"დალასმა" ნავსი გატეხა

AutoSharing Option
"დალასმა" ლოსანჯელესურ კლუბებთან ბოლო წამებზე დასანანი წაგებების შემდეგ, სოლტ-ლეიკ-სიტიში შეძლო გამარჯვების შენარჩუნება, არადა, აქამდე "იუტას" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა.

დაძაბული გრაფიკისა და ლიგაში ყველაზე "ხანდაზმული" შემადგენლობის მიუხედავად, "დალასმა" შესანიშნავად დაიწყო და ახალგაზრდა მეტოქეს სოლიდური ტემპი შესთავაზა. მასპინძელი აყვა თამაშის რითმს, მაგრამ "ჯაზს" მომენტების რეალიზაციის პროცენტი (33.1) არ უვარგოდა.

"მავერიქსის" ანალოგიური მაჩვენებელი პირველ მეოთხედში 52 პროცენტი იყო. მასპინძლებს დაცვაც არ უვარგოდათ და მეორე მეოთხედის შუაში "დალასმა" 20:8 გაქცევა მოაწყო, დიდ შესვენებისთვის კი გასახდელში 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

"დიდი შესვენებისთვის" მასპინძლებმა
სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და უნარიანად პასუხობდნენ "დალასის" "ჩხვლეტებს". "მეორეწლიანმა" გორდონ ჰეივორდმა ორ წუთში თავისი გუნდის 10:0 გაქცევას შეუწყო ხელი და მოედანზე სიტუაცია გათანაბრდა. "დალასმა" აშკარად უკლო თამაშს. სტუმრებმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვეს მესამე მეოთხედში და ახლა მათ ჰქონდათ ტყორცნების რეალიზაციის 31 პროცენტი. სროლა არ მისდიოდა დირკ ნოვიცკის, ძალიან სუსტად შევიდა თამაშში ჯეისონ ტერი. ბოლო მეოთხედისთვის მასპინძლებმა ორი ქულით წინ გასვლა მოახერხეს.

მაგრამ მეტის გაკეთება "იუტამ" ვერ შეძლო. "დალასის" გეგმებში არ შედიოდა ზედიზედ მესამე მატჩის ბოლო წამებზე წაგება. ამიტომაც როდრიგ ბობუამ თავის თავზე აიღო თამაში და გაარღვია "ჯაზმენთა" დაცვა. ფრანგი მცველი, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა დააგროვა, ნებისმიერი სიტუაციიდან უტევდა, თანაც დაცვასაც არ ივიწყებდა - ორი დაფარება გააკეთა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე მასპინძლებმა ისევ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალები და გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ კვლავ გადამწყვეტ მომენტში ჯეისონ ტერიმ იყოჩაღა, როცა რიგითი სამქულიანი მოათავსა კალათში. მას წამოეხმარა მატჩის მთავარი გმირი შონ მერიონი და საქმე გაკეთებული იყო.

* * *
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში "ჰიუსტონმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მიაღწია - ოვერტაიმში მოუგო "ნიუ ორლეანს". "რაკეტებმა" თავად შეიქმნეს პრობლემები მეოთხე მეოთხედში, რომელშიც მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვეს. "ნიუ ორლეანი" თითქმის მთელი მატჩი მდევრის როლში იყო და საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე 10 ქულას აგებდა.

სტუმრებს სამი წუთი ეყოთ 8:0 გაქცევის მოსაწყობად და შემდეგ თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად, სადაც უკვე თავად დაწინაურდნენ ხუთი ქულით. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა თქვა სამუელ ლადემბერმა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა მეტოქის ფარზე და პარტნიორების შეცდომები გამოასწორა. ცენტრმა წუთნახევარში ხუთი ქულა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. "ჰორნეტსმა" მატჩის ხელმეორედ გადარჩენა ვერ შეძლო და ბოლო 13 მატჩში მეთერმეტედ დამარცხდა.

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 90:88 (ო)
32:27, 26:22, 17:14, 7:19, 8:6
ჰ: მარტინი (32+8 მოხსნა), ლი (17+3 ჩაჭრა), დალემბერი (15+17 მოხსნა), სკოლა (13).
ნ-ო: სმიტი (17+5 მოხსნა+3 დაფარება), ჯეკი (15+5 მოხსნა+7 პასი), ბელინელი (15), ოკაფორი (8+12 მოხსნა).

იუტა-დალასი 91:94
22:25, 28:34, 21:12, 20:23
ი: ჯეფერსონი (22+9 მოხსნა), მაილზი (17), მილსეპი (16+12 მოხსნა), ბურქსი (10).
დ: მერიონი (22+7 მოხსნა), ბობუა (17), ნოვიცკი (12+5 მოხსნა), ოდომი (11), ტერი (10), კიდი (2+5 მოხსნა+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული