ლუოლ დენგს ფესვები ახსოვს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დასაჯოს "ჩიკაგოს" ფორვარდი ლუოლ დენგი. ამის მიზეზი ის არის, რომ კალათბურთელს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" დროს მაისურზე აფრიკის კონტინენტი ჰქონდა დახატული. თუმცა თავად დენგი ამბობს, რომ არ აშინებს მოსალოდნელი სანქციები.

კალათბურთელი, რომელიც სუდანშია დაბადებული და ბრიტანეთის ნაკრებში თამაშობს, ბრიტანეთის პირველი წარმომადგენელი გახდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

"არ მეწყინება თუ სანქციებს დამადებენ, - აცხადებს დენგი. - ცუდი არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, მახსოვს ჩემი ფესვები და ჩემი ნამდვილი სახლი. დარწმუნებული ვარ, ბევრი აფრიკელი ბავშვი ჩემი მაისურის დანახვაზე უდიდეს სიხარულს
იგრძნობდა. ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი".

ოდომს დალასიდან არ გაუშვებენ
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა გამოაცხადა, რომ არ აპირვებს ფორვარდ ლამარ ოდომის კონტრაქტის გამოსყიდვას. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა 22 თებერვალს გუნდი ოჯახური გარემოებების გამო დატოვა.

"ჩვენ არ განვიხილავთ ოდომის გუნდიდან გაშვებას. ამას არ გავაკეთებთ. გვინდა დავეხმაროთ მას პირად პრობლემების დაძლევაში და იმედი გვაქვს, რომ ის ამ სეზონში დიდ წვლილს შეიტანს გუნდის წარმატებაში. მოთამაშეებს აქვთ ცხოვრებაში რთული მომენტები და მათ ჩვენი მხადაჭერა სჭირდებათ", - ამბობს ქიუბანი ამერიკულ პრესაში.

ნეტსი გრინს გასინჯავს
"ნიუ ჯერსი ნეტსმა" 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ჯერალდ გრინთან. შეგახსენებთ, რომ ეს კალათბურთელი 2007 წელს ჩატენვების კონკურსის ჩემპიონი გახდა.

NBA-ში გრინს 181 მატჩი აქვს ჩატარებული. ის "ბოსტონის", "მინესოტას", "ჰიუსტონისა" და "დალასის" შემადგენლობაში თამაშობდა და საშუალოდ 7.5 ქულასა და 2.0 მოხსნას აგროვებდა.

ამ სეზონში ჯერალდი D-ლიგის კლუბ "დიფენდერსში" თამაშობს. გასულ უქმეებზე გრინი D-ლიგის "ოლ სტარის" საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

ტორონტო ბარბოზას იშორებს
"ტორონტოს" თავის ბრაზილიელი მცველი ლეანდრო ბარბოზას გაცვლა აქვს ჩაფიქრებული. როგორც ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პარალელურად, კანადური კლუბი თავისუფალი აგენტის უილსონ ჩენდლერის ხელში ჩასაგდებად იბრძვის. ეს კალათბურთელი ახლახანს დაბრუნდა ჩინეთიდან.

წელს ბარბოზას საშუალო მონაგარი 12.0 ქულა, 1.4 პასი და 1.8 მოხსნაა.

ვაშინგტონი ბლეტჩს გაცვლის
იგივე გეგმები აქვს ფორვარდ ანდრე ბლეტჩთან დაკავშირებით "ვაშინგტონ უიზარდსაც". დედაქალაქური კლუბი ამ კალათბურთელის ტრეიდზე მუშაობს, მაგრამ ჯერ ვერ იპოვნა გაცვლისთვის პარტნიორი.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავად ბლეტჩსაც სურს სხვა გუნდში გადასვლა და კარიერაში ახალი ეტაპის დაწყება. ამ სეზონში 25 წლის ფორვარდი საშუალოდ 10.3 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებს.

კიდი ნეტსში დაბრუნებაზე ფიქრობს
"დალას მავერიქსის" გამთამაშებელი ჯეისონ კიდი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, არ გამორიცხავს "ნიუ ჯერსიში" დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ "ნეტსის" რიგებში 38 წლის კალათბურთელი 2001-08 წლებში თამაშობდა.

"არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ მე "ნიუ ჯერსიში" დავბრუნდები, - ამბობს ESPN-თან კომენტარში კიდი. - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოვისურვებ თუ არა კარიერის გაგრძელებას. თუ დიდ კალათბურთში დარჩენა გადავწყვიტე, უნდა ვნახო რას შემომთავაზებს "დალასი". მაგრამ "ნეტსის" სავარაუდო წინადადებაზე სერიოზულად დავფიქრდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული