კრის ბოში: დალასთან წაგება შემთხვევითობა იყო

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კრის ბოშმა ისე მტკივნეულად განიცადა "დალასთან" ფინალურ სერიაში წაგება, რომ მთელი ზაფხული სატრენაჟორო დარბაზიდან არ გამოსულა.

ყოფილმა ტორონტოელმა ფიზიკურად ძალიან მოუმატა და სრულ მზადყოფნაში ხვდება ახალ სეზონს, რომელიც, მისი აზრით, ტრიუმფალური იქნება "მაიამისთვის".

ESPN-თვის მოცემულ ინტერვიუში ბოში "მავერიქსთან" მარცხს შემთხვევითობას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ახალი სეზონის პირველივე დღეს დამტკიცდება, როცა ყოფილი ფინალისტები ერთმანეთში მატჩით გახსნიან მორიგ რეგულარულ ჩემპიონატს.

- კრის, მოყევით, რა აზრები გიტრიალებდათ გონებაში ლოკაუტის დროს? გჯეროდათ, რომ სეზონის გადარჩენა მოხერხდებოდა?
- ყოველთვის ოპტიმისტურად
ვარ განწყობილი და აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ სეზონი, რომელსაც ასე ელოდა გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში, ჩაიშლებოდა. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, რომლის დროსაც მეც დეპრესია მქონდა, მაგრამ სრულ უიმედობას არ მივცემივარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გონიერი ადამიანები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივიდოდნენ სწორ გადაწყვეტილებამდე. საბოლოოდ, ასეც მოხდა. მე კი ამაყი ვარ იმით, რომ ამ პერიოდში უსაქმოდ არ ვყოფილვარ - მუდმივად სავარჯიშო დარბაზში ვიყავი და ამით უკვე მოვუტანე სარგებლობა ჩემს გუნდსა და საკუთარ თავს.

- როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ უკვე სასტარტო შეხვედრაში მოგიწევთ
"დალას მავერიქსთან" დაპირისპირება, რომელმაც შარშან ცხვირწინ აგაცალათ საჩემპიონო ბეჭდები?
- ირონიულად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა პირველ დღეს სპეციალურად დანიშნეს, რათა ოდნავ შერყეული რეიტინგი აემაღლებინათ. ამ მხრივ ლიგის პოზიცია გასაგებია - მათ უნდა აღადგინონ NBA-ის მიმართ საყოველთაო ინტერესი, თუნდაც ამგვარი პროვოკაციული მეთოდით. პირადად მე ეს არ მაღელვებს. პირიქით, დამატებით მოტივაციას მაძლევს - უნდა დავამტკიცოთ, რომ წლის მთავარ სერიაში შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი.

- თქვენი აზრით
"ჰიტი" ტიტულის მთავარი ფავორიტია?
- ერთმნიშვნელოვნად. და თუ პირველ სეზონში ჩავარდნა შეიძლება მოთამაშეებს შორის შეუთამაშებლობას დავაბრალოთ, ამჯერად მხოლოდ ჩემპიონობის მოპოვებაზე ვიქნებით კონცენტრირებული. არასოდეს მეშინოდა ამის ხმამაღლა თქმა. რა თქმა უნდა, ვალდებულნი ვიყავით ხუთი თვის წინ მოგვეგო ტიტული, მაგრამ იმ მარცხიდან გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და ეს ჩვენს სამომავლო ტრიუმფს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

- როგორ უყურებთ
"მაიამის" მიმართ მრავალრიცხოვან კრიტიკას?
- მინდა ვუთხრა ამ "მწერლებს", რომ ახალ სეზონში სამუშაო აშკარად მოაკლდებათ. რაც შემეხება მე, კრიტიკა მიყვარს კიდეც. შეიძლება ითქვას, ადეკვატურად აღვიქვამ მას და მეტი სპორტული აზარტი მიპყრობს. მე ხომ უბრალოდ არ გავდივარ მოედანზე - ყოველთვის ვცდილობ დავამტკიცო, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ვარ ლიგაში. ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. აღარ ვარ შეშინებული ახალბედა, რომელიც 2003 წელს "ტორონტოში" სათამაშოდ მივიდა. ახლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში.

-
"დალასთან" ფინალურ სერიას თავიდან უყურეთ?
- სამჯერ თუ ოთხჯერ. თითოეული მატჩი ყურადღებით შევისწავლე - ჩემი მონაწილეობით თითქმის ყველა ეპიზოდზე ვჩერდებოდი. საკუთარ თავს დათვურ სამსახურს გავუწევდი თუ ამ მატჩებს დავივიწყებდი და ისე მოგაჩვენებდით თავს, თითქოს ეს კოშმარული თამაშები არასოდეს ჩატარებულა. ასე კი მშვიდად, სხვადასხვა რაკურსით შევისწავლე საკუთარი შეცდომები და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ რამეს აღარ გავიმეორებ. არასოდეს.

- მაგრამ ბევრ სპეციალისტს უკვე აღარ სჯერა თქვენი პროგრესის. მათ მიაჩნიათ, რომ ბოშის კონტრაქტი მძიმე ტვირთად აწევს გუნდს.
- მანახეთ ეს ადამიანი და პირადად დავუმტკიცებ, რომ ის არასწორად მსჯელობს. დიახ. გასული სეზონი წარუმატებელი იყო. გეთანხმებით, რომ 50 პროცენტი სიზუსტე საშუალო მანძილიდან და დაახლოებით 10 მოხსნა მატჩში - ეს ის არ არის, რისთვისაც "ჰიტის" ხელმძღვანელობამ ამიყვანა. ეს ჩემთვისაც მიუღებელია. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე უარეს მაჩვენებლებად დარჩება ჩემს კარიერაში. დღეს, როგორც არასდროს მზად ვარ ახალი სეზონისთვის და იქ სულ სხვა კრის ბოშს იხილავთ. გპირდებით.

- თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა გუნდს გაძლიერება?
- მე მჯერა ჩვენი ბიჭების და ვიცი, რომ თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, მცირე ცვლილებები არ გვაწყენდა - "მაიამის" გარკვეულ პრობლემებზე ყველამ იცის. მაგრამ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ დღევანდელი რეზერვითაც მზად ვართ დიდი შედეგების მისაღწევად. თანაც არა შორეულ პერსპექტივაში, არამედ უახლოეს სეზონში.

- საჭიროების შემთხვევაში ისევ ითამაშებთ ცენტრის პოზიციაზე?
- ყოველ წელს ვამბობ, რომ ამ სეზონში ნამდვილად მძიმე ფორვარდის მოვალეობებს შევასრულებ, მაგრამ მაინც ვბრუნდები ცენტრის პოზიციაზე. ამიტომაც თავს შევიკავებ წინასწარი განცხადებებისგან და უბრალოდ დავაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა NBA-ის ყველაზე მაღალი და ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ მეოთხე ნომერი - ჩემი მშობლიურ პოზიციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული