ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარ შოუს ორლანდომ უმასპინძლა. პირთამდე სავსე "ემვეი ცენტრის" მოედანზე NBA-ის 24 საუკეთესო კალათბურთელი ვიხილეთ, რომლებიც ტრადიციულად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ნაკრებებს წარმოადგენდნენ. ორლანდოში "ოლ სტარი" მეორედ იმართებოდა. პირველად ამ ქალაქმა შოუს 1992 წელს უმასპინძლა.
აღმოსავლეთის გუნდს სათავეში ედგა "ჩიკაგოს" დამრიგებელი ტიმ ტიბოდო, დასავლეთს - სკოტ ბრუქსი "ოკლაჰომადან".
ექვსი კალათბურთელისთვის
შეხვედრა ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის პირად დაპირისპირებად გადაიქცა. მათ 36-36 ქულა დააგროვეს. ლებრონს ექვსი მოხსნა და შვიდი პასიც ჰქონდა, დურანტს - შვიდი მოხსნა, სამი პასი და ამდენივე ჩაჭრა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ამ ორს შორის უნდა აერჩიათ და საბოლოოდ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უპირატესობა დურანტს მიანიჭეს. ამ ფაქტორების შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.
გუშინდელი მატჩის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა "ლეიკერსის" ვარსკვლავი კობი ბრაიანტი. მან 27 ქულით დაასრულა შეხვედრა. გმირი კი იმის გამოა, რომ მესამე მეოთხედში ჩატენვის შემდეგ, მან "ოლ სტარის" საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ჩამოართვა ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს, რომლის რეკორდი 262 ქულას უდრიდა. ბრაიანტმა არა მხოლოდ ჯორდანს, არამედ ოსკარ რობერტსონსა (246 ქულა) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (251) გაუსწრო. შედეგიანობის ახალი რეკორდი ახლა კობის ეკუთვნის და ის 271 ქულას უტოლდება.
ამ მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა - პირველ ტაიმში დასავლეთმა 89 ქულა ჩააგდო, რაც "ყველა ვარსკსკვლავის მატჩში" არასოდეს მომხდარა. და კიდევ ერთი გმირის შესახებ. ლებრონის თანაგუნდელმა დუეინ უეიდმა 24 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი დააგროვა და მესამე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც "ოლ სტარზე" სამმაგი დუბლი შეასრულა.
* * *
რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, თითქმის მთელი მატჩი დასავლეთი ლიდერის რანგში იყო. მან თავიდანვე შეძლო გაქცევა - 7:0. ამასთან, პირველ წუთებში ნაკლები იყო ეფექტური კომბინაციები და გუნდები, ძირითადად, საშუალო და შორი მანძილებიდან სროლებით აგროვებდნენ ქულებს. შემდეგ კი ვარსკვლავებს ჰქონდათ კარგი მონაკვეთი, როცა მაყურებელმა უხვად იხილა ჩატენვები, დაფარებები და ლამაზი კომბინაციები. ქულების დაგროვებაში ყველაზე მონდომებულები იყვნენ ბრაიანტი და ჯეიმსი.
თუ "ლეიკერსის" ლიდერი თავის სნაიპერულ ანგარიშს საშუალო მანძილიდან ტყორცნებით ავსებდა, "მეფე" მხოლოდ ჩატენვებს ანიჭებდა უპირატესობას. მეოთხედის შუაში გუნდები ისევ სროლებზე გადავიდნენ. პუბლიკა ბლეიკ გრიფინმა გამოაღვიძა, რომელმაც ეფექტური ჩატენვა შეასრულა. პირველი 12 წუთი დასავლეთმა მოიგო - 39:28.
აღმოსავლეთი მეტად მოდუნებული ჩანდა. პოლ პირსმა ბურთის შეტანის დროს პირდაპირ მეტოქეს გადაულოცა შეტევა, იერიშებისას კი ტიბოდოს შეგირდები მუდმივად კარგავდნენ ბურთს. შედეგად, დასავლეთი მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას. კალათბურთელები საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ხშირად გაეხარებინათ ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი.
ეს საკითხი უფრო მეტად აღმოსავლეთის გუნდს აღელვებდა. უეიდი, ჯეიმსი და კომპანია ზედიზედ რაღაც ახალს იგონებდა შეტევაში, მაგრამ ბურთი ჯიუტად არ ჩადიოდა კალათში.
საბოლოოდ, დიდი შესვენებისთვის დასავლეთის უპირატესობა უკვე 19 ქულას შეადგენდა - 88:69.
მესამე მეოთხედში სიტუაცია მოედანზე დიდად არ შეცვლილა. მხოლოდ ჯეიმსმა იზრუნა შედეგზე და ზედიზედ რამდენიმე სამქულიანი ჩააგდო. ამასთან, უეიდმა კობის გარღვევის შეჩერება სცადა და ბრაიანტს ცხვირი გაუტეხა. ჯეიმსის მონდომებით აღმოსავლეთმა შეამცირა ჩამორჩენა შვიდ ქულამდე. შედეგიანობის მიხედვით "მეფეს" მხოლოდ დურანტი უსწრებდა.
ბოლო მეოთხედის წინ დასავლეთი 124:112-ს იგებდა. დირკ ნოვიცკისა და კევინ ლავის ზუსტმა ტყორცნებმა ეჭვქვეშ დააყენეს აღმოსავლეთის პერსპექტივები. ამასთან, ჯეიმსი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ტიბოდოს გუნდის შედეგიანობა. როგორც კი "მეფე" მოედანზე დაბრუნდა, აღმოსავლეთის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, 22 წამით ადრე კი ბრუქსის შეგირდების უპირატესობა მხოლოდ ერთი ქულა იყო. მაგრამ ბოლო წამებზე ჯეიმსმა არაზუსტი პასი გააკეთა და თავის გუნდს მოგების შანსი დაუკარგა. აი, ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ გახდა ლებრონი ამ მატჩის MVP. მეორე ფაქტორი ის იყო, რომ მატჩი დურანტის დასავლეთმა მოიგო - 152:149.
ოლ სტარის ფაქტები
- კევინ დურანტმა და ლებრონ ჯეიმსმა 36-36 ქულა დააგროვეს. ეს მეორე შემთხვევაა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ისტორიაში, როცა ორმა კალათბურთელმა ერთდროულად მოიპოვა მინიმუმ 35 ქულა. ესენი იყვნენ მინესოტელი კევინ გარნეტი (37 ქულა) და ფილადელფიელი ალენ აივერსონი (35). ეს მოხდა 2003 წლის "ოლ სტარზე".
- შარშან კევინ დურანტმა 34 ქულა დააგროვა "ყველა ვარს
კვლავის მატჩში", წელს მისი მონაგარი 36 ქულა იყო. ოკლაჰომელი პირველი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ "ოლ სტარზე" მოიპოვა 30 ან მეტი ქულა.
- დასავლეთმა და აღმოსავლეთმა ჯამში 301 ქულა დააგროვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ძირითად დროში დასრულებული მატჩებისთვის. 303 ქულა დაფიქსირდა 1987 წელს, ოღონდ მაშინ შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გაირკვა.
- კობი ბრაიანტმა ზედიზედ მეცამეტე "ოლ სტარი" დაიწყო სასტარტო ხუთეულში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ყველა დროის რეკორდსმენებს - ქარიმ-აბდულ ჯაბარს, ბობ კოუზისა და მაიკლ ჯორდანს.
აღმოსავლეთი-დასავლეთი 149:152
28:39, 41:49, 43:36, 37:28
აღმოსავლეთი
წთ თ-ტ 3 ქ თ-ტ მ პ შ ჩ დ ფ ქ
უეიდი 32:54 11-15 0-1 2-2 10 10 4 2 0 4 24
როუზი 18:17 6-8 2-2 0-0 1 3 2 0 0 1 14
ჰოვარდი 31:10 4-9 0-4 1-2 10 3 1 0 1 4 9
ჯეიმსი 32:09 15-23 6-8 0-0 6 7 4 0 0 2 36
ენტონი 30:20 7-15 0-3 5-7 9 0 0 2 0 0 19
ბოში 20:08 3-9 1-2 0-0 2 1 1 2 1 2 7
დ. უილიამსი 18:08 8-11 4-7 0-0 3 4 0 1 0 2 20
რონდო 15:34 1-3 0-0 0-0 2 8 4 0 0 1 2
იგუოდალა 14:11 6-7 0-1 0-0 4 2 1 1 1 0 12
პირსი 11:07 1-8 1-4 0-0 2 0 2 0 1 1 3
ჰიბერტი 10:11 1-3 0-0 1-1 3 1 0 0 0 0 3
დენგი 5:51 0-2 0-0 0-0 0 1 0 0 0 0 0
დასავლეთი
წთ თ-ტ 3 ქ ს მ პ შ ჩ დ ფ ქ
ბრაიანტი 34:48 9-17 2-5 7-8 1 1 1 2 0 2 27
პოლი 30:57 3-7 2-5 0-0 5 12 2 1 0 1 8
ბინუმი 5:31 0-3 0-1 0-0 3 1 0 1 1 0 0
დურანტი 37:23 14-25 3-8 5-7 7 3 2 3 0 0 36
გრიფინი 31:26 9-12 1-2 3-6 8 3 1 2 0 3 22
უესტბრუკი 27:31 10-17 1-4 0-2 5 2 1 2 0 3 21
ლავი 18:24 7-12 2-4 1-3 7 1 1 3 0 0 17
ნოვიცკი 13:44 3-8 1-5 0-0 4 1 0 0 0 1 7
მ. გასოლი 13:32 2-5 0-0 0-0 3 0 1 0 0 2 4
პარკერი 12:16 3-5 0-0 0-0 2 4 1 0 0 0 6
ოლდრიჯი 9:48 2-5 0-0 0-0 1 1 0 0 0 0 4
ნეში 4:40 0-0 0-0 0-0 0 4 1 0 0 0 0
შენიშვნა: წთ - წუთი; თ-ტ - თამაშიდან ტყორცნა; 3 ქ - 3-ქულიანები; ს - საჯარიმოები; მ - მოხსნა; პ - პასი; შ - შეცდომა; ჩ - ჩაჭრა; დ - დაფარება; ფ - ფოლი; ქ - ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"