კვირის მატჩი
კვირის საუკეთესო მატჩი გახდა დასავლეთი კონფერენციის ფინალისტთა დაპირისპირება. "ოკლაჰომა" საკუთარ მოედანზე იღებდა "დალასს" (104:102). სწორედ ამ მატჩში აჩვენა "დალასმა" ის თამაში, რომლითაც შარშან ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ კევინ დურანტის ფანტასტიკურმა თამაშმა და შეხვედრის ბოლოს რასელ უესტბრუკის მონდომებამ მასპინძლებს ბოლო წამზე მოგების საშუალება მისცა. სეზონში პირველად ვიხილეთ სირენასთან ერთად ჩაგდებული გამარჯვების ბურთი. მისი ავტორი დურანტი გახდა. NBA-ში ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში მან მესამე ჩააგდო სირენასთან
კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტის" მსუბუქი ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ოკლაჰომა სიტის" მცველი კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი თავის გუნდს ზედიზედ ხუთი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ლებრონი ლიდერობს ლიგას საშუალო 29.6 ქულით, კონფერენციის ლიდერია ჩაჭრების რაოდენობით (2.40) და გუნდის ლიდერი შედეგიანი გადაცემებით (6.6). ჯეიმსმა სამ მატჩში დააგროვა მინიმუმ 34 ქულა, მათ შორის 37 ქულა მიითვალა "დალასთან" შეხვედრაში.
ასევე მოიგო სასტარტო ხუთი მატჩი "ოკლაჰომამ", რაშიც დურანტის ყველაზე დიდი წვლილია. "დურანტულა" დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტ ქულას (27.4) აგროვებს და ლიგის მეორე ბომბარდირია. ის 54.7 პროცენტის სიზუსტით ისვრის თამაშიდან და სამქულიანების 50 პროცენტს ათავსებს კალათში. სეზონის სტარტზე კევინმა ზედიზედ ოთხ მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა.
ჯეიმსის კვირა
25 დეკემბერი. დალასი-მაიამი 94:105. 37 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
28 დეკემბერი. შარლოტი-მაიამი 95:96. 35 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.
30 დეკემბერი. მინესოტა-მაიამი 101:103. 34 ქულა, 8 მოხსნა, 10 პასი, 4 ჩაჭრა.
დურანტის კვირა
25 დეკემბერი. ოკლაჰომა-ორლანდო 97:89. 30 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი.
28 დეკემბერი. მემფისი-ოკლაჰომა 95:98. 32 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება.
29 დეკემბერი. ოკლაჰომა-დალასი 104:102. 30 ქულა, 11 მოხსნა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: კაილ ლოური ("ჰიუსტონი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო") და სტივ ნეში ("ფინიქსი").
კვირის ტრავმა
დღეისთვის მანუ ჯინობილი "სან ანტონიოს" ნამდვილი ლიდერია და სწორედ ის დაკარგა გრეგ პოპოვიჩის გუნდმა. წინასწარი ინფორმაციით, ხელის მოტეხილობის გამო არგენტინელი მცველი დაახლოებით 4-5 კვირა ვერ ითამაშებს. შესაძლოა, რეაბილიტაციის პროცესში ვადები დადებითი კუთხით იყოს კორექტირებული, მაგრამ მთავარი უბედურება ის არის, რომ იანვარში "სპურსს" ყველაზე მეტი მატჩის ჩატარება უწევს და ეს ნამდვილი გამოცდა იქნება პოპოვიჩის გუნდისთვის.
კვირის შემობრუნება
"ტორონტოსა" და "ორლანდოს" (96:102) მატჩში ისე ჩანდა, რომ "მეჯიქს" გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა - ჩამორჩენა 16 ქულას შეადგენდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში "ჯადოქრებმა" საჭირო შელოცვა იპოვნეს და ბურთს აღარ აცილებდნენ. ბოლო 12-წუთეულში ფლორიდელებმა 32:15 დაამარცხეს მეტოქე, რაიან ანდერსონი კი 16:0 გაქცევის მთავარი სულისჩამდგმელი იყო.
კვირის სკანდალი
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა "საკრამენტოს" ბანაკიდან. "ნიუ ორლეანთან" მატჩის წინ, "კინგზის" მთავარმა მწვრთნელმა პოლ უესტფოლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დემარკუს კაზინსი "ჰორნეტსის" წინააღმდეგ არ ითამაშებდა. თითქოს "მეფეების" მძიმე ფორვარდმა გაცვლა მოითხოვა და ამის გამო მოთამაშისა და გუნდის გზები იყრება. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კაზინსს (ის ლიგის ლიდერია შეტევაში მოხსნების რაოდენობით - 5.8) ძალიან პრობლემატური ხასიათი აქვს.
შარშან, სადებიუტო სეზონშიც მან გვარიანად მოუშალა ნერვები "საკრამენტოს" მშვიდ მწვრთნელს. გამორიცხული არ არის, რომ "ნიქსის" წინააღმდეგ უნიათო თამაშმა ძალიან იმოქმედა კაზინსის ამბიციებზე და მან ისევ "აიშვა". მიუხედავად ამისა, შემდეგ იყო ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ კლუბს არ სურს დემარკუსის გაცვლა, არადა, სხვა კლუბებისგან უამრავი წინადადება წამოვიდა - ბევრმა მოისურვა ამ ნიჭიერი კალათბურთელის იაფად ხელში ჩაგდება. ასე რომ, დროებით კონფლიქტი მოგვარებულია.
კვირის დაბრუნება
შარშანდელი პლეი ოფის მეორე რაუნდში "ლეიკერსის" ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა "დალასის" მცველის ხოსე ბარეას წინააღმდეგ იუხეშა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. რეგულარულის საწყის ოთხ შეხვედრაში კალიფორნიულ გუნდს აშკარად აკლდა თავისი ძირითადი ცენტრი. ბინუმმა სასჯელი მოიხადა და "დენვერთან" მატჩში ტრიუმფალურად დაბრუნდა - მის ანგარიშზე სოლიდური ორმაგი დუბლი იყო (29 ქულა და 13 მოხსნა). საპასუხო შეხვედრაში "ლეიკერსი" დამარცხდა, ენდრიუს ანგარიშზე კი 28 წუთში 18 ქულა და 16 მოხსნა მოდიოდა. ამ ორი თამაშით შეიძლება იმის თქმა, რომ "ლეიკერსის" ცენტრის სათამაშო ფორმა ძალიან მაღალ დონეზეა.
კვირის ახალბედა
პირველი კვირის შედეგების მიხედვით საუკეთესო ახალბედად "მაიამის" გამთამაშებელი ნორის კოული უნდა მივიჩნიოთ. 2011 წლის დრაფტის 28-ე ნომერი მარიო ჩელმერსის სრულფასოვანი შემცვლელი გახდა და ბოლო მატჩებში მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე "ჰიტის" ძირითადი პლეიმეიკერი. ის საშუალოდ მატჩში 11.7 ქულას (მესამე შედეგი დებიუტანტებს შორის), 3.2 შედეგიან პასსა (მე-7 ადგილი) და 1.5 ჩაჭრას (პირველი ადგილი) აგროვებს.
ოთხ მატჩში მან მინიმუმ 10 ქულა დააგროვა. შედარებისთვის, ჩელმერსის სტატისტიკა 9.4 ქულასა და 4.2 გადაცემას უდრის. სავსებით მოსალოდნელია, რომ სეზონის შუაში, თუ "მაიამის" დებიუტანტის თამაშში ჩავარდნა არ იქნა, ეს ნიჭიერი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში მოხვდება.
გვერდს ვერ ავუვლით "ნიუ ჯერსის" მსუბუქ ფორვარდს მარშონ ბრუქსს (დრაფტის 25-ე ნომერი), რომელიც ლიდერია დებიუტანტებს შორის შედეგიანობის მხრივ - 13.7 ქულა (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 46.5 პროცენტი).
კვირის ჩავარდნა
საკმარისია შევხედოთ სატურნირო ცხრილს, რომ მაშინვე მივხვდეთ - სასტარტო კვირის მიხედვით ასოციაციის ყველაზე უარესი გუნდია "ვაშინგტონ უიზარდსი". სიმართლე ითქვას, გუნდი სეზონის წინ დიდად არ გაძლიერებულა - მან აქცენტი შემდეგ დრაფტზე და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გააკეთა. მაგრამ იმ დროს, როცა აღიარებული აუთსაიდერები მაქსიმალურად მონდომებით იბრძვიან, "ვაშინგტონი" ვერც ამით გამოირჩევა. გუნდი ბოლო ადგილზეა ლიგაში შედეგიანობის მხრივ (საშუალოდ მატჩში 85.2 ქულა), 26-ე პოზიციაზე მოხსნების რაოდენობით (37.4) და 29-ე შედეგიანი გადაცემებით (15.4). ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მართლაც გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში ირიცხება ჯონ უოლი. "უიზარდსის" ახალგაზრდა ლიდერმა აშკარად სუსტად დაიწყო სეზონი. მან ცხრა პროცენტით უკლო საშუალო მანძილიდან ტყორცნების რეალიზაციას, 1.5-ით შემცირდა შედეგიანი გადაცემების რაოდენობა და 2.6-ით - შედეგიანობა. სამაგიეროდ, 0.6-ით გაიზარდა შეცდომების
საშუალო მაჩვენებელი.
გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ვეტერანი რაშარდ ლუისი უკვე მიეჩვია სუსტ გამოსვლას და აბსოლუტურად არ არის მოტივირებული. ახალგაზრდა და თავისი თამაშით უკმაყოფილო ანდრე ბლეტჩი მთავარი მწვრთნელის მიმართ კრიტიკულ გამონათქვამებს არ ერიდება, ამ სეზონში "მოკრძალებული" ჰონორარით გაწბილებული ნიკ იანგი კი ვერ მიუახლოვდა შარშანდელ ჩემპიონატში ნაჩვენებ დონეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ "ვაშინგტონი" დაიკავებს ბოლო ადგილს რეგულარულში და 2012 წლის დრაფტზე პირველი ნომრის არჩევისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.
ამავე ნომინაციაში თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ "დალასის" ახალწვეული ლამარ ოდომი, რომელმაც მთლიანად ჩააგდო სეზონის სტარტი. "ლეიკერსის" ყოფილი ფორვარდი საშუალოდ მატჩში 5.3 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებს, ტყორცნების რეალიზაციის პროცენტი კი მართლაც კატასტროფულია - 19.8 (სამქულიანები - 17.6).
კვირის მიღწევა
"დენვერთან" საპასუხო მატჩში კობი ბრაიანტი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინც 28 ათასი ქულა მოიპოვა. რეკორდის დამყარების მომენტში "ლეიკერსის" ლიდერი 33 წლის და 131 დღის იყო. აღსანიშნავია, რომ ქარიმ აბდულ-ჯაბარმა ამ მაჩვენებელს 34 წლის ასაკში მიაღწია, მაიკლ ჯორდანი 35 წლის იყო.
ახლა, "შავ მამბას" კიდევ ერთი მიზანი აქვს - ყველაზე მეტი ქულა მთელი კარიერის განმავლობაში. კობიზე წინ მხოლოდ ხუთი კალათბურთელია: შაკილ ო’ნილი (28 596), უილტ ჩემბერლენი (31 419), მაიკლ ჯორდანი (32 292), კარლ მელოუნი (36 928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387).
კვირის იმედგაცრუება
მაიკ დ'ენტონის ხელმძღვანელობით "ნიუ იორკის" თამაში მეტად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. გუნდს არ გააჩნია სათამაშო სურათი, საფირმო ტაქტიკა და დამუშავებული კომბინაციები. ფაქტობრივად, "ნიქსი" დამოკიდებულია კარმელო ენტონის სათამაშო ტონუსსა და ტონი დუგლასის სნაიპერულ სიზუსტეზე. ამარე სტაუდმაიერი, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, ვერაფრით გვხიბლავს და ვერ პოულობს ადგილს მოედანზე. ტაისონ ჩენდლერის ტრანსფერმა ჯერ სარგებლობა ვერ მოიტანა და "ნიქსის" დაცვაში კვლავაც დიდი პრობლემებია.
გუნდი მოხსნების რაოდენობით ბოლო ადგილზეა ლიგაში (35.2), თამაშიდან ტყორცნების რეალიზაცია 40.2 პროცენტს (28-ე ადგილი) შეადგენს, სამქულიანებისა - 31 პროცენტს (მე-17 ადგილი). თუ მეტოქე გუნდი დალაგებულ და კარგად აწყობილ კომბინაციურ თამაშს აჩვენებს, "ნიუ იორკი" მაშინვე "თეთრ დროშას" ფენს. შარშანდელთან შედარებით არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"