დრიმ თიმის კონტურები

AutoSharing Option
18 იანვარს, ამერიკის ოლიმპიური ნაკრების გენერალური მენეჯერი ჯერი კოლანჯელო ლონდონში გასამგზავრებელ გაფართოებულ შემადგენლობას გამოაცხადებს, რომელიც 18 კალათბურთელისგან იქნება შემდგარი.

ამერიკულმა პრესამ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ინფორმაცია სანდო წყაროსგან შეიტყო. კერძოდ, ოთხი კალათბურთელი, რომელიც 2008 წელს პეკინში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, წელს ლონდონში არ გაემგზავრება. ესენი არიან: კარლოს ბუზერი, ტაიშონ პრინსი, მაიკლ რედი და ჯეისონ კიდი.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბლეიკ გრიფინი იქნება ინგლისში გამგზავრების ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია არც 2008 წლის ოლიმპიადაში და არც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში.

"ფილადელფიას"
ლიდერმა ანდრე იგუოდალამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გვარს აუცილებლად იხილავენ 18-კაციან სიაში.

კალათბურთელის თქმით, ის დაუკავშირდა კოლანჯელოს და ეს უკანასკნელი ფილადელფიელს შემადგენლობაში შეყვანას დაპირდა.

რაც შეეხება ახალი გუნდის პერსპექტივებს, კოლანჯელო ოპტიმისტურად ლაპარაკობს ლონდონში "დრიმ თიმის" შანსებზე.

"ვფიქრობ, 2012 წლის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრები შეიძლება თამამად შევადაროთ "დრიმ-თიმს". შეხედეთ, რა პროგრესს მიაღწიეს ჩვენმა მოთამაშეებმა პეკინის შემდეგ. ჩვენს განკარგულებაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი გუნდი იქნება.

ლონდონში ითამაშებს NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კობი ბრაიანტი. ასევე აპირებენ გუნდის დახმარებას დუენ უეიდი და ლებრონ ჯეიმსი. გვეყოლებიან ახალგაზრდა მოთამაშეები, მაგალითად, დერიკ როუზი და კევინ დურანტი. არანაირი ეჭვი არ არის, რომ ახლა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე 2008 წელს ვიყავით. ბიჭები უფრო გამოცდილები გახდნენ, გუნდი კი უფრო დახვეწილია", - ამბობს კოლანჯელო ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული