NBA: დებიუტანტის დიდების წუთები

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის მესამე დღის ცენტრალური შეხვედრა იყო "მაიამის" და "ბოსტონს" შორის. პოლ პირსის არყოფნაშიც "კელტებმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, რომლებთანაც ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდათ წაგებული. "ბოსტონისთვის"
სამწუხაროდ, ეს სერია გუშინ გაგრძელდა.

პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა "ჰიტის" "დიდი ტრიო". უეიდი და ჯეიმსი ფანტასტიკურ ტემპს ანვითარებდნენ, კარგად მოქმედებდნენ დაცვაში და ფანტაზია არ აკლდათ შეტევაში. "ბოსტონი" ვერ ასწრებდა სამხრეთელების დაწევას, რომლებიც შორიდან და საშუალო მანძილებიდან სროლებს სამწამიანში რეიდებს უნაცვლებდნენ.

"მაიამი" ამ მატჩში მხოლოდ ერთხელ აგებდა და ეს მხოლოდ 14 წამი გაგრძელდა საწყის
წუთებში. რონდოსა და ალენის წყვილს თუ არ ჩავთვლით, "ბოსტონი" ამჯერად უფრო უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე "ნიუ იორკთან" სეზონის გახსნის მატჩში. ასეთი გამოცდილი გუნდისთვის 24 შეცდომა - კატასტროფული მაჩვენებელია. გასაკვირი არ არის, რომ რეაქტიულმა "ჰიტმა" ეს შეცდომები 33 ქულაში გარდასახა.

და მაინც, ამ შეხვედრას საინტერესო დასასრული ჰქონდა და "სელტიქსმა" კინაღამ სასწაული ჩაიდინა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე მასპინძლების უპირატესობა 10 ქულა იყო, როცა "კელტებმა" მომდევნო 59 წამის განმავლობაში ზედიზედ შვიდი ქულა დააგროვეს - შვიდივე "ჰიტის" ყოფილი მოთამაშის კენიონ დულინგის ანგარიშზე იყო.

უფრო მეტიც, სტუმრებმა "მაიამის" შემდეგი შეტევის მოგერიება შეძლეს და ისევ დულინგის ძებნა დაიწყეს, მაგრამ მისი მისამართით გაგზავნილი პასი უეიდმა ჩაჭრა. შემდეგ იყო დებიუტანტ ნორის კოულის ორი მნიშვნელოვანი ზუსტი ტყორცნა საშუალო მანძილიდან, რომელმაც "მაიამის" მეორე გამარჯვება მოუტანა. "ბოსტონმა" კი პირიქით, ორი წაგებით დაიწყო ჩემპიონატი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კოულის თამაში. ბოლო წამებზე ჯარიმების შესრულებისას, ფეხზე ამდგარი მაყურებელი მისი მისამართით სკანდირებდა: "M-V-P! M-V-P!" "სწორედ ასეთი წამებისთვის ცხოვრობ და იზრდები", - განაცხადა მატჩის შემდეგ 23 წლის გამთამაშებელმა, რომელიც წლევანდელ დრაფტზე 28-ე ნომრად აირჩიეს. ამ ბიჭმა დაიმსახურა თავისი 12-წუთიანი დიდება. ბოლო მეოთხედში მან 14 ქულა მიითვალა და სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი არ მისცა.

* * *
პირველი გამარჯვება მოიპოვა "ლეიკერსმა", თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. არავის ეგონა, რომ კალიფორნიელები, პირველად 33 წლის განმავლობაში, სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე თამაშს წააგებდნენ. ამას მარტივი ახსნა ჰქონდა - "იუტას" ლოს ანჯელესში თამაში არასოდეს გამოსდიოდა - ბოლო 28 მატჩში "ჯაზმენებმა" აქ 25-ჯერ წააგეს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა.

"ლეიკერსმა" მეორე და მესამე მეოთხედში განხორციელებული გაქცევის წყალობით დამაჯერებლად გაიმარჯვა, "იუტამ" კი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ფაქტობრივად მთელმა გუნდმა ჩააგდო თამაში. შეტევა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და განსაცვიფრებელი იყო "ჯაზის" მხრიდან ფარქვეშ დაშვებული შეცდომების რაოდენობა. ასე რომ, ჯერ რთული სათქმელია - "ლეიკერსმა" მოუმატა ორი წაგების შემდეგ თუ "იუტაა" ძალიან სუსტი.

"მინესოტას" ისევ მცირედი არ ეყო სეზონში პირველი გამარჯვების მისაღწევად. "მგლებმა" სტუმრად "მილუოკის" წინააღმდეგ მოახერხეს 20-ქულიანი ჩამორჩენის ხუთ ქულამდე დაყვანა, მაგრამ "ირმების" დებიუტანტის ჯონ ლურის თავგანწირულმა თამაშმა ხაზი გადაუსვა "მინესოტას" ლიდერის კევინ ლავის მონდომებას. ამ უკანასკნელმა კარიერაში მეხუთედ დააგროვა ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა.

სტუმრები თავიანთი მთავარი მწვრთნელის რიკ ადელმანის გარეშე თამაშობდნენ, რომელიც სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მისი ადგილი ტერი პორტერმა დაიკავა, მაგრამ ეს ფაქტორი არ გამხდარა "მგლების" მარცხის მიზეზი. ეს გუნდი მატჩის ბოლოს კარგავს კონცენტრაციას. შარშან, "ტიმბერვულვზმა" თამაშების დიდი ნაწილი ბოლო წუთებზე წააგო და ახალ სეზონშიც უკვე ზედიზედ მეორე შეხვედრაში ბოლოწამს გაუშვა ხელიდან გამარჯვება.

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

ნიუ ჯერსი-ატლანტა 70:106
11:28, 19:24, 25:25, 15:29
ნ-ჯ: ბრუქსი (17), ჰემფრიზი (11+6 მოხსნა), უილიამსი (10), გეინსი (8).
ა: რადმანოვიჩი (17+5 პასი+4 ჩაჭრა), უილიამსი (14+9 მოხსნა), ფაჩულია (13+11 მოხსნა), ტიგი (13), მაკგრეიდი (12), ჯონსონი (11), ჰორფორდი (8).

მაიამი-ბოსტონი 115:107

30:27, 39:27, 22:29, 24:24
მ: ჯეიმსი (26+6 მოხსნა+5 პასი), უეიდი (24+8 პასი+4 დაფარება), კოული (20+3 ჩაჭრა), ბოში (18+11 მოხსნა), ჯონსონი (9).
ბ: ალენი (28), რონდო (22+8 მოხსნა+12 პასი), დულინგი (18), ბასი (13+5 მოხსნა), გარნეტი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), დენიელსი (9).

მილუოკი-მინესოტა 98:95
32:30, 28:18, 19:20, 19:27
მილ: ჯენინგსი (24+7 პასი), ჯექსონი (16+5 მოხსნა), ბოგუტი (15+9 მოხსნა), ლური (14+8 მოხსნა), უდრიხი (8)
მინ: ლავი (31+20 მოხსნა), რიდნური (17), ბიზლი (15+7 მოხსნა), ბარეა (9), ჯონსონი (8).

პორტლენდი-საკრამენტო 101:79
23:25, 23:21, 28:19, 27:14
პ: უოლასი (25+8 მოხსნა+5 პასი), ოლდრიჯი (24+8 მოხსნა), ბატუმი (15+5 მოხსნა), მეტიუზი (8+5 მოხსნა).
ს: კაზინსი (16+11 მოხსნა), ტორნტონი (14), ტომპსონი (11), ჰიქსონი (10+5 მოხსნა), ფრედეტე (10), ჰეიესი (4+11 მოხსნა).

ლეიკერსი-იუტა 96:71
18:17, 23:14, 30:15, 25:25
ლ: ბრაიანტი (26+8 მოხსნა+5 პასი), გასოლი (22+9 მოხსნა+5 დაფარება), უორლდ პისი (14+5 მოხსნა), ფიშერი (9), ბლეიკი (8).
ი: მილსეპი (18+8 მოხსნა), ჰოვარდი (10) ფეივორსი (8+6 მოხსნა), ჯეფერსონი (4+10 მოხსნა), კანტერი (5+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული