როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოვიდა. "ჰიტი" მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, სტუმრებმა კი ერთხელაც ვერ შეძლეს წინ გასვლა, თუმცა მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდნენ მეტოქეს. რამდენჯერმე "ჰიტმა" მინი-გაქცევა მოაწყო, მაგრამ "ჩიკაგოს" რიგებში ყოველთვის მოიძებნებოდა კალათბურთელი, რომელიც "მაიამის" მონდომებას წყალში ყრიდა.
თავიდან როუზმა ორი საჯარიმო ააცილა, არადა, აქამდე მიმდინარე სეზონში შარშანდელმა MVP-მ 29-დან 29 თავისუფალი ტყორცნა მოათავსა კალათში. შემდეგ იგივე გააკეთა ლებრონმა. ჯეიმსის მეორე აცილების შემდეგ მსაჯებსაც უღალატეს ნერვებმა, როცა დუეინ უეიდს არარსებული აუტი დაუფიქსირეს. გადაწყდა მოედნის ცენტრში სადაო ბურთის აგდება, რომელიც ლებრონმა მოიგო. ბუნებრივია, "ხარებმა" ჯარიმა აიღეს და მარიო ჩელმერსმა მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. საპასუხო შეტევაში როუზს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ მისი საშუალო ტყორცნა მიზანს აცდა, კრის ბოშმა კი თავისი საჯარიმოები ზუსტად ესროლა და "მაიამის" გამარჯვება მოუტანა.
მაიამი-ჩიკაგო 97:93
24:22, 32:29, 20:20, 21:22
მ: ჯეიმსი (35+11 მოხსნა+5 პასი), ბოში (24+12 მოხსნა), უეიდი (15+7 პასი).
ჩ: როუზი (34+6 მოხსნა+6 პასი), ჰემილტონი (11+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოა (11+11 მოხსნა+3 დაფარება), ბრიუერი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბუზერი (10+9 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"