ოქური "ნეტსში" გადავიდა

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი ნეტსი" ახალ სეზონს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დაიწყებს. 23 წლის ცენტრმა ბრუკ ლოპესმა "ნიუ იორკთან" წინასასეზონო მატჩში ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებულია ოპერაცია გადაიტანოს. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან ლოპესის გამოჯანმრთელების ვადებზე.

საინტერესო ის არის, რომ ამ ტრავმის გამო ლოპესი პირველად გამოტოვებს "ნიუ ჯერის" შეხვედრას - მას შემდეგ, რაც ბრუკი დრაფტზე აირჩიეს, მან წინა სამ სეზონში რეგულარული ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მატჩში ითამაშა.

შარშანდელ რეგულარულში ლოპესი საშუალოდ მატჩში 20.4 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა.

როგორც კი ლოპესის ტრავმის შესახებ გამოცხადდა,
"ნიუ ჯერსიმ" სასწრაფოდ განახორციელა ტრეიდი "იუტა ჯაზთან". ამ გუნდიდან მან თურქი ცენტრი მეჰმეთ ოქური გადაიბირა, სანაცვლოდ კი 2015 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება დათმო.

ეს გაცვლა ორივე გუნდს აწყობდა. ოქური ლოპესს შეცვლის, "იუტაში" კი მაღლების რაოდენობა შემცირდება და ენეს კარტერი, ელ ჯეფერსონი და დერიკ ფეივორსი შეძლებენ სათამაშო დროის გადანაწილებას. გარდა ამისა, "ჯაზი" განთავისუფლდა ოქურის სოლიდური კონტრაქტისგან - თურქმა ამ სეზონში 10.8 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

ოქური "იუტაში" 2004-05 წლების სეზონში მივიდა. ის საშუალოდ კარიერაში 13.7 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებდა. შარშან თურქმა მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა რეგულარულში და საშუალოდ 4.9 ქულა და 7.1 მოხსნა მიითვალა.

* * *
"ფინიქს სანზმა" შემადგენლობიდან დაითხოვა ფრანგი ფორვარდი მიკაელ პიეტრუსი. როგორც NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, მხარეებმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმებით მიიღეს.

ივლისში პიეტრუსმა კონტრაქტში შესაბამისი პუნქტი გამოიყენა და 2012-13 წლების სეზონისთვის გააგრძელა ხელშეკრულება. ამ დროის განმავლობაში მას 5.3 მილიონი ფუნტი უნდა გამოემუშავებინა.

ზაფხულში პიეტრუსმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და "ტორონტოში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

* * *
ვებგვერდ Sportando-ს ინფორმაციით, "ატლანტა ჰოქსმა" კონტარქტი გააფორმა მცველ უილი გრინთან. გარიგების პირობები უცნობი დარჩა.

გასულ სეზონში 30 წლის გრინმა 77 მატჩი ჩაატარა "ნიუ ორლეანის" რიგებში და საშუალოდ 8.7 ქულა და 2.1 მოხსნა დააგროვა. მანამდე მცველი ექვსი წელი "ფილადელფიაში" მუშაობდა.

* * *
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს მაჯის ტრავმა აწუხებს და, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს. მაგრამ მცველმა განაცხადა, რომ მკურნალობის დრო არ არის და კვირას ის მოედანზე იქნება. რეგულარული ჩემპიონატის პირველ დღეს "ლეიკერსი" "ჩიკაგოს" ეთამაშება.

"ყველაფერი წესრიგში მექნება. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ შევძლებ მოედანზე გასვლას. ტრავმებით ხშირად მითამაშია და არასდროს ყოფილა ისე, რომ ჩემი მდგომარეობა გართულებულიყოს. ყველაფერი ნორმალურად იქნება", - განაცხადა ბრაიანტმა.

ატლანტა-შარლოტი 92:75

27:27, 22:19, 22:12, 21:17
ა: სმიტი (21+6 მოხსნა), ა. ჯონსონი (15), ჯ. ჯონსონი (12+5 პასი), რადმანოვიჩი (11), ფაჩულია (8+8 მოხსნა).
შ: მაგეტი (18+5 მოხსნა), ოგუსტინი (9), კეროლი (9), უოკერი (8).
ფინიქსი-დენვერი 85:110
16:26, 34:26, 21:27, 14:31
ფ: დადლი (17), უორიკი (15), ბრაუნი (14), მორისი (12+7 მოხსნა).
დ: გალინარი (23+6 მოხსნა), ბრიუერი (20), კუფოსი (15), კეროლი (14), მილერი (9+7 მოხსნა+ 10 პასი), მოზგოვი (8+5 მოხსნა), ანდერსენი (8+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული