NBA: "ვაშინგტონის" პირველი

AutoSharing Option
პორტლენდი-კლიპერსი 105:97
24:26, 30:21, 24:24, 27:26
პ: უოლასი (20), ოლდრიჯი (18+7 მოხსნა), მეტიუზი (18), ფელტონი (17+8 პასი), კემბი (12+11 მოხსნა).
კ: ბატლერი (20+6 მოხსნა), ბილაპსი (19), გრიფინი (18+12 მოხსნა), უილიამსი (14), პოლი (11).

მიუხედავად იმისა, რომ "პორტლენდი" და "კლიპერსი" დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან, მათ შორის დაპირისპირებაში განსაკუთრებული ინტრიგა არ ყოფილა. მეორე პერიოდში ინიციატივის მოპოვების შემდეგ, "ბლეიზერსი" ისევ და ისევ კარგი დაცვის წყალობით დამაჯერებლად იგერიებდა გრიფინისა და სხვების შეტევებს, ხოლო, როცა სტუმრებმა მაინც შეძლეს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება, ნეიტ მაკმილანის შეგირდებმა მაშინვე
მორიგი გაქცევა მოაწყვეს. თუმცა სირენამდე 25 წამით ადრე ბილაპსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "კლიპერსმა" თავის ფანებს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა - სხვაობა მხოლოდ ქულა გახდა. მაგრამ ყველა სხვა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მეტიუზმა და ფელტონმა კი ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდეს. უნდა აღვნიშნოთ ამ წარმატებაში "პორტლენდის" სასტარტო ხუთეულის წვლილი - 85 ქულა 105-დან. ხოლო კრის პოლმა აშკარად ჩააგდო ეს მატჩი - მის ანგარიშზე 11 ქულა და 3 შედეგიანი პასია.

მინესოტა-ჩიკაგო 100:111
17:33, 30:20, 27:26, 26:32
მ: რიდნური (22), ლავი (20+13 მოხსნა), რენდოლფი (18), რუბიო (13+12 პასი+4 ჩაჭრა), ბარეა (10).
ჩ: როუზი (31+11 პასი), დენგი (21+11 მოხსნა), ბრიუერი (17), კორვერი (13), ნოა (8+11 მოხსნა).

რიკი რუბიომ მორიგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა და 12 მოხსნა, რასაც 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაუმატა. იმ დღეს "მინესოტას" სხვა კალათბურთელებიც კარგად გამოიყურებოდნენ, მაგალითად, რიდნური და რენდოლფი, რომლებმაც ჯამში 40 ქულა დააგროვეს და 66 პროცენტის სიზუსტით ისროლეს. მაგრამ "ჩიკაგომ" მაინც დაამარცხა "მგლები" სტუმრად. ამის მიზეზი დერიკ როუზი იყო, რომელმაც ბოლო ორ სეზონში მეშვიდედ დაასრულა მატჩი მინიმუმ 30 ქულითა და 10 შედეგიანი პასით. თუმცა "მინესოტამაც" შეიძლება რაღაცით დაიკვეხნოს. ესპანელი ვუნდერკინდის მონდომებით მან 24-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლო და მეორე გუნდი გახდა სეზონში, რომელმაც "ბულზის" წინააღმდეგ 100 ქულა დააგროვა.

ფილადელფია-საკრამენტო 112:85
26:22, 26:20, 32:18, 28:25
ფ: ბრენდი (21+10 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (17+8 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტერნერი (16+10 მოხსნა+8 პასი), უილიამსი (15), მიქსი (14), იანგი (10).
ს: კაზინსი (17+10 მოხსნა), ევანსი (15), ტომპსონი (13).

როგორც ჩანს, წელს "ფილადელფიას" სერიოზული მიზნები აქვს. გუშინ ამ გუნდმა ზედიზედ მეექვსე (!) მატჩი მოიგო - შინ გაანადგურა "საკრამენტო". მატჩის პერიპეტიების მოყოლას აზრი არ აქვს - დაგ კოლინზის ბიჭების უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და საბოლოო ანგარიშიც (112:85) თავად მეტყველებს ყველაფერზე. გასაკვირი ამაში არაფერია, რადგან "სიქსერზი" ერთ-ერთი საუკეთესოა დაცვაში - მეტოქეებს საშუალოდ ტყორცნების 39 პროცენტის რეალიზების საშუალებას აძლევს. საინტერესოა აგრეთვე, რომ შვიდი მოგებიდან ხუთი პენსილვანიურმა გუნდმა 20 ან მეტი ქულის სხვაობით გაიფორმა, საშუალო სხვაობა კი "პლუს თექვსმეტია", რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში.

ვაშინგტონი-ტორონტო 93:78
17:20, 29:14, 25:18, 22:26
ვ: იანგი (15), ლუისი (15), კროუფორდი (11), მაკგი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), სინგლტონი (9+9 მოხსნა), ბლეტჩი (9+8 მოხსნა), ბუკერი (8+7 მოხსნა), უოლი (8+9 პასი).
ტ: ბარნიანი (22), ბარბოზა (12), დეროზანი (11), კალდერონი (8+8 პასი), ჯონსონი (4+10 მოხსნა).

როგორც იქნა, პირველი მატჩი მოიგო რეგულარულ ჩემპიონატში "ვაშინგტონმა". ფლიპ სონდერსის შეგირდებმა მეცხრე ცდაზე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საკმაოდ კარგი კალათბურთის ჩვენება. არადა, "ტორონტოსთან" საშინაო შეხვედრაში თავიდან ბევრი არაფერი გამოსდიოდა უოლს, თანაც დედაქალაქელებმა მატჩში პირველი სამქულიანი დიდი შესვენების შემდეგ ჩააგდეს (ამ მხრივ, კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა "ტორონტო", რომლის პირველმა შორეულმა სროლამ მხოლოდ საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე მიაღწია მიზანს - მანამდე იყო ზედიზედ 14 აცილებული საჯარიმო). "ვაშინგტონს" არ ჰყოლია ამ მატჩში ერთი კონკრეტული გმირი - ერთბაშად რვა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ რვა ქულა და ყველამ თავისებური წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

შარლოტი-ჰიუსტონი 70:82
23:20, 16:23, 14:24, 17:15
შ: მულინზი (15+10 მოხსნა), ჰენდერსონი (12), ოგუსტინი (11).
ჰ: პარსონსი (20+7 მოხსნა ), მარტინი (17), ჰილი (12+12 მოხსნა+5 დაფარება), ლოური (6+11 მოხსნა+8 პასი), დალემბერი (6+10 მოხსნა).

რთული დროება უდგას "ჰიუსტონ როკეტსს" და გასაკვირი არ არის, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებს. მაგალითად, 23 წლის დებიუტანტი ჩენდლერ პარსნოსი ზედიზედ ორი მატჩია სასტარტო ხუთეულში ხვდება და "შარლოტის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა: 20 ქულა (თამაშიდან - 9/16) და 7 მოხსნა. როგორც შეეძლოთ, ახალგაზრდა კოლეგას ეხმარებოდნენ ჯორდან ჰილი, რომელმაც 12 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და კაილ ლოური. ტექსასელთა გამთამაშებელმა, მართალია, თამაშიდან ცუდად ისროლა (2/7), სამაგიეროდ 11 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. ამ ყველაფერმა "ჰიუსტონს" პირველი მატჩი მოაგებინა ოთხი წაგების შემდეგ. თუმცა კევინ მაკჰეილის შეგირდებმა მეტოქესაც უნდა გადაუხადონ მადლობა - "ბობკეტსმა" 34.1 პროცენტის სიზუსტით ისროლა და 13-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი გამოიყენა.

მილუოკი-სან ანტონიო 106:103
25:33, 34:26, 20:22, 27:22
მ: ჯექსონი (34+8 პასი), დელფინო (18), ჯენინგსი (15+11 პასი), ბოგუტი (14+11 მოხსნა), ლოუერი (10).
ს-ა: პარკერი (22+8 პასი), დანკანი (20+8 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), ლეონარდი (19), ჯეფერსონი (12), ბლეირი (11), ნილი (10).

სენსაცია მოხდა "მილუოკიში". წამყვანი კალათბურთელების ტრავმებით დაუძლურებულ "ბაქსს", წესით ვერ უნდა მოეგო "სან ანტონიოსთვის", მაგრამ ავსტრალიელი ცენტრის ენდრიუ ბოგუტის დაბრუნებამ (14 ქულა, 11 მოხსნა) "ირმებზე" დადებითად იმოქმედა. გარდა ამისა, სასარგებლოდ ითამაშეს ბრენდონ ჯენინგსმა და კარლოს დელფინომ (თითოეულმა თამაშიდან 13-დან 7 ბურთი ჩააგდო), სტივენ ჯექსონმა კი სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 12 ბურთი (17-დან) მოათავსა კალათში და რვიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა. ინტრიგა ბოლო წუთამდე ძალაში იყო, შემდეგ კი ჯენინგსმა დააფარა ტონი პარკერის სროლას, თავად გაიქცა შეტევაში და ჩატენა - 106:103. რიჩარდ ჯეფერსონის ბოლო სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.

დეტროიტი-დალასი 86:100
20:30, 18:22, 17:24, 31:24
დეტ: ბინუმი (20), ნაითი (12), გორდონი (11).
დალ: ნოვიცკი (18+7 მოხსნა), მერიონი (14), კარტერი (11+5 პასი), მაინმი (10), უესტი (6+10 პასი+5 ჩაჭრა).

მართალია, მოქმედი ჩემპიონი "დალასი" ახალი სეზონის სტარტზე არადამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ საშინელ ფორმაში მყოფი "დეტროიტის" დამარცხება რთული არ უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. დალასელები პირველ მეოთხედში 13:0 გაიქცნენ, მეორეში - 16:0, თანაც ეს ძალიან ლაღად და იოლად გააკეთეს. ჯერჯერობით არც თუ ისე დამაჯერებლად მოთამაშე დირკ ნოვიცკიმ 28 წუთში სარგებლიანობის ფანტასტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა - "+42".

მემფისი-ოკლაჰომა 95:100
25:26, 27:28, 19:21, 24:25
მ: მ. გასოლი (20+14 მოხსნა+4 დაფარება), გეი (16), კონლი (15+10 პასი+3 ჩაჭრა), მაიო (12), სპეიტსი (10), კანინგემი (10+6 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (30+6 მოხსნა), დურანტი (22+11 მოხსნა+5 პასი), სეფოლოშა (12), ჰარდენი (10), პერკინსი (8+13 მოხსნა).

"ოკლაჰომას" ბოლო გასვლითი შეხვედრა 28 დეკემბერს ჰქონდა მოგებული, ახლა კი მეორედ გაიმარჯვა სტუმრად. ორივეჯერ "თანდერმა" მემფისში მოიგო, სადაც ყველას უჭირს თამაში. საუკეთესო იყო უესტბრუკი, რომელმაც პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო, სულ კი 30 ქულით დაეხმარა თავისიანებს. მისი დახმარება კი მართლაც დროული იყო, რადგან მატჩი საკმაოდ რთულ ბრძოლაში მიდიოდა: ლიდერი 13-ჯერ შეიცვალა, ხოლო რვაჯერ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. ცნობისთვის, შარშან "გრიზლისმა" ოთხიდან სამი თამაში მოუგო "თანდერს", სამაგიეროდ, "ოკლაჰომამ" პლეი ოფში აიღო რევანში, როცა მეშვიდე მატჩში გამოსტაცა გამარჯვება "დათვებს". როგორც ჩანს, დასავლეთში ახალი დიდი დაპირისპირება დაიბადა.

იუტა-კლივლენდი 113:105
27:26, 25:17, 33:37, 28:25
ი: ჯეფერსონი (30+12 მოხსნა), მილსეპი (19), ჰოვარდი (17), ფეივორსი (14).
კ: ჯეიმისონი (22+7 მოხსნა), ირვინგი (20+5 პასი), ვარეჟაო (12+11 მოხსნა), სეშენსი (11), გი (10).

სასწაულებს ჩადის "იუტა ჯაზი". ტაირონ კორბინს თავისი გუნდი პლეი ოფისკენ მიჰყავს. "ჯაზმენებმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული