დერონი "ბეშიქთაშში"

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერონ უილიამსი ლოკაუტის პერიოდში სტამბოლის "ბეშიქთაშში" თამაშობს.

NBA-ის ვარსკვლავი საკუთარი ვებგვერდის (www.deronwilliams.com) მეშვეობით გვიყვება თურქული ცხოვრების შთაბეჭდილებებს...

სტამბოლში ცხოვრებითა და "ბეშიქთაშში" თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. სანამ ამ გუნდში გადავიდოდი, ბევრი სხვა წინადადება განვიხილეთ, მაგრამ კლუბებს, ძირითადად, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ეს კი არ იყო ჩემი ვარიანტი: მე ლოკაუტის დასრულებისთანავე ასოციაციაში დაბრუნებას ვაპირებ.

თურქეთში გადასვლა მხოლოდ კალათბურთის გამო არ მინდოდა. მაინტერესებდა ა[ალი გამოცდილება, ახალი ქვეყანა, სხვა ქალაქში ცხოვრება... ბევრი კარგი მქონდა გაგებული სტამბოლზე და ეს
იყო ქალაქი, რომელშიც საკუთარი თავი წარმომედგინა.

აქ თითქმის სამი თვეა ვცხოვრობ და ნელ-ნელა თურქულ ენას ვსწავლობ. უკვე ბევრი სიტყვა ვიცი: Ne haber - What’s up? Merhaba Nasilsiniz - Hi, how are you?.. ჯერ წერა არ მიცდია. თავდაპირველად ლაპარაკი უნდა ვისწავლო, რაც, თავისთავად, უკვე სერიოზული გამოწვევაა.

* * *
რაც შეეხება უშუალოდ კალათბურთს, შესანიშნავად ვთამაშობთ. უკვე ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოვიგეთ და ამის გამო ჩემი პარტნიორები უნდა შევაქო. მათ მართლაც შესანიშნავად ჩაატარეს ეს შეხვედრები, რითაც ძალიან გამიადვილეს საქმე.

აქ ჩამოსვლისას ბევრი ამბობდა, რომ აღფრთოვანებულია ჩემს გვერდით თამაშის პერსპექტივით. ეს მართლაც ღირებული იყო ჩემთვის, რადგან ამ სიტყვებს პროფესიონალი კალათბურთელები ამბობდნენ. მათ იცოდნენ ჩემი თამაშის შესახებ და პატივს სცემდნენ ჩემს პროფესიონალიზმს.

ჩვენთან შესანიშნავი ბიჭების მთელი ჯგუფია და ისინი ადაპტაციაში მეხმარებოდნენ. თურქეთში გუნდის წევრობა სულ სხვა ცნებაა. როცა გასვლით მატჩებზე მივდივართ, მუდმივად ერთად ვართ, განსაკუთრებით სადილის დროს. NBA-ში სხვა ქალაქში ჩასვლისას საკუთარ თავს ეკუთვნი და აკეთებ იმას, რაც გსურს. აქ კი საერთო საუზმე, სადილი და ვახშამია - ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ. ეს შესანიშნავია, რადგან კალათბურთელები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. არ მგონია, რომ NBA-ში ასეთი რამ შესაძლებელი იყოს.

ხშირი მიმოწერა და სატელეფონო საუბრები მაქვს მეჰმეთ ოქურთან (ამჟამად "თურქ ტელეკომში" თამაშობს). მასთან ერთად "იუტაში" ექვსი წელი ვთამაშობდი. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ძალიან ბევრს მიყვებოდა სტამბოლის შესახებ. ყოველთვის უნდოდა, რომ მასთან სტუმრად ჩავსულიყავი. მეუბნებოდა, რომ ეს შესანიშნავი ქალაქია, მაგრამ დაავიწყდა ჩემი გაფრთხილება, რომ თავიდან ყველაფერი უცხო იქნებოდა და ადაპტაცია დამჭირდებოდა.

* * *
NBA-სთან შედარებით აქ საშინაო მატჩებზე სულ სხვა ატმოსფეროა. სასტარტო მოთამაშეების წარდგენისთვის მატჩის წინ არ იმართება სპეციალური შოუ კვამლისა და პიროტექნიკის გამოყენებით. ყველა მოთამაშეს მაისურზე ნომრების მიხედვით აცხადებენ. იწყებენ პატარებით და ამთავრებენ დიდი ნომრებით. აცხადებენ ყველას - არა მხოლოდ სასტარტოებს, არამედ სათადარიგოებსაც.

სხვანაირად არის ყველაფერი უშუალოდ მატჩის დროსაც. აქაური ფანები - ფეხბურთის გულშემატკივრებივით არიან, სასტარტო სადაო გდებიდან საფინალო სირენამდე ხმაურობენ. სკანდირებენ ფრაზებს, მღერიან და თითქმის მთელი მატჩი ფეხზე დგანან, რაც ძალიან განსხვავდება NBA-სგან, სადაც ფანები ძირითადად სხედან და გუნდის გასამხნევებლად მხოლოდ მაშინ დგებიან, როცა თამაშში რაღაც განსაკუთრებული ხდება. გარდა ამისა, აქ არ არიან ჩირლიდერები და არ წყობენ შოუს ტაიმ-აუტებისა და შესვენებების დროს. მხოლოდ კალათბურთი.

ეს ყველაფერი ამაღელვებელ ატმოსფეროს ქმნის. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გამო დამატებითი ინტერესი გაჩნდა. შარშან აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ დასწრება იგივე იყო. ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი დადის, მაგრამ ანშლაგი ჯერ არ ყოფილა. ჩემი აზრით, საშუალოდ დარბაზში 2500 კაცი იკრიბება, არენა კი 3200 მაყურებელს იტევს.

* * *
უსაფრთხოების პრობლემა აქ გაცილებით მწვავეა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პატარა მოედნებზე, სადაც ძირითადად გვიწევს თამაში, არც ისე ბევრი გასასვლელია და ფანებს მარტივად შეუძლიათ კალათბურთელებთან "ურთიერთობა", იმ დროს, როცა NBA-ში მატჩის დასრულებისთანავე ტრიბუნების ქვეშ ვიყავით.

გასახდელიდან მაშინვე ავტობუსში მივდივართ და ყველგან პოლიციაა. მე მყავს მძღოლი და პირადი დაცვა, ხოლო გუნდს გასვლით მატჩებში სპეციალური დაცვის ესკორტი მიყვება. ამასთან, არასოდეს დავფრინავთ. სულ ავტობუსში ვართ.

"ქარსიაქასთან" შეხვედრაში 15 პოლიციელი ჩვენი გასახდელის წინ იჯდა. ადგილობრივი არენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია სტუმარი გუნდისთვის. მისი გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში პრაქტიკულად ყურში ჩაგყვირიან. ვერ გეტყვით, რომ ეს ცუდია, ხოლო აქაური გულშემატკივრები სავსებით ნორმალურები არიან.

* * *
ჩვენი საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მეზობლად სავაჭრო ცენტრი გვაქვს. იქ არის Best Buy ("საუკეთესო ფასები") ტიპის მაღაზიები, პროდუქტის დახლები, ბაზარი... იქვეა დიზაინერთა მაღაზიები - Quiksilver-დან დაწყებული, "ლუი ვიტონითა" და "გუჩით" დამთავრებული. იქ ხშირად დავდივართ, რადგან ყველაფერია, რაც გვჭირდება.

ხალხი მუდმივად მეკითხება - როგორ ვიკვებები. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ვარ, ჩემი დიეტა არ შეცვლილა. შემიძლია ბაზარში იგივე პროდუქტები შევიძინო. თევზი, ქათამი, ბოსტნეული. მათ ისევე ვამზადებ, როგორც ამას შინ ვაკეთებდი. მხოლოდ ერთხელ, რომელიღაც გასვლით შეხვედრაში ვჭამე "ფასტფუდში".

ჯერჯერობით ჩემი საყვარელი თურქული კერძია - kebap (ავტორის ორთოგრაფია). ეს ის არის, რასაც ამერიკაში kebab-ს (ავტორის ორთოგრაფია) ვეძახით. კიდევ არის იოგურტის მსგავსი სოუსი, რომელშიც ათასნაირ კერძს აწყობენ. ეს დაახლოებით იმ სოუსის მსგავსია, რომელსაც gyros-ზე (შაურმის ამერიკული ანალოგი) უსვამენ.

კერძების უმრავლესობა, რომელიც აქ გავსინჯე, მომეწონა. ძალიან კარგია თურქული პიცები. მაგრამ ბევრი კერძის სახელწოდება დღემდე არ ვიცი, ზოგიერთის წარმოთქმა ძალიან რთულია. აქ ჩამოსვლამდე თურქულ სამზარეულოს არ ვიცნობდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის ბერძნულ კერძებს მომაგონებს. ბერძნული სამზარეულო კი მიყვარს, ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურია.

ამასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ისტორია გამახსენდა. თურქული კერძები მოგვწყინდა და გადავწყვიტეთ ბავშვები რესტორანში წაგვეყვანა და ნამდვილი ამერიკული კერძებით დაგვენაყრებინა. მივედით ადგილობრივ T.G.I. Friday’s-ში. მენიუ ზუსტად იგივე იყო, როგორიც აშშ-ში, მაგრამ კერძებს სულ სხვა გემო ჰქონდა. ჯეკ დენიელსის სოუსი შევუკვეთე და მხოლოდ მეოთხე ცდაზე მომიტანეს ის, რასაც ვითხოვდი, თუმცა მასაც არ ჰქონდა ჩემთვის ნაცნობი სოუსის გემო. ამიტომაც ცოტათი განაწყენებული დავრჩი. თუმცა ამან შეგვახსენა, რომ შინ არ ვიყავით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული