ფავორიტები
ოკლაჰომა. აი, რა შედეგი მოაქვს თანმიმდევრულ მუშაობას. გუნდში ქულების 95 პროცენტს ის მოთამაშეები აგროვებენ, რომლებიც შარშანაც ირიცხებოდნენ შემადგენლობაში.
კევინ დურანტი რჩება ყველაზე ფეთქებად ბომბარდირად და სანამ მისი მეგობარი რასელ უესტბრუკი თავისი ტრიუკების გამოყენებას სწავლობს, კევინი შეუჩერებელია. დიდები საიმედოდ თამაშობენ: სერჟ იბაკა თავის ფართან ერთ-ერთი საუკეთესოა დაცვაში და ამ მხრივ, მხოლოდ დუაიტ ჰოვარდს ჩამორჩება.
მაიამი. სანამ დუეინ უეიდი სხვადასხვა ტრავმას ებრძოდა, ლებრონ ჯეიმსის წყალობით "მაიამი" მაღალ დონეს ინარჩუნებდა. კრის ბოში წარმატებით ჩაერთო თამაშში და ვაკუუმი ამოავსო, ხოლო ახალბედა ნორის კოული, რომელიც მანამდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, სასიამოვნო აღმოჩენა გახდა.
"მაიამიზე" მეტ ქულას არავინ აგროვებს, მათ დაცვას კი შეუძლია ძალიან მჭიდროდ თამაში. თუმცა საკითხი იგივეა, როგორც შარშან ჟღერდა: შეძლებს თუ არა ჯეიმსი აჩვენოს საკმარისი დონე მეოთხე მეოთხედში და ამოუდგება თუ არა მას მხარში უეიდი?
ჩიკაგო. "ბულზი" კვალში უდგას "ჰიტს". და ეს თავისი უძვირფასესი მოთამაშის დერიკ როუზის გარეშე გააკეთა. როგორ? არავინ არ თამაშობს დაცვაში "ჩიკაგოზე" უკეთ. ლუოლ დენგი თავის შესაძლებლობებს სრულად იყენებს და "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" გამოძახება მიიღო. თუ როუზი ჯანმრთელობას შეინარჩუნებს და რიჩარდ ჰემილტონი მოახერხებს ტრავმების მოშუშებას, აღმოსავლეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბოლომდე არაფერი იქნება გადაწყვეტილი.
აგრძელებენ ბრძოლას
სან ანტონიო. "ბებრები" ბოლო ბრძოლაში არიან ჩამბულნი. უკანასკნელად, როცა სეზონი ლოკაუტის გამო შეამცირეს, "სპურსმა" 1999 წელს ტიტული მოიგო. ეყოფათ თუ არა მათ ძალები ამ სეზონში იგივეს გასაკეთებლად? ტიმ დანკანმა დაამტკიცა, რომ ისევ შეუძლია თამაშში 20 ქულისა და 10 მოხნის დაგროვება. და მაინც, მთავარი საკითხი - გუნდის ჯანმრთელობაა (მანუ ჯინობილი და ტიაგო სპლიტერი ტრავმის გამო არ თამაშობენ).
დალასი. ერთი შეხედვით ამის თქმა რთულია, მაგრამ "მავერიქსი" ახლოსაა საჩემპიონო ფორმასთან. დირკ ნოვიცკიმ ერთი კვირა აიღო კონცენტრაციის მოსაკრეფად და ახლა, როგორც ჩანს, ისევ ის მოთამაშეა, რომელიც ფინალებში საკუთარ ემოციებს გაუმკლავდა. ჯეისონ ტერი საიმედოდ აგროვებს ქულებს, "დალასი" კი ერთადერთ გუნდად რჩება, რომლისაც "ოკლაჰომას" პლეი ოფში უნდა ეშინოდეს.
ორლანდო.
აქ ყველაფერი გაურკვეველია. არავინ იცის, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე (15 მარტი) გაცვლიან თუ არა დუაიტ ჰოვარდს. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, "სუპერმენი" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი გუნდი პლეი ოფში გავიდეს. "მეჯიქი" საკმარისად აგროვებს ქულებს და საკმარისად კარგად იცავს თავს იმისთვის, რომ პანიკა დათესოს "ბულზისა" და "ჰიტის" რიგებში. ხოლო 7-მატჩიან სერიებში ისეთი სნაიპერებით, როგორებიც არიან რაიან ანდერსონი, ჯეისონ რიჩარდსონი და ჯეი ჯეი რედიკი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
პრეტენდენტები
ლეიკერსი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გუნდის შეფს ჯიმ ბასს არ სურს ან არ ინდომებს, რომ "ლეიკერსი" რეალური საფრთხე გახდეს. დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ კალიფორნიული გრანდი პლეი ოფის პირველ რაუნდს ვერ გასცდეს.
ინდიანა. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, "პეისერსში", როგორც იქნა, გარდაქმნეს გუნდი. პოლ ჯორჯის გამოჩენა სიუპრიზი აღმოჩნდა, დევიდ უესტს ჯერ არ უჩვენებია რეალური ძალა. ეს გუნდი თუ პლეი ოფში გავა, ნებისმიერი მეტოქისთვის შეიძლება "კერკეტი კაკალი" გახდეს.
ნიუ იორკი. ეჭვგარეშეა, რომ ჯერემი ლინი ამერიკის კერპია, "ნიქსმა" კი მისი გამოჩენით კარგად დაიწყო თამაში. მაგრამ ლინს ჯერ არ უთამაშია საუკეთესო მცველის (დერიკ როუზი) წინააღმდეგ და არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს ამ დუელში. კარმელო ენტონიმ და ამარე სტაუდმაიერმა უნდა გადახედონ საკუთარ თამაშის სტილს და გააკეთონ ის, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ - დაცვას მიხედონ.
MVP-ის კანდიდატები
ლებრონ ჯეიმსი. სტატისტიკის მიხედვით, ლებრონისთვის ეს სეზონი უკეთესია იმ ჩემპიონატებზე, როცა ის MVP ხდებოდა (2009, 2010). ჯეიმსი ინარჩუნებს ამ მაჩვენებელებს, იმ დროს, როცა დუეინ უეიდმა ნაკლებად ეფექტურად დაიწყო მოქმედება. თუ ლებრონი ასევე გააგრძელებს, მესამე MVP-ის ტიტული მას ჯიბეში ექნება.
კევინ დურანტი. მხოლოდ მას შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ლებრონ ჯეიმსს. დურანტის მაჩვენებლები ყველა მიმართულებით იზრდება, როცა სხვების სტატისტიკა ეცემა. ის მომავალი 10 წლის განმავლობაში მუდმივად MVP-ის კანდიდატთა რიცხვში იქნება.
კობი ბრაიანტი. ის ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ 16 სეზონის შემდეგ, შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს ძველ დონეზე. ის ძალიან ბევრს აგდებს (28.5), საშუალო მაჩვენებლები ისეთივე აქვს, როგორიც მაიკლ ჯორდანს (5.8 მოხსნა და 4.9 პასი). სინამდვილეში მისი მაჩვენებლები ძალიან ჰგავს ჯორდანისას, როცა ეს უკანასკნელი 35 წლის ასაკში ბოლოჯერ გახდა MVP (1998).
საუკეთესო ახალბედები
კაირი ირვინგი. ის არის კალათბურთელი, რომელზეც "კავალიერზი" ოცნებობდა. მან გაამართლა მოლოდინი - აგროვებს 18 ქულას და თითქმის 5 პასს. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გააჩუმოს სკეპტიკოსები, ვინც მიიჩნევდა, რომ "დიუკის" კურსდამთავრებულისთვის ერთი სეზონი საკმარისი არ იქნებოდა ლიგაში დასამკვიდრებლად.
რიკი რუბიო. ამ შემთხვევაშიც მრავლად იყვნენ კრიტიკოსები. რუბიოს თამაშმა "მინესოტას" მოუტანა ფანტაზია, რაც მას ასე არ ჰყოფნიდა. რიკის უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ესპანელის მისვლით "მგლებმა" სახე იცვალეს.
ყველაზე დიდი სიუპრიზი
ჯერემი ლინი. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობთ მისი პიროვნების მიმართ გადამეტებულ ყურადღებაზე ან მის სტაბილურობაზე. ერთი რამ ცხადია - ლინმა თამაში იცის. ის იდეალურად ერგება მაიკლ დ'ენტონის სისტემას და თავის როლს შესანიშნავად ასრულებს.
მინესოტა. დიახ, "მინესოტა" პლეი ოფში მოხვედრის ზღვარზე თამაშობს, მატჩების 50 პროცენტს პირველად იგებს მას შემდეგ, რაც გუნდიდან კევინ გარნეტი წავიდა. და ეს ყველაფერი რიკი რუბიოსა და კევინ ლავის დამსახურებით. როგორც კი ლავს გრძელი გარღვევების შესრულებას აუკრძალავენ, "მგლები" კიდევ უფრო წინ წაიწევენ ცხრილში.
ლოს ანჯელეს კლიპერსი. კრის პოლის შეძენის შემდეგ "კლიპერსზე" ხშირად დაიწყეს ლაპარაკი. საუბრობენ იმაზე, როგორ შეცვალა ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა გუნდის აზროვნება. მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება იმის შესახებ, რამდენად შორს წაიწევს წინ ეს გუნდი პლეი ოფში.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება
ბოსტონი. ბევრი ელოდა "სელტიქსისგან" ისეთივე თამაშს, როგორსაც "სპურსი" აჩვენებს. ამის ნაცვლად გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ რაჟონ რონდო შეიძლება გაცვალონ, ან დაიშალოს "დიდი ტრიო". "ბოსტონი" უკვე თამაშების 50 პროცენტსაც ვეღარ იგებს. რა შეიძლება ამან მოიტანოს რთული სათქმელია, თუმცა "კელტები" სეზონის ბოლოს ყოველთვის კარგად თამაშობენ.
მილუოკი. სტივენ ჯექსონის მისვლის შემდეგ ყველა ელოდა, რომ მოუხერხებელი "ბაქსი" შეძლებდა მორიგი ნაბიჯის გადადგმას. ამის ნაცვლად, ჯექსონს წასვლა უნდა, ბრენდონ ჯენინგსი კი მარტო ვერ მიათრევს გუნდს. მომავლის თვალსაზრისით, გუნდს რთული მდგომარეობა აქვს.
ლეიკერსი. კალიფორნიელებმა დიდი ამბიციებით დაიწყეს სეზონი. ახლა კი... მათ თითქმის უფასოდ გაუშვეს ლამარ ოდომი, არ ითვლებიან ფავორიტად დუიატ ჰოვარდისთვის რბოლაში და უბრალოდ ანიავებენ იმას, რაც კობი ბრაიანტის ბოლო წლებისგან არის დარჩენილი.
მწვრთნელები, რომლებსაც განთავისუფლება ემუქრებათ
მაიკ დ'ენტონი. ჯერემი ლინის გამოჩენის შემდეგ დროებით მოიხსნა დღის წესრიგიდან მწვრთნელის გაშვების საკითხი. მას შემდეგ, რაც "ნიქსმა" თამაში გააუმჯობესა, კლუბში მის მიმართ სიმპატიამ იკლო. ასევე გუნდში დაძაბული ურთიერთობაა დ'ანტონისა და კარმელო ენტონის შორის. NBA-ში მოთამაშეებს საკმარისი ძალაუფლება გააჩნიათ, ამიტომაც ნებისმიერი ჩავარდნა ან მოგებათა რაოდენობის 50 პროცენტზე დაბლა ჩამოსვლა "ნიუ იორკის" დამრიგებლის აუცილებელ განთავისუფლებას გამოიწვევს.
პოლ სილასი. წესით, ის არ უნდა იყოს ამ სიაში, რადგან ლიგის ყველაზე სუსტ გუნდში - "შარლოტში" მუშაობს. მაგრამ კატასტროფული შედეგები (4-28) და ძველი ტაქტიკის გამოყენება სილასს გაგდების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცევს.
საუკეთესო სამწვრთნელო მუშაობა
დაგ კილინზი. კოლინზი ყოველთვის ასე იქცეოდა - მიდიოდა ახალ გუნდში და უკვე მეორე სეზონში მას მოგებათა 60 პროცენტს უნაღდებდა. ასევე მოიქცა ის "ფილადელფიაში", რომელშიც არ თამაშობენ სუპერვარსკვლავები და სადაც სუსტი სათადარიგოთა სკამია. იმის გამო, რომ გუნდის დონე არ იძლევა ჩემპიონობაზე ფიქრის საშუალებას, კოლინზის მახვილგონივრულობა და პოზიტიური ხასიათი "ფილადელფიას" კარგ განწყობაზე ამყოფებს.
გრეგ პოპოვიჩი. ხალხი ელოდება, რომ "სპურსს" ჩავარდნა დაეწყება, მაგრამ პოპოვიჩი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"