პაუ გასოლმა "ლეიკერსი" გადაარჩინა

AutoSharing Option
10 თებერვალს ცენტრალური მატჩი ბოსტონში გაიმართა, სადაც უპრინციპულესმა მეტოქეებმა მორიგი თრილერი შემოგვთავაზეს (თანაც ოვერტაიმით). “ლეიკერსი” “სელტიქსთან” მატჩს ცუდი გასვლითი მაჩვენებლებით შეხვდა, “ბოსტონი” კი პირიქით, ბოლო დროს ათამაშდა და ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას გეგმავდა.

“ლეიკერსს” ჯიუტად გადაჰქონდა თამაში სამწამიანში, სადაც მას ბინუმი და გასოლი ჰყავდა. “ბოსტონმა” კი ეფექტური გუნდური თამაშის დალაგება სცადა. მასპინძლები ღირსეულად პასუხობდნენ სტუმრების მიერ შეთავაზებულ ძალისმიერ კალათბურთს - კევინ გარნეტი და ჯერმეინ ო’ნილი ახერხებდნენ პირველ ტაიმში “ლეიკერსის” “კოშკების” შეჩერებას.

მეტოქეებმა განსაკუთრებით იზრუნეს დაცვის გამაგრებაზე. საბოლოო ოქმში ვერც ერთმა
გუნდმა ვერ შეძლო თამაშიდან 40-პროცენტიანი სიზუსტის დაფიქსირება. “ბოსტონმა” მთლიანად მოახერხა პერიმეტრზე მეტოქის ნეიტრალიზება (1-15), მაგრამ, ტრადიციულად წააგო მოხსნები (45-55) და ქულები მეორე ცდიდან. მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთხელაც არ დაფიქსირებული ორნიშნა უპირატესობა.

თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. უნდა ითქვას, რომ მატჩის დასაწყისში ორივე გუნდის არც ერთ ლიდერს თამაში არ მისდიოდა. კობი ბრაიანტს პირველი ცხრა წუთის განმავლობაში ერთხელაც არ უსვრია ფარში, სამაგიეროდ, შემდეგ მოახერხა რამდენიმე ეფექტური საშუალო ტყორცნის რეალიზება. კობის მთელი მატჩის განმავლობაში მეურვეობდნენ რეი ალენი ან მიკაელ პიეტრუსი. მჭიდრო პრესინგის მიუხედავად, “ლეიკერსის” ლიდერმა მაინც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. პოლ პირსსა და კევინ გარნეტს კი ძირითადი დროის დიდი ნაწილი სირთულეები ჰქონდათ ტყორცნების რეალიზაციის მხრივ.

მეოთხე მეოთხედში გაქცევის არც ერთი მცდელობა არ ყოფილა. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე რეი ალენმა, როგორც იქნა, ჩააგდო სამქულიანი და “ბოსტონი” ორი ქულით გაიყვანა წინ. საპასუხო შეტევაში უოლდ პისი ვერ გახდა მატჩის გმირი - მან შორეული ტყორცნა ააცილა, თუმცა იქვე, გარნეტმა ვერ ჩააგდო საშუალო ტყორცნა.

მატჩის ბედის გადაწყვეტა კობიმ იკისრა, მაგრამ ვერც მისმა ტყორცნამ მიაღწია მიზანს, მაგრამ პირველად ამ მატჩში კალიფორნიელები გადაარჩინა გასოლმა, რომელმაც შეტევაში მოხსნა ბურთი და ის კალათში ჩადო...

ოვერტაიმი უკეთ სტუმრებმა დაიწყეს. თავიდან ბრიანტმა და მეტ ბარნსმა საშუალოდან ჩააგდეს და “ლეიკერსი” ოთხი ქულით დაწინაურდა. “ბოსტონის” მხრიდან უპასუხა პოლ პირსმა. “კელტების” კაპიტანმა ჯერ შორიდან გაისროლა, შემდეგ კი ურთულესი სამქულიანი ჩაიწერა აქტივში. პირსის “აფეთქებას" ბინუმმა ორი ქულა დაუპირისპირა. ეს ბოლო ზუსტი ტყორცნა იყო მატჩში.

ორჯერ სცადა “სელტიქსის” გადარჩენა გარნეტმა, მაგრამ ფარსაც ვერ მოარტყა. ბოლო წამებზე ააცილა პირსმაც, თუმცა ალენმა სასწაულებრივ მოხსნა ბურთი და მშვიდად ისროლა ფარისკენ, მაგრამ ბურთი იქამდე ვერ მივიდა. იმ მომენტში პაუ გასოლმა მეორედ გადაარჩინა თავისი გუნდი. სირენასთან ერთად ესპანელმა არ შეწყვიტა თამაში და შეძლო რეის ტყორცნის დაფარება.

ბოსტონი-ლეიკერსი 87:88 (ო)
26:22, 21:23, 17:22, 18:15, 5:6
ბ: ალენი (22+6 მოხსნა), პირსი (18+9 მოხსნა+7 პასი), რონდო (14+7 პასი), გარნეტი (12+12 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (27+5 მოხსნა), გასოლი (25+14 მოხსნა), ბინუმი (16+17 მოხსნა+3 დაფარება), ბარნსი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული