ჩაშლილი დიდი ტრეიდი

AutoSharing Option
ამ დღეებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მასშტაბური ტრეიდი იგეგმებოდა. რამდენიმე წყაროს ცნობით, "ნიუ ორლეანმა", "ლეიკერსმა" და "ჰიუსტონმა" სამმხრივი გაცვლა დაგეგმეს, რომლის მიხედვითაც კრის პოლი ლოს ანჯელესში წავიდოდა, ლამარ ოდომი, ლუის სკოლა, კევინ მარტინი და გორან დრაგიჩი "ჰორნეტსში" აღმოჩნდებოდნენ, "როკეტსი" კი პაუ გასოლს მიიღებდა.

მაგრამ გარიგება არ შედგა. NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა სხვა კლუბების მფლობელთა მოთხოვნით აუკრძალა "ჰორნეტსის" გენერალურ მენეჯერს დელ დემპსის წამყვან კალათბურთელთან გამოთხოვება. გარდა ამისა, სავარაუდო გაცვლა შესაჩნევად დააგდებდა კლუბის ფასს, რომელიც ლიგას ეკუთვნის.

სტერნის ამ გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
"ნიუ ორლეანის" გენერალურმა მენეჯერმა აღიარა, რომ უნდოდა საკუთარი პოსტის დატოვება მას შემდეგ, რაც ლიგამ დაბლოკა კრის პოლის "ლეიკერსში" გადასვლა. კალიფორნიული კლუბის მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა კი აღშფოთება და გაბრაზება ვერ დამალა ამგვარი უსამართლობის გამო.

ასევე უკმაყოფილოა თავად კრის პოლი და არ აპირებს შეურიგდეს ლიგის ამ გადაწყვეტილებას. მან უკვე მიმართა მოთამაშეთა პროფკავშირების თავმჯდომარეს ბილი ჰანტერს თხოვნით, გამონახოს შესაძლო გაცვლის იურიდიული საფუძველი.

* * *
ამასობაში, კრის პოლთან მიმართებაში კონკრეტული წინადადებები წამოაყენეს სხვა კლუბებმაც. მაგალითად, "ნიუ იორკი" მზად არის ამ პლეიმეიკერის სანაცვლოდ ამარე სტაუდმაიერი დათმოს, "ბოსტონი" კი შეელევა რაჟონ რონდოს, ჯეფ გრინსა და მომავალ დრაფტზე რამდენიმე არჩევანის უფლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული