თანაც, წლევანდელი ახალბედები სულაც ჩამოსაწერები არ არიან. აქ არის რიკი რუბიო, რომლის ასე ნანატრმა დებიუტმა უკვე გადაწონა ევროპაში გატარებული ბოლო ორი წარუმატებელი სეზონი; კემბა უოკერი - NCAA-ის ნათელი წერტილი და "მარტის საგიჟეთის" საუკეთესო მოთამაშე; და, რა თქმა უნდა, ჯიმერ ფრედეტი - ყველასა და ყველაფრის MVP, ნახევარი სპორტული ამერიკის საყვარელი სპორტსმენი, რომელსაც სტუდენტურ კალათბურთში ყველა უმაღლესი ინდივიდუალური პრიზი აქვს მიღებული.
1.
(კლივლენდი, პირველი ნომერი)
ირვინგმა კარგად ჩაატარა ბოლო სამი მატჩი - საშუალოდ 15.7 ქულა, 4.3 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა. რაც მთავარია, სამქულიანების ჩაგდებაც დაიწყო - მაგალითად, "ნეტსთან" მატჩში ოთხიდან სამი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, არადა, სეზონი შვიდიდან მხოლოდ ერთი გამოყენებული სამქულიანით დაიწყო.
2. რიკი რუბიო
(მინესოტა, მე-5 ნომერი, 2009)
ესპანელს მომხიბვლელი სტატისტიკა აქვს: ჩემპიონატის საწყისი ოთხი მატჩის მეოთხე მეოთხედში 48 წუთი (!) შეუცვლელად ითამაშა, 21 ქულა (თამაშიდან - 7/10) ჩააგდო და 14 შედეგიანი პასი დაარიგა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი "+27" ჰქონდა. "დალასთან" მატჩში რუბიომ თავისი 14 ქულიდან შვიდი ბოლო მეოთხედში დააგროვა და ამას ხუთი შედეგიანი პასი დაუმატა. NBA-ში ასეთ დებიუტს ბევრი ინატრებდა.
3. ბრენდონ ნაითი
(დეტროიტი, მე-8 ნომერი)
ნაითი საშუალოდ 12 ქულასა და სამ შედეგიან გადაცემას აგროვებს. მისი საუკეთესო თამაში იყო "კლივლენდის" წინააღმდეგ, რაც კაირი ირვინგთან საინტერესო დუელში გადაიზარდა. წაგების მიუხედავად, ნაითმა 23 ქულა (თამაშიდან - 10/13) დააგროვა, აგრეთვე 6 შედეგიანი პასი მიითვალა. მაგრამ ყველაზე მეტად ბრენდონმა სამქულიანების გამოყენებით დაგვამახსოვრა თავი - ის შორეული ტყორცნების 44 პროცენტს ათავსებს კალათში.
4. მარშონ ბრუქსი
(ნიუ ჯერსი, 25-ე ნომერი)
ზედიზედ ორი 17-ქულიანი მატჩისა და "ატლანტასთან" 21 ქულის შემდეგ ბრუქსმა ჩააგდო "ატლანტასთან" მატჩი. ამ უქულო შეხვედრამ წაართვა მარშონს დებიუტანტებს შორის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი. "ის უბრალოდ არ იყო კარგ ფორმაში, - გაამართლა დებიუტანტი ეივერი ჯონსონმა. - დაცვაში თამაშმა მას გარკვეული უსიამოვნებები შეუქმნა, მაგრამ მალე ნორმაში მოვა".
5. ნორის კოული
(მაიამი, 28-ე ნომერი)
"ბოსტონთან" ბრწყინვალე გარღვევის შემდეგაც (20 ქულა), ნორისი აგრძელებს "ჰიტის" წარმატებულ თამაშში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგოთა სკამიდან შედის თამაშში. "კლივლენდ სტეიტის" კურსდამთავრებულმა ახალი პარტნიორების პატივისცემა დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი იზრდება იოლი გამარჯვებების შემდეგ. ასეთი იყო, მაგალითად, "შარლოტთან" მოგება (129:90), რომელშიც კოულმა 16 ქულა (თამაშიდან - 6/8) და ცხრა შედეგიანი პასი დააგროვა.
6. ჯერემი პარგო
(მემფისი, უდრაფტოდ)
როცა მაიკ კონლი ტრავმირებულია, პარგო სასტარტო შემადგენლობაში ხვდება და შესანიშნავად უძღვება "დათვების" თამაშს. ჯერემიმ, რომელიც 2009 წელს დრაფტზე არ აირჩიეს, ბოლო ორი სეზონი ევროპაში გაატარა (ბოლო გუნდი იყო თელ-ავივის "მაკაბი"), ზაფხულში კი გარანტირებული ორწლიანი კონტრაქტი მიიღო "მემფისისგან". ჯერემიმ სასტარტო ორ მატჩში 29 ქულა და 12 შედეგიანი პასი დააგროვა, მაგრამ შემდეგ ოთხი ქულა (თამაშიდან - 2/13) ჰქონდა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ. თუმცა 40 ქულით წაგებულ მატჩში "გრიზლისის" სხვა მოთამაშეებსაც არაფერი გაუკეთებიათ.
"თუ თამაშის ტემპზე ვილაპარაკებთ, ამ ბიჭს შეუძლია ჩვენი თამაში სხვა დონეზე აიყვანოს", - ამბობს ლიონელ ჰოლინზი.
7. კემბა უოკერი
(შარლოტი, მე-9 ნომერი)
კემბასთვის "ორლანდოსთან" მატჩი იყო ერთადერთი, როცა მან 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია. "მაიამისთან" მატჩში გამთამაშებელმა 17 ქულა დააგროვა, 4 შედეგიანი პასი დაარიგა და საშუალო შედეგიანობა 11.5 ქულამდე აიყვანა.
8. ჯიმერ ფრედეტი
(საკრამენტო, მე-10 ნომერი)
ფრიდეტი ჯერ ისევ ღელავს, მაგრამ უკვე ემჩნევა, რომ შეეჩვია ახალ ლიგაში თამაშს. ზედიზედ ორ 10-ქულიან თამაშს მოჰყვა ჩავარდნა "ნიქსთან" (7 ქულა, თამაშიდან 2/10). "ნიუ ორლეანთან" მატჩში მცველის შვიდმა ქულამ და ხუთმა შედეგიანმა გადაცემამ "საკრამენტოს" გამარჯვება მოუტანა. თუმცა გაჩნდა ერთი კითხვა - "კინგზი" ხშირად ცდება დაცვაში და ეს ჯიმერის დამსახურება ხომ არ არის?
9. დერიკ უილიამსი
(მინესოტა, მე-2 ნომერი)
პირველ ოთხ მატჩში მსუბუქმა ფორვარდმა საშუალოდ 20 წუთზე ნაკლები დაჰყო მოედანზე. დრაფტის მეორე ნომერს კარგი დებიუტი ჰქონდა, როცა "ოკლაჰომასთან" დაძაბულ შეხვედრაში 13 ქულას ექვსი მოხსნა დაუმატა. მაგრამ ამას მოჰყვა მოკრძალებული "3+5" "მილუოკის" წინააღმდეგ და უკეთესი თამაში "მაიამისთან", როცა უილიამსმა 10 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. დერიკის როლი შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ "ტიმბერვულვზის" წაგებათა რიცხვი გაიზრდება.
10. ტრისტან ტომპსონი
(კლივლენდი, მე-4 ნომერი)
ეს მძიმე ფორვარდი ძალიან არის დაჯილდოვებული ფიზიკური მონაცემებით, თუმცა ბევრს არ ეგონა, რომ მას თავიდანვე სერიოზული გავლენა ექნებოდა "კავალიერსის" თამაშზე. აზრი წინასასეზონო მატჩებისა და რეგულარულის საწყის დღეებში შეიცვალა, როცა ტომპსონი 8.3 ქულას (თამაშიდან 60-პროცენტიანი სიზუსტე) და 2.0 დაფარებას აგროვებდა. ასე რომ, კანადელი ამ რეიტინგის ხშირი სტუმარი უნდა გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"