როგორც ყოველთვის, კალათბურთმა მასპინძლების შესრულებით მძიმე შთაბეჭდილება დატოვა - არანაირი ემოცია და კოლექტიური თამაში. თითოეული კალათბურთელი საკუთარი თავისთვის თამაშობდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ფლიპ სონდერსი, როგორც ჩანს, შეურიგდა თავის ბედს.
სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს დროს გუნდში სამწვრთნელო გადაადგილებები მოხდეს, რადგან "უიზარდსის" მფლობელი ტედ ლეონსისი თამაშის დასრულებას არ დაელოდა და არენა გაწბილებულმა დატოვა.
რაც შეეხება "მინესოტას", ასეთი სუსტი დაცვის წინააღმდეგ კევინ ლავმა და რიკი რუბიომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. პირველმა ზედიზედ
მიმდინარე სეზონში თავისი ყველაზე უარესი შეხვედრა ჩაატარა დუაიტ ჰოვარდმა, რომელმაც "საკრამენტოსთან" 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ქულა და ოთხი მოხსნა დააგროვა. პრობლემები პირველივე წუთებიდან დაიწყო, როცა დემარკუს კაზინსთან ორთაბრძოლაში "სუპერმენმა" ორი პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, სადაც პირველი სამი მეოთხედის დიდი ნაწილი გაატარა.
მაგრამ "ორლანდომ" თავისი ლიდერის გარეშეც შეძლო ღირსეული თამაშის ჩვენება. საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ რიჩარდსონმა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. ბოლო მეოთხედის შუა ნაწილამდე გუნდები ერთად მიდიოდნენ, მაგრამ სტუმრების 9:3 გაქცევამ წყალში ჩაყარა ტაირიკ ევანსის მონდომება, რომელმაც ამ სეზონში სარეკორდო 28 ქულა დააგროვა.
ძალიან პროდუქტიულად ითამაშეს "მეჯიქის" რეზერვისტებმა - მათ ჯამში 45 ქულა დააგროვეს, "კინგზმა" კი 50-პროცენტიანი რეალიზაციითაც ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. მასპინძლებმა ეს ყველაფერი 17 შეცდომას უნდა დააბრალონ.
ჯერჯერობით სტუმრად გამარჯვებას ვერ ახერხებს "სან ანტონიო". პირველად ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "სპურსმა" ვერ შეძლო "ოკლაჰომას" დამარცხება. სტუმრები პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ უკვე მეორე 12-წუთეულის მსვლელობისას სხვაობა 12 ქულას აღწევდა.
"სპურსის" დაცვა ვერ უმკლავდებოდა ნიკ კოლისონის გარღვევებს და მხოლოდ ბლეირის აქტიურობის წყალობით შეუნარჩუნა შეხვედრას ინტრიგა. მაგრამ მესამე პერიოდში "ოკლაჰომამ" ორი გაქცევით გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჯერ იყო 11:3 სპურტი, რამდენიმე წუთში კი - 15:4. რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ კევინ დურანტი, რომელსაც სამი შედეგიანი გადაცემა დააკლდა კარიერაში პირველ სამმაგ-დუბლამდე. ბოლო მეოთხედში "ოკლაჰომას" ლიდერებმა დაისვენეს. სხვათა შორის "თანდერმა" სამ დღეში სამი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. ასეთი რამ წელს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია.
"მილუოკიმ" ზედიზედ 24-ედ წააგო სტუმრად "ფინიქსის" წინააღმდეგ. ეს არის ხანგრძლივობის მიხედვით ლიგის ისტორიაში მეორე სერია. ყველაზე მეტჯერ - ზედიზედ 27-ჯერ "სან ანტონიოს" ჰყავს შინ დამარცხებული "გოლდენ სტეიტი". უკანასკნელად "ბაქსმა" "სანზს" სტუმრად 1987 წლის თებერვალში სძლია.
ამ უსიამოვნო ტრადიციის გარდა, "მილუოკის" მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ სტუმრები მოედანზე ოთხი წამყვანი მოთამაშის - ენდრიუ ბოგუტის, მაიკ დანლივის, ლუკ მბა ა მუტესა და ბენო უდრიხის გარეშე გავიდნენ. "ფინიქსმა" კი, როგორც იქნა, დაიწყო თავისი საფირმო კალათბურთის ჩვენება, ხოლო, როცა მეტოქე სწრაფი თამაშის საშუალებას გაძლევს, სტივ ნეშის შეჩერება ძალიან რთული ხდება.
"ირმებისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა მესამე მეოთხედში მეტოქის 17:6 გაქცევა გრანტ ჰილის, ჯარედ დადლისა და მაკრიფ მორისის შესრულებით. ამ სპურტამდე "მილუოკი" ისედაც აგებდა 12 ქულით. "ბაქსმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და "სან ანტონიოს" მსგავსად სტუმრად მოგება არ აქვს.
შობაზე "ჩიკაგოსთან" შინ წაგების შემდეგ, "ლეიკერსმა" საკუთარ არენაზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მიაღწია. "მემფისთან" მოგება იოლი არ ყოფილა, რადგან სტუმრები კარგად იყენებდნენ კალიფორნიელთა მიერ ბურთთან უდიერ მოპყრობას. მაიკ ბრაუნის შეგირდებმა 27-ჯერ დაკარგეს ბურთი, რაც "მემფისის" 24 ქულაში გამოისახა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, "ლეიკერსის" ლიდერებმა თითქოს კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო 12-წუთეულში კინაღამ დაკარგეს პირველ სამ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა. ბინუმისა და ბრაიანტის უაზრო შეცდომების წყალობით "გრიზლისმა" 6:0 სპურტი განახორციელა და თითქოს საბოლოოდ დაეუფლა ინიციატივას, მაგრამ მეტ ბარნსმა, რომელმაც ზედიზედ მეორე კარგი მატჩი ჩაატარა, სწრაფად მიუჩინა მეტოქეს თავისი ადგილი, კობიმ კი საბოლოოდ მოუღო ბოლო სტუმრებს. საერთო ჯამში, ბოლო მეოთხედი არც ერთ გუნდს არ გამოუვიდა - ჯამში მეტოქეებმა მხოლოდ 11 ბურთი ჩააგდეს და 26 ქულა დააგროვეს.
ვაშინგტონი-მინესოტა 72:93
17:20, 17:28, 26:27, 12:18
ვ: იანგი (14), ბუკერი (14+5 მოხსნა+3 დაფარება), ბლეტჩი (10+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), უოლი (10+5 მოხსნა+6 პასი), მაკგი (8+9 მოხსნა+3 დაფარება).
მ: ლავი (20+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (14+7 მოხსნა), ელინგტონი (13+3 ჩაჭრა), რუბიო (13+6 მოხსნა+14 პასი), რიდნური (13), ტოლივერი (11).
ოკლაჰომა-სან ანტონიო 108:96
24:22, 30:26, 37:21, 17:27
ო: დურანტი (21+10 მოხსნა+7 პასი), ჰარდენი (20), უესტბრუკი (13+5 პასი), კოლისონი (12+10 მოხსნა), ჯექსონი (11), იბაკა (10+5 მოხსნა+3 დაფარება).
ს-ა: ნოა (18), ლეონარდი (13+10 მოხსნა), ჯეფერსონი (13), დანკანი (11+7 მოხსნა), სპლიტერი (10).
პორტლენდი-კლივლენდი 98:78
18:17, 24:18, 27:22, 29:21
პ: ოლდრიჯი (28+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მეტიუზი (24), უოლასი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატუმი (11).
კ: ირვინგი (21), ტომპსონი (10+5 მოხსნა+3 დაფარება), კასპი (10), ვარეჟაო (8+10 მოხსნა), ჯეიმისონი (3+11 მოხსნა).
საკრამენტო-ორლანდო 97:104
21:19, 26:30, 32:32, 18:23
ს: ევანსი (28+8 პასი), კაზინსი (16+10 მოხსნა), ჰიქსონი (14+11 მოხსნა), ტორნტონი (13+6 მოხსნა), ტომპსონი (10+6 მოხსნა).
ო: რიჩარდსონი (22+5 პასი), დევისი (20+8 მოხსნა), ანდერსონი (19+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ვაფერი (12), თურქოგლუ (11).
ფინიქსი-მილუოკი 109:93
30:25, 27:22, 34:19, 18:27
ფ: გორტატი (18+7 მოხსნა+3 დაფარება), ფრაი (16+6 მოხსნა), ბრაუნი (14), ჰილი (14), მორისი (13+10 მოხსნა), დადლი (11+7 მოხსნა), ნეში (10+17 პასი).
მ: ჰარისი (15), ლივინგსტონი (12), ლური (11+6 მოხსნა), ილიასოვა (11+8 მოხსნა).
ლეიკერსი-მემფისი 90:82
31:22, 25:24, 22:22, 12:14
ლ: ბრაიანტი (26+9 პასი), ბინუმი (15+15 მოხსნა), ბარნსი (15+10 მოხსნა+3 დაფარება), პ. გასოლი (13+15 მოხსნა), ბლეიკი (13).
მ: გეი (19), სპეიტსი (17+7 მოხსნა), მაიო (15+3 ჩაჭრა), პონდექსტერი (14), კონლი (11+8 პასი+4 ჩაჭრა), მ. გასოლი (0+11 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"