ამ გუნდების პირველი შეხვედრა ახალ სეზონში "კლიპერსის" გამარჯვებით დასრულდა. დაუმატეთ ამას სეზონის წინ "კლიპერსის" მიერ მოგებული ორი საწვრთნელი მატჩი და დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ქალაქში ახალი ლიდერი გაჩნდა.
ბუნებრივია, მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ ეთანხმება "ლეიკერსი". კობი ბრაიანტის გუნდს გუშინ ძალიან უნდოდა თავისი ადგილი მიეჩინა გათავხედებული თანაქალაქელისთვის, ამიტომაც პირველივე წუთებიდან დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა.
ეს ბრძოლა უხეშობაში გადადიოდა და ჯამში ექვსი
ამ მატჩში დაუბრუნდა "კლიპერსს" კრის პოლი. პლეიმეკერმა მხოლოდ 28 წუთი ითამაშა, მაგრამ მოასწრო თანაგუნდელებისთვის 12 შედეგიანი პასის დარიგება. სწორედ პოლის ნიჭის წყალობით მის გუნდს მიჰყავდა თამაში სამი მეოთხედის განმავლობაში. თითქოს "ლეიკერსი" კიდევ ერთხელ უნდა დამარცხებულიყო, რადგან შეხვედრის ბოლოს, წესით, უფრო მეტი ძალა "კლიპერსის" ახალგაზრდებს უნდა დარჩენოდათ.
მაგრამ ამ ლოგიკამ არ იმუშავა. კობი ბრაიანტმა, რომელიც მანამდე ცუდად თამაშობდა (მესამე მეოთხედში 6 შეცდომა დაუშვა), მეოთხე მეოთხედში 12 ქულა დააგროვა და 11:4 გაქცევის მთავარი მოქმედი პირი იყო. ეს სპურტი საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე უორლდ პისის სამქულიანით დასრულდა - 87:82. მაიკ ბრაუნის შეგირდებმა უპირატესობა ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს, როცა თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა ენდრიუ ბინუმმა.
ცენტრმა თავიდან ურთულესი ბურთი ჩააგდო მეტოქის ფარში, შემდეგ კი საკუთარი კალათი დაიცვა, როცა დეანდრე ჯორდანს დაუფარა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა წარმატებაში "ლეიკერსის" მეორე "მაღალმა" - პაუ გასოლმა. ესპანელი ძალიან მაღალი სიზუსტით (13-დან 9 ზუსტი) ისროდა, აგრეთვე 10 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო მიმდინარე სეზონში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ახალბედა მცველის ენდრიუ გუდლოკის თამაში, რომელმაც მოულოდნელად ყველაზე საჭირო მომენტში გაისროლა. მანამდე მის ანგარიშზე ამ ჩემპიონატის განვლილ ყველა მატჩში 10 ქულა იყო, ახლა კი იგივე შედეგი დააფიქსირა მეორე მეოთხედის განმავლობაში.
ლეიკერსი-კლიპერსი 96:91
25:27, 24:24, 19:20, 28:20
ლ: ბრაიანტი (24+7 მოხსნა+6 პასი), პ. გასოლი (23+10 მოხსნა), ბინუმი (19+6 მოხსნა+4 დაფარება), გუდლოკი (14), ფიშერი (11).
კ: გრიფინი (26+9 მოხსნა), უილიამსი (16), ბატლერი (16+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯორდანი (11+5 მოხსნა), პოლი (4+12 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"