NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ფორმატით ჩატენიან

AutoSharing Option
ჩატენვების კონკურსი, რომელიც 25 თებერვალს ორლანდოში "ვარსკვლავურ უქმეებზე" გაიმართება, ახალი ფორმატით ჩაივლის.

ოთხი მონაწილე სამ-სამ დანკს შეასრულებს, გამარჯვებულს კი მხოლოდ გულშემატკივრები გამოავლენენ კენჭისყრის გზით, რომელიც მაშინვე გაიხსნება, როგორც კი მოთამაშეები პირველ ცდას შეასრულებენ. ამჯერად მსაჯების შეფასებაზე უარი თქვეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ახალი ფორმატი მუდმივი.

რაც შეეხებათ მონაწილეებს, ოთხივე კონკურსანტი პირველად გამოდის ჩატენვების კონკურსში. ტიტულს გაითამაშებენ: დერიკ უილიამსი ("მინესოტა"), იმან შუმპერტი ("ნიუ იორკი"), ჩეიზ ბადინგერი ("ჰიუსტონი") და პოლ ჯორჯი ("ინდიანა").

* * *
ასევე ცნობილი გახდა დებიუტანტებისა და
"მეორეწლიანების" მატჩის შემადგენლობები. უყურადღებოდ არ დარჩენილა "ნიუ იორკის" გამთამაშებლის ჯერემი ლინის პროგრესი. თავდაპირველად ის არ იყო მიწვეული "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე", მაგრამ ახლა მისი თამაში სათანადოდ დააფასეს. მონაწილეთა რიცხვის ოცამდე ასაყვანად, დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" მატჩზე მიიწვიეს "მაიამის" ახალბედა ნორის კოული.

აქაც მატჩი ახალი ფორმატით ტარდება. ტელეკომპანია TNT-ის ანალიტიკოსებმა შაკილ ო'ნილმა და ჩარლზ ბარკლიმ ერთგვარი დრაფტის მეშვეობით აირჩიეს თავიანთი გუნდების შემადგენლობები. პირველ ნომრად არჩევის უფლება შაკს ჰქონდა, რომელმაც ბლეიკ გრიფინზე შეაჩერა არჩევანი.

ო'ნილის გუნდი: ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი), ჯერემი ლინი (ნიუ იორკი), რიკი რუბიო (მინესოტა), მარკიფ მორისი (ფინიქსი), კემბა უოკერი (შარლოტი), ლენდრი ფილდსი (ნიქსი), ნორის კოული (მაიამი), ბრენდონ ნაითი (დეტროიტი), ტრისტან ტომპსონი (კლივლენდი), გრეგ მონრო (დეტროიტი).

ბარკლის გუნდი: კაირი ირვინგი (კლივლენდი), დემარკუს კაზინსი (საკრამენტო), დერიკ უილიამსი (მინესოტა), პოლ ჯორჯი (ინდიანა), მარშონ ბრუქსი (ნიუ ჯერსი), ჯონ უოლი (ვაშინგტონი),. ტიაგო სპლიტერი (სან ანტონიო), ევან ტერნერი (ფილადელფია), გორდონ ჰეივორდი (იუტა), კოუი ლეონარდი (სან ანტონიო).

* * *
ამასობაში ირკვევა, რომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში", შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა, რომელსაც კვლავინდებურად ზურგის ტრავმა აწუხებს. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამიტომაც არსებობს ეჭვი იმაზე, რომ როუზი გამოტოვებს წლევანდელ "ოლ სტარს", რომელიც 26 თებერვლისთვის არის დანიშნული.

"შევხედავთ, როგორ იგრძნობს თავს როუზი უახლოეს პერიოდში. არ გვსურს მისი ჯანმრთელობის გამო რისკზე წასვლა. "ვარსკვლავური უქმეების" მოახლოებასთან ერთად ვილაპარაკებთ ამ თემაზე დაწვრილებით", - განაცხადა "ბულზის" დამრიგებელმა ტიმ ტიბოდომ.

მგლებს გასოლი შიათ
ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში, შესაძლოა, საინტერესო ტრეიდი განხორციელდეს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, "მინესოტა" კვლავაც ფიქრობს "ლეიკერსის" ფორვარდის - პაუ გასოლის ხელში ჩაგდებას. "მგლები" ესპანელის სანაცვლოდ ახალბედა დერიკ უილიამსსა და დრაფტში რამდენიმე არჩევანს თმობენ.

არსებობს ინფორმაცია, რომ "მინესოტა" სხვა კალათბურთელების არჩევასაც სთავაზობს "ლეიკერსს". ხელშეუხებელი მხოლოდ ორია - კევინ ლავი და რიკი რუბიო, რომლებიც არ იყიდებიან ან იცლებიან. სწორედ ამ უკანასკნელთან ესპანური დუეტის შესაქმნელად სურს "მინესოტას" ხელმძღვანელობას გასოლის" გადაბირება.

სხვათა შორის უფროსმა გასოლმა გუშინ თავის "ტვიტერზე" დაწერა - ეჭვი არ ეპარება, რომ "ლეიკერსის" ხელმძღვანელობა მის გაცვლას აპირებს:

"ჭორები ყოველდღე ვრცელდება. გუშინ წავიკითხე, რომ ჩემი პიროვნებით "მინესოტა" დაინტერესდა, რომელიც აგრძელებს საინტერესო გუნდის მშენებლობას. არის ინტერესი სხვა გუნდებიდან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ლეიკერსი" უბრალოდ კარგი შეთავაზებას ელოდება".

წელს გასოლის საშუალო სტატისტიკა 16.8 ქულას, 10.6 მოხსნასა და 3.0 პასს უდრის.

ინდიანა-ნიუ ჯერსი 93:88
21:29, 29:21, 14:15, 29:23
ი: გრეინჯერი (32+5 მოხსნა), უესტი (16+5 მოხსნა), ჰიბერტი (13+11 მოხსნა), ჯორჯი (11+5 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა).
ნ-ჯ: დ. უილიამსი (29+6 მოხსნა), ჰემფრიზი (24+10 მოხსნა+3 დაფარება), ბრუქსი (14+5 მოხსნა), შ. უილიამსი (8+9 მოხსნა+3 დაფარება).

პორტლენდი-კლიპერსი 71:74
27:20, 16:12, 17:20, 11:22
პ: ბატუმი (19+6 მოხსნა), კროუფორდი (19), მეტიუზი (16+5 მოხსნა).
კ: გრიფინი (21+14 მოხსნა), უილიამსი (17+6 მოხსნა), პოლი (13+6 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ჩიკაგო-ბოსტონი 89:80
18:24, 26:11, 16:24
ჩ: ბუზერი (23+15 მოხსნა+5 პასი), დენგი (23+10 პასი), ნოა (15+16 მოხსნა), უოტსონი (11).
ბ: რონდო (17+7 მოხსნა+8 პასი), გარნეტი (18+10 მოხსნა), პირსი (14), ალენი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული