თამაშის პირველი წუთები ძალიან მოულოდნელად წარიმართა. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა სადებიუტო მეოთხედი პირწმინდად წააგო - 13:29. იმ მომენტისთვის 12 ქულა იყო მატჩის მომავალი გმირის მარტინის ანგარიშზე, სამი ბურთი ჩააგდო პარსონსმა, ხოლო დალემბერმა საწყის 12 წუთში 9 მოხსნის მოგროვება მოასწრო.
მაგრამ "ჰიუსტონის" უდიდესი უპირატესობა მალე გაქრა, რადგან მიზანი გაასწორა "ოკლაჰომას" სათადარიგომ ჰარდენმა. მისი სამქულიანით დაიწყო "თანდერის" სპურტი - 12:2, რითაც მეორე მეოთხედის შუაში სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა. დიდ შესვენებამდე წუთით
მესამე მეოთხედში დურანტის შორეული ტყორცნით "ოკლაჰომა" მატჩში პირველად გავიდა წინ. მაგრამ მისი ლიდერობა დიდხანს არ გაგრძელებულა - ამ მეოთხედში მარტინის 15 ქულამ "როკეტსს" უპირატესობა დაუბრუნა. "ჰიუსტონს" ისიც დაეხმარა, რომ ნერვებმა უმტყუნეს პერკინსს, რომელმაც არასასურველ მომენტში მიიღო ტექნიკური ჯარიმა.
ყველაზე დრამატული მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა. საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ისე ჩანდა, რომ "ოკლაჰომა" მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა. მართალია, სტუმრების უპირატესობა მხოლოდ სამი ქულა იყო, მაგრამ საეჭვოდ "დუმდა" მატჩის გმირი მარტინი, რომელმაც ამ მეოთხედში პირველი ზუსტი ტყორცნა სირენამდე 23 წამით ადრე შეასრულა. კევინმა ისარგებლა პერკინსის სულელური შეცდომით - ცენტრი მარტინზე საშუალო ტყორცნის შესრულებისას დაჯარიმდა და ჰიუსტონელმა ორივე თავისუფალი ჩააგდო.
"ჰიუსტონი" 96:95-ს იგებდა და სტუმრებს სრულფასოვანი შეტევისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. თავდაპირველად ორჯერ ააცილა დურანტმა, მაგრამ "ოკლაჰომამ" ორივეჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი, მოგვიანებით, უესტბრუკის შეტევა ტაქტიკური ჯარიმით შეაჩერა პატერსონმა - იმ მომენტისთვის "ჰიუსტონს" არ ჰქონდა ამოწურული პერსონალურების ლიმიტი. ტაიმ-აუტის შემდეგ ბურთი ისევ დურანტს მიუვიდა, რომელმაც ისევ ვერ დაძლია წინააღმდეგობა და ისევ ააცილა, თუმცა უესტბრუკს მიეცა რეალური შანსი გამხდარიყო მატჩის გმირი, მაგრამ დურანტის ნასროლს ცალი ხელით ვერ დაამატა.
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 96:95
29:13, 16:31, 30:29, 21:22
ჰ: მარტინი (32), სკოლა (15), პარსონსი (14+7 მოხსნა), ლოური (11+9 პასი), დალემბერი (2+12 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება).
ო: დურანტი (33+8 მოხსნა), უესტბრუკი (26+8 მოხსნა), ჰარდენი (17).
ისინი სამქულიანებს ისვრიან
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის მონაწილეები. ლიგის სნაიპერების შეჯიბრი 25 თებერვალს გაიმართება.
შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდება "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ჯეიმს ჯონსი. მისი კონკურენტები კი იქნებიან: რაიან ანდერსონი ("ორლანდო"), მარიო ჩელმერსი ("მაიამი"), ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), ენტონი მოროუ ("ნიუ ჯერსი") და კევინ ლავი ("მინესოტა").
სმიტს ლეიკერსმაც დაუმიზნა
ჩინეთიდან ამერიკაში დაბრუნებულმა ჯეი არ სმიტმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მოლაპარაკებები გამართა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარ მწვრთნელთან მაიკ ბრაუნთან. ეს ინფორმაცია კალიფორნიელთა დამრიგებელმაც დაადასტურა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ სმიტის დამატებით აგრეთვე "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და "ნიუ იორკ ნიქსი" იყვნენ დაინტერესებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"