN-მა გაიხსენა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფენომენალური გამთამაშებლის ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. ამისთვის მან კალათბურთელის მეგობრების, ექიმებისა და თავად მეჯიქის მოგონებები გამოიყენა.

დოქტორი მელმანი, რომელმაც პლეიმეიკერს შიდსის შესახებ ამცნო: "მან არ დამალა დიაგნოზი. პირიქით, საჯაროდ გამოვიდა და აღიარა, რომ ვირუსის მატარებელი იყო. მან ეს ღიად, პირდაპირ და პატიოსნად გააკეთა".

მეჯიქ ჯონსონი: "დიდი ხანი არ მჯეროდა მომხდარის. რეალობა ნისლით დაბურულ ღამის კოშმარს ჰგავდა. აუცილებელი იყო, სწრაფად გამოვფხიზლებულიყავი".

ლონ როუზენი, კალათბურთელის
აგენტი: "სანტა მონიკაში რესტორანში ვისხედით და მეჯიქმა მკითხა - შეძლებდა თუ არა ცხოვრების გაგრძელებას. ამ ბიჭისთვის ერთი ხელის მოსმით დაინგრა სამყარო. ძალიან შეშინებული იყო. მეუღლესთან მომავალი ურთიერთობის გამო წუხდა. საკალათბურთო კარიერაზე საერთოდ არ ფიქრობდა".

მეჯიქ ჯონსონი: "ჩემს თავს ვუთხარი, რომ ღმერთისგან ბოძებული ხანმოკლე სიცოცხლე მაინც შესანიშნავი იყო. მოგვიანებით კი ერთი თაყვანისმცემელი მომიახლოვდა და მკითხა - ხომ არ ვისურვებდი შიდსთან ბრძოლისთვის თანხის გადარიცხვას. დღეს მე ერთ-ერთი ამათგანი ვარ. შინ მისულმა მეუღლისთვის უნდა მეთქვა ყველაფერი. ეს უფრო რთული ამოცანა იყო, ვიდრე ლარი ბერდისა და მაიკლ ჯორდანის ერთად ნეიტრალიზაცია. ჩემი სიტყვების შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ტირილი დავიწყეთ. ჩემს ცხოვრებაში უდიადესი მომენტია ის, რომ მან არ მიმატოვა. ამიტომაც ვარ ცოცხალი".

ლონ როუზენი: "კუკი (მეჯიქის მეუღლე) – რელიგიური ადამიანია. დამარწმუნა, რომ მეუღლეზე იზრუნებდა. და სიტყვა აასრულა".

რეაქცია
1991 წლის 7 ნოემბერს, მეჯიქმა ლოს ანჯელესში მოიწვია პრესკონფერენცია: "ხანდახან გვგონია, რომ ეს სენი მხოლოდ გეებს სჭირთ. მე კი ვაცხადებ: ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, თუნდაც მე, მეჯიქ ჯონსონს".

სამი თვის განმავლობაში კალათბურთის მოყვარულები ამაოდ არკვევდნენ ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარებას და კითხულობდნენ: ხომ არ დასუსტდა? ხომ არ გარდაიცვალა? საავადმყოფოში ხომ არ მოათავსეს? ეჭვი პლეიმეიკერის "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე გამოჩენით გაიფანტა. დიახ, მცველმა დაასრულა კარიერა, მაგრამ არ მიუტოვებია არც სატრენაჟორო დარბაზი და არც საკალათბურთო მოედანი. როგორც წესი, შიდსით დაავადებულები გარე სამყაროს ეთიშებიან. მეჯიქი კი ცხოვრებით ტკბებოდა.

ლონ როუზენი: "მახსოვს, დევიდ სტერნმა განაცხადა: თუ ეს ბიჭი საჭირო ხმებს დააგროვებს – ნებას დავრთავ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ითამაშოს. საბოლოოდ, მეჯიქი ისე თამაშობდა, თითქოს ეს ფინალის მეშვიდე მატჩი იყო. აი, ასეთი ძლიერი პიროვნება იყო".
იმ მატჩში მცველმა 25 ქულა დააგროვა, 9 შედეგიანი პასი გააკეთა და MVP-ის ტიტული მოიპოვა. "ჩემი გული თითქოს მისი თამაშის რითმს აჰყვა", - აღნიშნავდა მოგვიანებით "ლეიკერსის" მფლობელი ჯერი ბასი.

ლონ როუზენი: "მისი გონება ეიფორიამ მოიცვა. იმ საღამომ დაგვანახა: ჯონსონს ჯერ ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე გამოსვლა. ამიტომაც ოლიმპიადაზე გამგზავრება უტოპიად არ ჩანდა. საჭირო იყო მონდომებით მუშაობა, რათა ფორმა არ დაეკარგა".

მიუხედავად ამისა, ყველა კოლეგა მხარს არ უჭერდა ლეგენდის დაბრუნებას. მაგალითად, ავსტრალიის კალათბურთის ფედერაციამ ურჩია თავის მოთამაშეებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ამერიკასთან მატჩისთვის, თუ მათ რიგებში ჯონსონი გამოჩნდებოდა. ცენტრის რეი ბორნერის თქმით, ურჩევნია ვერცხლის მედალს დათანხმდეს, ვიდრე ფინალი ითამაშოს მეჯიქის წინააღმდეგ. ამ მხრივ თანამემამულეებიც გამოირჩეოდნენ. მაგალითად, "ჰიუსტონის" მაშინდელმა მწვრთნელმა დონ ჩეინიმ აღნიშნა: "თუ ვირუსის გადადების რისკი არსებობს – არ მინდა ბედისწერა გამოვცადო. მცველმა არ უნდა ითამაშოს"!" თვით კარლ მელოუნმა აღიარა: "მასთან ერთად მოედანზე ყოფნა მოუხერხებელია".

ლონ როუზენი: "მეჯიქი წუხდა მის მიმართ გამოჩენილი უსამართლობის გამო. ბევრ მოთამაშეს მისგან თავი შორს ეჭირა".
მაგრამ ასეთები უმცირესობაში იყვნენ. მაგალითად, იმავე "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მაყურებელი ორი წუთი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა პლეიმეიკერს. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით მოხვდა ის ოლიმპიადაზე და დააანონსა NBA-ში დაბრუნება.

1992 წლის ოქტომბერში "ლეიკერსი" მონაწილეობდა საგამოფენო შეხვედრაში, რომლის დროსაც მცველმა ოდნავ გაიკაწრა მხარი. ახალი სამედიცინო რეკომენდაციების თანახმად, მას გასახდელში მოუწია ექიმებთან გასვლა. "მეჯიქის წესი" – ასე დაარქვეს მოგვიანებით რეგლამენტის ამ პუნქტს. გულშემატკივრები შოკირებულნი იყვნენ: გუნდის ექიმი სპორტსმენის შიდსით დავირუსებულ სისხლს ეხებოდა. ამ ისტორიამ და ფოტოებმა ამერიკული გაზეთების პირველი გვერდები დაიკავა.

გარი ვიტი, "ლეიკერსის" ფიზმომზადების მწვრთნელი: "ვიცოდი, რომ ვირუსი ასეთი ხერხით არ გადადის. და ვცდილობდი ეს ხალხისთვის ამეხსნა. ხელთათმანიც კი არ ჩამიცვამს, რადგან სისხლი თითქმის არ იყო. მაგრამ მაინც ყველა მე მიყურებდა. ბევრჯერ მითქვამს მოთამაშეებისთვის: მეჯიქისგან ვირუსი არ გადაგედებათ. ამიტომაც, ხელთათმანი რომ ჩამეცვა, საკუთარი თავს შევეწინააღმდეგებოდი. ამის გაკეთება კი არ მინდოდა".

რაც შეეხება იმ მატჩს, ჯონსონი დაბრუნდა მოედანზე, მაგრამ თვალებში სიხარული აღარ ჩანდა. სიჩუმე და ფანების ოხვრა, მუდმივი ყურადღება, მელოუნის განცხადება (რომელთან ერთადაც მეჯიქი ბარსელონაში ერთ კვარცხლბეკზე იდგა) – ამ ყველაფერმა აიძულა პლეიმეიკერი განმეორებით დაესრულებინა კარიერა. ჩამოშორდა თამაშს, რომელიც უყვარდა. განდევნილი ანგელოზი გახდა. მართალია, ცოტა ხნით დაბრუნდა 1995-96 წლების სეზონში, მაგრამ ის სულ სხვა მოთამაშე იყო: 36 წლის და საკმაოდ შორს საუკეთესო კონდიციებისგან. მაშინ ის საბოლოო ჩამოშორდა სპორტს და ქველმოქმედებას მიჰყო ხელი.

ცნობილი მსახიობის პოლ გლეიზერის მეუღლეს - ელიზაბეტ გლეიზერს შიდსი ქალიშვილის ერიელის მშობიარობისას, 1981 წელს შეეყარა. ვირუსი მის ვაჟს ჯეიკსაც გადაედო. შვიდი წლის ასაკში ერიელის სიკვდილის შემდეგ ელიზაბეტმა დააარსა ფონდი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება შიდსის პრობლემებს მიაქცია. ის დაუკავშირდა მეჯიქს 1992 წელს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ.
ლონ როუზენი: "მან იცოდა, რომ კვდებოდა. მაგრამ მეჯიქში ხედავდა იმ ადამიანს, რომელსაც შეეძლო საზოგადოების ყურადღება მიექცია ამ ავადმყოფობის სერიოზულობისთვის და მასშტაბებისთვის, ბიძგი მიეცა სამედიცინო კვლევებისთვის, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა საკუთარი ვაჟისთვის. ჯეიკი ცოცხალია და თავს საკმაოდ კარგად გრძნობს".

სიუზი ზიგენი, ფონდის თანადამაარსებელი: "მთავარი რჩევა, რომლის მოცემაც ელიზაბეტს შეეძლო: არ შეუშინდეთ ვირუსს. პირიქით, მორჩილად მიიღეთ ის. შეხედეთ, რა მოგვიტანა ამან. დღეს ჯონსონი ადამიანის უკვდავი იმედის ცოცხლარი ილუსტრაციაა".

დღეს
მეჯიქ ჯონსონი: "ვფიქრობდი თუ არა მაშინ სიკვდილზე? არასოდეს! თუმცა... ერთხელ, დიაგნოზის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე, რონთან ერთად პლაჟზე სეირნობისას იყო ასეთი მომენტი. შესაძლო შედეგებზე ვლაპარაკობდით... მაგრამ მას შემდეგ, ასეთი რამ არ გამიფიქრებია. თავიდანვე ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი".

ჯერი ბასი: "მქონდა თუ არა იმედი, რომ ჯონსონი გადარჩებოდა და 20 წლის შემდეგაც სიცოცხლით სავსე იქნებოდა? არა. მახსოვს, ექიმები ეუბნებოდნენ მას, რომ თავი შორს დაეჭირა პუბლიკისგან, თავი შეეკავებინა სტრესული მგზავრობებისგან. შემდეგ კი გაზეთში ვკითხულობ: ის ხან კალათბურთს თამაშობს შვედეთში, ლექციას კითხულობს რომელიღაც აღმოსავლეთ შტატში... საოცარი ადამიანია".
დოქტორი ჰო, კალათბურთელის პირადი ექიმი: "ვირუსი არსად გამქრალა. საბედნიეროდ, სამედიცინო პრეპარატებს ის კონტროლქვეშ ჰყავს. დიახ, მეჯიქი უკურნებელი სენით არის ავად, მაგრამ შიდსი, სავარაუდოდ, არ იქნება აგრესიული. 1995 წელს დაწყებულმა თერაპიამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა".

მაიკლ კუპერი, NBA-ის ყოფილი მოთამაშე: "ასეთ გამოცდას ბევრი ვერ გაუძლებდა. ამ ბიჭმა ხომ ის დაკარგა, რაც ყველაზე ძალიან უყვარდა. ამავდროულად, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა მეჯიქის წყალობით... აქ უფრო მეტ დამსახურებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერის დროს".

მეჯიქ ჯონსონი: "მუშაობა გრძელდება. აშშ-ის ცალკეულ რეგიონებში შიდსის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა აფრიკულ დონეს აჭარბებს. გვინდა ადამიანებს შთავუნერგოთ უსაფრთხო სექსის მნიშვნელობა. პრობლემა იმაშია, რომ იმის შემხედვარე, როგორ ვუმკლავდები ავადმყოფობას, ბევრს აღარ ეშინია შიდსის და არასწორ ცხოვრების წესს მისდევს. ასე არაფერი გამოვა. ჩვენ ისევ უნდა გვეშინოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული