გვიან გაღვიძებული კობი ბრაიანტი

AutoSharing Option
გასული დღის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, ფლორიდაში გაიმართა. კობი ბრაიანტი და "ლეიკერსი" ლებრონ ჯეიმსსა და "ჰიტს" ესტუმრნენ.

მატჩის წინ იყო დიდი ალბათობა იმისა, რომ ჯეიმსი გრიპის გამო ვერ შეძლებდა თამაშს, მაგრამ "მეფემ" მაინც მოახერხა მოედანზე გასვლა. ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა დუეინ უეიდმა. მის ნაცვლად სასტარტოში შეინ ბატიე ვიხილეთ, რომელმაც პირველ მეოთხედში კარგად დაკეტა ბრაიანტი, რომელსაც ექვსიდან მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდებინა.

პირველმა მეოთხედმა მშვიდად ჩაიარა. არ ყოფილა არც ერთი სწრაფი გარღვევა და გუნდები ბურთის ბოლომდე გათამაშებას ცდილობდნენ. "ლეიკერსს" პირველი პრობლემა
მაშინ შეექმნა, როცა ბინუმმა ორი პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. პაუ გასოლს მარტო მოუწია კრის ბოშთან და ჯოელ ენტონისთან ბრძოლა.

მეორე მეოთხედში ფლორიდელებმა განავრცეს თავიანთი უპირატესობა - ძირითადად სათადარიგოების კარგი თამაშის ხარჯზე. უდონის ჰასლემი და ნორის კოული ოპონენტების ფონზე კარგად გამოიყურებოდნენ. "მაიამის" ახალბედამ პირწმინდად დაჩაგრა თავისი ვიზავი დარიუს მორისი. საერთო ჯამში, თამაში მაინც ქაოტური იყო - ბევრი ხისტი ბრძოლით, არაზუსტი პასებით, შეტევების რთული დასასრულით... გუნდებმა ჯამში რვა შეცდომა დააგროვეს, რომელთაგანაც სამი მეტ ბერნსის ანგარიშზე იყო. დიდ შესვენებაზე "ჰიტი" 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

დასვენებულმა "ლეიკერსმა" მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ კრის ბოშმა და ჯეიმსმა მალე დაუბრუნეს თამაშს ძველი სცენარი. მათ 10 წუთში 17 ქულა ჩაიწერეს აქტივში, რის შემდეგაც ესტაფეტა ჯოელ ენტონის გადასცეს, რომელიც მოულოდნელად იოლად უმკლავდებოდა ენდრიუ ბინუმს. ფლორიდელებს მხოლოდ პაუ გასოლი ებრძოდა ღირსეულად. ის მაიკ ბრაუნის გუნდში ლიდერი იყო. ესპანელი ერთადერთი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად უტევდა, მაგრამ მეტი პროდუქტიულობისთვის მას პარტნიორების მხარდაჭერა აკლდა.

ბოლო მეოთხედისთვის "ჰიტის" უპირატესობამ 21 ქულას მიაღწია. მატჩის ბოლო მონაკვეთში, როგორც იქნა, გაიღვიძა კობიმ, რომელმაც 12 წუთში 14 ქულა დააგროვა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა, მაგრამ დრო აღარ იყო "ლეიკერსის" მხარეს.

მაიამი-ლეიკერსი 98:87
25:20, 27:17, 25:19, 21:31
მ: ჯეიმსი (31+8 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), ბოში (15+8 მოხსნა), ბატიე (11+6 მოხსნა), ჩელმერსი (10+6 პასი).
ლ: პ. გასოლი (26+8 მოხსნა), ბრაიანტი (24+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ბინუმი (15+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული